სიახლეები

2020.03.28

დამოუკიდებელი იურისტების და სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი პარლამენტს მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების სიას მხარი არ დაუჭიროს

 

დამოუკიდებელი იურისტების და სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი პარლამენტს მოუწოდებს არ დაუჭიროს მხარი მიმდინარე წლის სექტემბერში წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20 კაციან სიას შემდეგი მიზეზების გამო:

1. კანდიდატები ნომინირებულები არიან კლანის მიმართ ლოიალობის ნიშნით 

სასამართლო სისტემას მართავს მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი - კლანი, რომელიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ჩამოყალიბდა, როგორც მოსამართლეებზე ზეწოლის და პოლიტიკური დაკვეთების შესრულების მექანიზმი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც იმყოფება  კლანის სრული კონტროლის ქვეშ, მოსამართლეებს არჩევს არა მათი კომპეტენტურობის და ღირებულებებისადმი ერთგულების, არამედ კლანისადმი მორჩილების ნიშნით. გასაუბრებებთან ერთად ამას ასევე ადასტურებს ისიც, რომ 20 კანდიდატიდან სულ მცირე 12 არის კლანის ლიდერთან - მიხეილ ჩინჩალაძესთან სამსახურებრივად მჭიდროდ დაახლოებული პირი. 

2. კონკურსს გამოეთიშნენ სასამართლო სისტემის მიღმა მყოფი იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები

სასამართლოში არსებული არასახარბიელო ვითარების გამო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა არ მიიღო ბევრმა ცნობილმა იურისტმა, ადვოკატმა, სამართლის მეცნიერმა. კონკურსში მონაწილე „გარე იურისტების“ მხოლოდ მცირე ნაწილმა გადალახა პირველი ფარული კენჭისყრის ეტაპი, ხოლო დანარჩენები ვერ მოხვდნენ პარლამენტისთვის წარდგენილ 20 კაციან სიაში. იუსტიციის საბჭოს გავლენიან წევრებს შორის წინასწარ შეთანხმებული სქემით კენჭისყრის პრაქტიკა გამოავლინა საქართველოს სახალხო დამცველმა.

საბოლოოდ შერჩეული 20 კანდიდატიდან 16 არის ყოფილი ან მოქმედი მოსამართლე, ხოლო  2 არის სასამართლო სისტემის მოქმედი ან ყოფილი მოხელე. 

ნიშანდობლივია ცნობილი ადვოკატის, როინ მიგრიაულის შემთხვევა, რომლის კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რეკორდულად დაბალი ქულით შეაფასა იმის გამო, რომ გასაუბრებაზე კანდიდატმა განაცხადა: „იყვნენ მოსამართლეები, რომლებსაც ჩამოსარეცხი მართლაც აქვთ, იმიტომ, რომ უმწიკვლოდ ემსახურებოდნენ იმ ხელისუფლებას.“  

3. კანდიდატების შერჩევის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება კანდიდატების შერჩევის შესახებ არ არის დასაბუთებული და არ არსებობს შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს როგორც შედეგების ლეგიტიმურობას, ასევე პროცედურების კონსტიტუციურობას.

4. შერჩევის პროცესში დაშვებული იქნა არაერთი დარღვევა, რამა გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგზე. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონკურსის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა მრავალ დარღვევას, რაც დეტალურად ასახულია საერთაშორისო ორგანიზაციებისსახალხო დამცველის  და არასამთავრობო ორგანიზაციათა  მონიტორინგის ანგარიშებში, რაც ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურის შედეგების კანონიერებას.

5. კანდიდატების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს ღირებულებების პრობლემა, ასევე, ახდენს კლანის მიმართ მორჩილების დემონსტრირებას

სამოქალაქო საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში არსებობს სრული თანხმობა, რომ წინა ხელისუფლების დროს სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი და მოსამართლეებზე ხორციელდებოდა სისტემური გარე და შიდა ზეწოლა, რომლის ფორმები და მეთოდები აღწერილია არაერთ კვლევასა და ანგარიშში. ნაცვლად იმისა რომ კანდიდატებმა ღიად ისაუბრონ სასამართლოს დამოუკიდებლობის კონკრეტულ პრობლემებზე, გაემიჯნონ სასამართლოს პრობლემურ წარსულს, ისინი გაურბიან ამ საკითხზე საუბარს, ან აცხადებენ რომ სასამართლოზე ზეწოლა არ ყოფილა, ან არ შეუძლიათ დაასახელონ კონკრეტული სქემები ან მაგალითები. არც ერთი კანდიდატი არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებულ ცნობილ ფორმულას, მოსამართლეები, რომლებიც წარსულში ჩადიოდნენ ცუდ საქმეებს და ახლა ჩადიან კარგ საქმეებს.  

აშკარაა, რომ თუ სასამართლოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად კანდიდატებს მოსამართლეებზე ზეწოლა არ უგრძვნიათ და არც გაუგიათ, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ისინი მომავალში იგრძნობენ რამეს, სასამართლოზე მსგავსი ზეწოლები რომ განმეორდეს. 

მეორეს მხრივ, კანდიდატების ასეთი ქცევის მიზეზი გასაგებია: თუ ისინი წარსულის პრობლემებს აღიარებენ, ლოგიკურად, უნდა დაისვას კლანის წევრების მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაიდან იგივე კლანი მართავდა სასამართლოს წინა ხელისუფლების დროს.  კანდიდატები, არა მხოლოდ თავს იკავებენ კლანის წევრების ქმედებათა ნეგატიური შეფასებისგან, არამედ ხშირ შემთხვევაში ამართლებენ კიდეც კლანის წევრების უკანონო, არაეთიკურ ან სასამართლოს ავტორიტეტის დამაზიანებელ ქმედებებს.  

6. გასაუბრებების დროს ნათლად გამოვლინდა კანდიდატების პროფესიონალიზმის და/ან კეთილსინდისიერების ნაკლებობა

შერჩევის პროცესმა კანდიდატების მნიშვნელოვან ნაწილში წარმოაჩინა კომპეტენციის ნაკლებობა, თუმცა მთავარი პრობლემა მაინც კანდიდატების კეთილსინდისიერებაა. კეთილსინდისიერება არის სწორედ ის მთავარი ელემენტი რაც განაპირობებს მოსამართლის მიმართ საზოგადოების ნდობას. 

7. პრობლემურია გენერალური პროკურორის და მისი მოადგილის მონაწილეობა კონკურსში. 

პრობლემურია შერჩევის პროცესში მოქმედი გენერალური პროკურორის და მისი მოადგილის მონაწილეობა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ დღემდე კვლავ გამოუძიებელია 2015 წლის საგამოცდო ტესტების გაჟონვის სკანდალი, რაც დღემდე დიდ ზიანს აყენებს სასამართლოს სანდოობას და ავტორიტეტს. 

8. ცალკეული კანდიდატების მიერ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები ხელმიუწვდომელია. 

არასამთავარობო სექტორმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანდიდატი მოსამართლეების მიერ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების გადმოცემის მოთხოვნით, რაც მოგვცემდა მათი პროფესიული საქმიანობის შეფასების შესაძლებლობას, თუმცა აღნიშნულზე სასამართლომ დაუსაბუთებლად უარი განაცხადა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ სასამართლო სისტემა მალავს კანდიდატების წარსულ გადაწყვეტილებებს.  აღნიშნული ფაქტი ზიანს აყენებს პროცესის გამჭვირვალობას. 

9. მოსამართლის პორტრეტი, რომელიც საზოგადოებამ იხილა გასაუბრებების შედეგად 

საქართველოს ისტორიაში პირველად ფართო საზოგადოებას მიეცა შესაძლებლობა ახლოდან გაცნობოდა მოქმედი მოსამართლის ფსიქოლოგიურ პორტრეტს, რომელიც არ აღმოჩნდა სახარბიელო. საზოგადოებამ კონკურსში მონაწილე მოსამართლეების სახით ვერ იხილა მორალურად მყარი, თავისუფალი, სამართლიანი და გაბედული ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ კრიტიკული აზრის გამოთქმის და კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის, მზად არიან გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიტიკურ ზეწოლებს, დაიცვან კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. 

10. გზავნილი, რომელიც ეგზავნება მოსამართლეთა კორპუსს და იურიდიულ საზოგადოებას 

პარლამენტის მიერ აღნიშნული კანდიდატების არჩევა მოსამართლეებში გაავრცელებს გზავნილს, რომ კლანს აქვს ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა და კლანისადმი ერთგულება წარმატებული კარიერის წინაპირობაა, ხოლო სასამართლოს გარეთ, განსაკუთრებით ახალგაზრდა იურისტების თაობაში გაავრცელებს სიგნალს, რომ უპრინციპობა, მორჩილება და პოლიტიკური კონფორმიზმი არის საუკეთესო გზა სამოსამართლო პროფესიაში წარმატების მისაღწევად. 

ბოლოს, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების, არამედ ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საქართველომ  ვერ შეეძლო გაერღვია ეკონომიკური სიდუხჭირის ჩაკეტილი წრე, რისი ერთ ერთი მთავარი მიზეზიც ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობაა. წარმოდგენილი კანდიდატების სიის დამტკიცება ხელს შეუწყობს სასამართლოში მანკიერი მმართველობის, იდეოლოგიის, წესების და ჩვევების ჩაბეტონებას, რაც გრძელვადიანად დაასამარებს მის დამოუკიდებლობას და ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:

- არ დაუჭიროს მხარი  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20 კაციან სიას.

- განიხილოს და მიიღოს სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის შეფასების შესახებ დადგენილება, რომელიც დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ ინიცირებული იქნა 2019 წლის სექტემბერში და რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოში არსებული კრიზისული მდგომარეობის შეფასებას და კრიზისის დაძლევისათვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას. 

 

  • კახა წიქარიშვილი
  • უჩა ნანუაშვილი
  • ზაზა ხატიაშვილი
  • სოსო ბარათაშვილი
  • ლაშა არველაძე
  • ხათუნა გრიგალაშვილი
  • ირაკლი კუპრაძე
  • თამარ გეგელია
  • ლევან თოთლაძე
  • ეკატერინე ციმაკურიძე
  • ქეთევან ხიზანიშვილი
  • ირმა კაკიაშვილი
  • თამილა გაბაიძე
  • გიორგი მელიქიძე
  • ზაურ ხალილოვი
  • მაკა ჯიშკარიანი
  • ნათია კაციაშვილი
  • ალეკო ცქიტიშვილი
  • დავით სუბელიანი
  • თამარ ჯაფარიძე
  • მამუკა ნოზაძე.