სიახლეები

2020.05.07

პარლამენტმა უნდა შექმნას დროებითი კომისია დეზინფორმაციის გავრცელებით დაკავებული ყალბი ანგარიშების პოლიტიკურ პარტიებთან კავშირის დასადგენად

რუსეთის სახელმწიფოს მიერ ცრუ, შეცდომაში შემყვანი, ყალბი და პროპაგანდისტული შინაარსის ინფორმაციის ორგანიზებულად და მასშტაბურად გავრცელების პრაქტიკა მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული პრობლემაა. არსებობს რუსული ანგარიშების მეშვეობით უცხო ქვეყნების პოლიტიკაში ჩარევის უმსხვილესი, კვლევებით დადასტურებული მაგალითები, როგორებიცაა გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირის წევრობიდან გასვლის თემით ხელოვნურად მანიპულირება და ე.წ. ბრექზითის სასარგებლოდ და მის გასამართლებლად ცრუ და ყალბი ინფორმაციის ფართომასშტაბიანი გავრცელება; აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა, ცრუ ინფორმაციით მანიპულირების გზით ამომრჩევლებზე არასათანადო გავლენის მოხდენა და სხვა. ონლაინ დეზინფორმაციის გავრცელების პრობლემას დიდი ხანია გამოეხმაურა ევროპარლამენტი და დასახა გამოსავლის გზები. 

დეზინფორმაციის გავრცელება, განსაკუთრებით, როცა ის ოკუპანტი სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული, სერიოზულ რისკებს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის მასშტაბური ზიანის მიყენებას, მისი განვითარების, ევროპული მომავლის პერსპექტივის წინააღმდეგ მოქმედებას. მით უფრო საგანგაშოა ეჭვები აღნიშნულ გვერდებთან საქართველოს მმართველი ხელისუფლების კავშირის შესახებ.  

დემოკრატიული სახელმწიფოები იღებენ კონკრეტულ ზომებს დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად და აუცილებელია, რომ საქართველოს სახელმწიფომ, შესაბამისმა პასუხისმგებელმა უწყებებმა, ასევე, კონკრეტული ზომები მიიღონ დეზინფორმაციის გავრცელებით გამოწვეული საფრთხის გასანეიტრალებლად. აღნიშნულ საქმეში პირველადი და განსაკუთრებული როლი საქართველოს პარლამენტს ეკისრება.

დეზინფორმაცია და პროპაგანდა რომ საქართველოსთვის პრობლემას წარმოადგენს, დასტურდება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 2019 წლის დასაწყისში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევითაც. კვლევის მიზანი იყო დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე ქვეყანაში არსებული ძირითადი გამოწვევების და პრობლემების გაანალიზება, ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების მომზადება. აღნიშნული დასკვნა  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2020 წლის მარტში განიხილა. პარლამენტის მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი.  დასკვნაში მითითებულ რეკომენდაციებს შორისაა:

  • საქართველოს შეუძლია პარტნიორი ქვეყნების (აშშ, ევროპული ქვეყნები) გამოცდილება გაიზიაროს და საჯარო ფორმატებში მოიწვიოს სოციალური ქსელების (Facebook, Google და ა.შ.) და სხვა რელევანტური ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც, დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან გამკლავების მხრივ, კრიტიკული როლი აკისრიათ;
  • პარლამენტს შეუძლია, გამართოს განხილვები ჰიბრიდულ საფრთხეებთან ე.ი. დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, ამ განხილვებმა მიიღოს უფრო სიღრმისეული სახე და გადაიქცეს საგამოძიებო კომისიად, საკითხის მასშტაბისა და რელევანტურობის გათვალისწინებით.

ამ დროისთვის არაერთი კვლევა არის გამოქვეყნებული იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენა ყალბი ფეისბუქ გვერდების გამოყენებით ცრუ, შეცდომაში შემყვანი და ხელოვნურად გენერირებული ინფორმაციის გავრცელებით. სახელდება, რომ ქართულ საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენას ამგვარი ხერხებით ცდილობენ როგორც რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებული, ისე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ მჭიდროდ დაკავშირებული სუბიექტები. შესაბამისი კვლევის შედეგად, კომპანია Facebook-მა ბოლო 4 თვის განმავლობაში უკვე მეორედ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში მოქმედი ასეულობით არაავთენტიკური გვერდის გაუქმების შესახებ.  

Facebook-ის მიერ ყალბი ანგარიშების, გვერდებისა და ჯგუფების გაუქმება  საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მხოლოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დააკავშირა და იმთავითვე, საკითხის ყოველგვარი შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, გამორიცხა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რაიმე სახის მონაწილეობა დეზინფორმაციის გავრცელების პრაქტიკაში.   

დემოკრატიულ საზოგადოებაში პარლამენტს აქვს რამდენიმე მთავარი ფუნქცია და როლი, რომელთა შორის არის, უზრუნველყოს ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტიკური დებატები და აკონტროლოს მთავრობა. ამიტომ, დაუშვებელია ასეთი მაღალი მნიშვნელობის საკითხი პარლამენტის განხილვის მიღმა დარჩეს. 

 

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რაც მისცემს პარლამენტს შესაძლებლობას, სიღრმისეულად შეისწავლოს და გამოარკვიოს შემდეგი საკითხები: 

  • რა კავშირი აქვს პოლიტიკურ პარტიებს დეზინფორმაციის მასშტაბურად გავრცელებასთან და ინფორმაციით მანიპულირებასთან. მათი რომელი წარმომადგენელი დგას აღნიშნული ქმედებების უკან. 
  • როგორია რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კავშირები საქართველოში ცრუ ინფორმაციის ორგანიზებულად გამავრცელებლებთან.
  • როგორ ხდება დეზინფორმაციის ორგანიზებულად გავრცელების პროცესის დაფინანსება და ხომ არ აქვს ადგილი საამისოდ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების მიზანმიმართულ გამოყენებას.  
  • გარდა დასახელებული პარტიების წარმომადგენლებისა, კიდევ ვინ არის ჩართული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ორგანიზებულად გავრცელების გზით საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ზიანის მიყენების პროცესში. 

 

დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში საკითხის შესწავლის მიზნით პარლამენტს გააჩნია ფართო უფლებამოსილებები, მათ შორის: 

  • მოიწვიოს და წერილობითი ახსნა-განმარება ჩამოართვას ნებისმიერ პირს, გარდა კანონით და რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; 
  • სახელმწიფო ორგანოებისგან, თანამდებობის პირებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, დროებითი კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მიიღოს საკითხის გამოკვლევისთვის საჭირო დასკვნები და მასალები; 
  • განსახილველ საკითხზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით სახელმწიფო კონტროლის შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას საკითხი; 
  • გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ მიაჩნია, რომ აღნიშნულ მასალებში შეიძლება მოიპოვებოდეს მის მიერ განსახილველი საკითხის გამოკვლევისთვის საჭირო მონაცემები; 
  • საკითხის მომზადების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფი კომისიის წევრებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით;
  • მოიწვიოს Facebook-ის და სხვა სოციალური ქსელების წარმომადგენლები, დაუსვას კითხვები, განიხილოს მათთან ამ ორგანიზაციების მიერ დაწესებული გამჭვირვალობის რეგულაციების საქართველოზე გავრცელების შესაძლებლობა;
  • შეიმუშავოს დასკვნა, რომელშიც არა მხოლოდ საკვლევ კითხვებს გასცემს პასუხებს, არამედ წარმოადგენს რეკომენდაციებს, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების საჭიროების თვალსაზრისით.

დროებითი კომისიის შექმნის საკითხის ინიციირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ 1/5-ს. შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საპარლამენტო ოპოზიციის, დამოუკიდებელი დეპუტატების აქტიურობის მნიშვნელობა, რომელთა მიმართაც არ არსებობს ეჭვები დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობის შესახებ.  

დროებითი კომისიის შექმნა აუცილებელია არა მხოლოდ არსებულ კითხვებზე პასუხების გასაცემად, არამედ იმ მიზნითაც, რომ მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნები დაცული იყოს ამომრჩეველზე გავლენისა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისგან.