სიახლეები

2022.01.24

პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს

    

ამ დრომდე, საქართველოს პარლამენტის საქმიანობა რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებზე შემოიფარგლება ორი დახურული შეხვედრის გამართვით საპარლამენტო ფორმატში. საკითხზე რაიმე გადაწყვეტილება ან გამოხმაურება პარლამენტის მიერ არ ყოფილა მიღებული. ამასთან, განხილვის გარეშეა დარჩენილი საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ჯერ კიდევ დეკემბერში ინიციირებული პარლამენტის რეზოლუციის პროექტები.      

ქვეყნის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით პარლამენტისთვის მინიჭებული როლი მისგან მოითხოვს აქტიურ მოქმედებას და გამორიცხავს აღნიშნული ამოცანების შესრულებას პასიური პოლიტიკის გატარებით. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი განამტკიცებს ქვეყნის ევროატლანტიკურ საგარეო კურსს. 2013, 2016 და 2020 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრით, პარლამენტმა უფრო კონკრეტულად ჩამოაყალიბა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ვექტორი: ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების მიმართულებით; რუსეთთან მიმართებაში, დეოკუპაციისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით; ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და მოკავშირესთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

ამავე დოკუმენტით საქართველოს პარლამენტმა საკუთარ თავს პრიორიტეტად განუსაზღვრა საგარეო პოლიტიკის წარმართვაში პარლამენტის აქტიური მონაწილეობა საზედამხედველო და სხვა ფუნქციების შესრულებით. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და აკონტროლებს მთავრობას.

ცხადია, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის გააქტიურება და მოსალოდნელი საომარი მოქმედებები გავლენას იქონიებს საქართველოს უსაფრთხოებასა და განვითარებაზე, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს; ხანგრძლივი გავლენა ექნება როგორც საქართველოს მოსახლეობაზე, ისე ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე სხვადასხვა მიმართულებით. ამასთან, ბოლო პერიოდში დასავლელი პარტნიორების მიერ მმართველი ხელისუფლების არაერთი გადაწყვეტილება იქნა შეფასებული საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის დამაზიანებლად (სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებელი ორგანოს გაუქმება; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიების შესუსტება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესის ცვლილება და სხვა).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იკვეთება პარლამენტის, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე ოპოზიციის მნიშვნელოვანი როლი, მიმართულება განუსაზღვროს და შეითანხმოს მთავრობის კონკრეტული მოქმედებები, მათ შორის:

- რეზოლუციის თუ სხვა ფორმით გადაწყვეტილებების მიღების გზით განსაზღვროს ქვეყნის მიმართულება საგარეო, თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით, რომელიც სახელმძღვანელო იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის.

- ხალხის სახელით დააფიქსიროს პოზიცია უკრაინის გარშემო მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში.

- გააკონტროლოს შექმნილ ახალ ვითარებაში მთავრობის მიერ დაგეგმილი ნაბიჯების შესაბამისობა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსთან.

 აღნიშნულის გათვალისწინებით, საპარლამენტო უმრავლესობამ:

- 2022 წლის 13 იანვარს საქართველოს პარლამენტში გამართა ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, სადაც დახურულ რეჟიმში განხილული იყო ევროპის უსაფრთხოების საკითხები. სხდომის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ სხდომა მიზნად ისახავდა ორი მინისტრის მოადგილისგან ინფორმაციის მიღებას აშშ-სა და რუსეთს და ნატოსა და რუსეთს შორის გამართული შეხვედრების შესახებ.

- 2022 წლის 14 იანვარს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა დახურულ სხდომაზე განიხილა საკითხი „გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემო, მიმდინარე პროცესების გავლენა საქართველოს უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებზე.“ აღნიშნულ სხდომაზე მოუსმინეს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს და რამდენიმე სხვა თანამდებობის პირს.    

- 2021 წლის მორიგი საშემოდგომო და რიგგარეშე სესიები ისე დაასრულა, რომ არც კი განიხილა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების (მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური, გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, ალექსანდრე მოწერელია) მიერ ჯერ კიდევ 2021 წლის 21 დეკემბერს ინიცირებული რეზოლუციის პროექტი „უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ,“ ასევე, 2021 წლის 13 დეკემბერს ოპოზიციის წარმომადგენლების (სალომე სამადაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი, არმაზ ახვლედიანი) მიერ ინიციირებული რეზოლუციის პროექტი „საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე.“

- ამ დროისთვის, უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტს რაიმე გადაწყვეტილება, რეზოლუციის ან სხვა სახით არ მიუღია.

 ოპოზიციამ:

- მართალია დააინიცირა პარლამენტის რეზოლუციის პროექტები, თუმცა, არ გამოუყენებია შესაძლებლობა მოეთხოვა პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევა აღნიშნული რეზოლუციების დროულად განხილვის მიზნით. კონსტიტუციის თანახმად, საამისოდ პარლამენტის წევრთა 38 ხმა არის საკმარისი, ხოლო 48 საათის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ აქტის გამოუცემლობა პარლამენტს ხდის უფლებამოსილს შეიკრიბოს რიგგარეშე სესიაზე.

- საპარლამენტო ოპოზიციას არც აღმასრულებელი ხელისუფლებისგან საპარლამენტო ფორმატში ინფორმაციის მიღების მექანიზმების გამოყენება მოუთხოვია ქვეყნისთვის მოსალოდნელი საფრთხეების, მთავრობის ნაბიჯების და გეგმების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და ქვეყნის მიმართულების განსაზღვრისთვის.

 მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციას:

- საპარლამენტო ფორმატში, აქტიურად გამართონ შეხვედრები მთავრობის წევრებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირების მონაწილეობით, არა მხოლოდ დახურული, არამედ ღია წესით, მოსალოდნელი საფრთხეების, მთავრობის ნაბიჯების და გეგმების შესახებ სამსჯელოდ.

- ბოიკოტში მყოფმა ოპოზიციამ შეწყვიტოს ბოიკოტი და აქტიურად ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში, რათა საპარლამენტო ოპოზიციას მიეცეს შესაძლებლობა სრულად გამოიყენოს მისთვის განკუთვნილი საპარლამენტო ბერკეტები.