2020.05.25
საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საშემოდგომო სესიის მუშაობა
“დემოკრატიის ინდექსი - საქართველო” დააკვირდა პარლამენტის საშემოდგომო სესიას და გამოავლინა, რომ პარლამენტი პასიური, პარლამენტის თითოეული წევრის საქმიანობა ბუნდოვანი ან/და უცნობია, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა პრაქტიკულად გამორიცხულია.
პარლამენტმა 2019 წლის საშემოდგომო სესიის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი მიიღო, რომელთა საფუძველზეც მან, ფაქტობრივად, წვლილი შეიტანა ევროკავშირთან ქვეყნის დაახლოების პროცესში.
ზემოაღნიშნული დადებითი ტენდენციის პარალელურად პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დაფიქსირდა არსებითი ხარვეზები:
- ინდივიდუალური დეპუტატების ყოველდღიური საპარლამენტო საქმიანობა პარლამენტის მიერ არ ქვეყნდება, რაც საგრძნობლად ამცირებს საზოგადოების მხრიდან დეპუტატების საქმიანობაზე დაკვირვების შესაძლებლობებს და, ამასთან, წაახალისებს ინდივიდუალური დეპუტატის პასიურობას.
- პარლამენტის წევრების სახელზე მოქალაქეთა მხრიდან გაგზავნილი წერილებისა და განცხადებების საფუძველზე (აქ არ იგულისხმება მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია) პარლამენტი არ გამოკვეთს საერთო ტენდენციებს, მოქალაქეთა წუხილები არ აისახება პარლამენტის საქმიანობის დღის წესრიგზე.
- პარლამენტის მხრიდან პრაქტიკულად გამოირიცხება და უგულებელყოფილია სამოქალაქო საზოგადოების აზრი, წინააღმდეგობრივი პოზიციები მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. პარლამენტმა არ გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია, რაც აისახა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის მთელ პროცესზე, საარჩევნო სისტემასა და სამთავრობო მიმართულებით განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე.
- საპარლამენტო ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხების ძირითად ნაწილს პარლამენტი არც კი განიხილავს.
- 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე პარლამენტმა სასესიო დრო არ გამოიყენა ეფექტურად საკითხების სრულყოფილად და დროულად განხილვისთვის. პარლამენტი, როგორც წესი, იყენებს მინისტრთა საათს, თუმცა, დროის ამ მონაკვეთში არ ხდება ძირითადი გამოწვევების განხილვა.
- საპარლამენტო კომიტეტების უმრავლესობა პასიური იყო. საშემოდგომო სესიის განმავლობაში რამდენიმე კომიტეტმა არ ჩაატარა რეგლამენტით განსაზღვრული სხდომების მინიმალური ოდენობაც კი და ამით დაარღვია რეგლამენტი. მათ შორის პასიურობით გამოირჩეოდა ადამიანის უფლებათა კომიტეტი, რადგანაც უფლებებთან დაკავშირებული მიმდინარე მოვლენების მიმართ იყო მომეტებულად პასიური.
- კომიტეტები ძირითადად არ იყენებენ მათ ხელთ არსებულ მექანიზმებს, რომლებითაც შესაძლებელია შესაბამისი უწყებების საქმიანობის მუშაობის გაკონტროლება.
იხილეთ სრული ანგარიში