სიახლეები

2020.10.21

მთავრობის წარმომადგენლის განცხადება არა მხოლოდ აკნინებს სამოქალაქო საზოგადოების როლს ქვეყნის დემოკრატიულ მართვაში, არამედ არსებით საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანდაცვას

21 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციის ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის განცხადება არა მხოლოდ აკნინებს სამოქალაქო საზოგადოების როლს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში, არამედ არსებითად უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. კერძოდ, კორონა ვირუსთან დაკავშირებულ ობიექტურ ინფორმაციაზე წვდომა არსებითად მნიშვნელოვანია მოსახლეობის სრულყოფილი ინფორმირებისთვის, რაც მთავრობის მუშაობის მიმდინარე ფორმატში სრულიად გამოირიცხება.

საქმე იმაშია, რომ  მთავრობის წარმომადგენელმა დღეს გააკეთა განცხადება და მიუთითა, რომ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოში არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების ადგილი. მთავრობის ასეთი მიდგომა არღვევს დემოკრატიული საზოგადოების მთავარ პრინციპებს და მეტყველებს გაუმჭვირვალე საქმიანობაზე, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში.

COVID-19-ით გამოწვეული სიტუაციის მართვა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს; მთავრობის წევრების ბუნდოვანი განცხადებები პანდემიასთან ბრძოლის რესურსების, სტატისტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე, გამწვავებული სიტუაციის ფონზე ცხადყოფს, რომ აუცილებელია ეფექტური ქმედებები და პროცესების გამჭირვალობის უზრუნველყოფა.

დღევანდელი ბრიფინგის მიმდინარეობისას, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით ნათელი გახდა, რომ საკოორდინაციო საბჭოს არ სურს ღიად მუშაობა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ეფექტური თანამშრომლობა. ამ ფონზე კი, შეუძლებელია ცნობიერების ამაღლება იმ საკითხზე, რომელზეც საზოგადოებას არ აქვს წვდომა, თუ არ ჩავთვლით საბჭოს ბრიფინგებს, სადაც რთულია ამომწურავი ინფორმაციის მიღება ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხზე. ამასთან, თავისთავად ნათელია, რომ სამოქალაქო საზოგადოების მიერ მაკონტროლებელი ფუნქციის შესრულება დემოკრატიული პოცესის აუცილებელი ნაწილია.  

აღსანიშნავია, რომ სწორედ ცნობიერების ამაღლების და მთავრობაზე კონტროლის განხორციელების მიზნებისთვის, ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში, ჩვენმა ორგანიზაციამ პარლამენტს შესთავაზა კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხების პარლამენტში განხილვის ფორმატი, რაც პარლამენტმა არ გაითვალისწინა - სრულად მთავრობას მიანდო პანდემიასთან ბრძოლა და დაკარგა კონტროლი მის საქმიანობაზე.  

სრულიად ნათელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების როლის დაკნინება, მათი საქმიანობის არაპრაქტიკულად და საბჭოსათვის ხელშემშლელ ფაქტორად მიჩნევა, მხოლოდ და მხოლოდ ხელს უწყობს მთავრობის გაუმჭვირვალე მოქმედებებს და სრულად ეწინააღმდეგება დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს.

 

https://www.facebook.com/GeorgianGovernment/videos/362059975068266

https://democracyindex.ge/ge/news/read/35/parlamentma-covid-19-is-krizisis-dros-ar-unda-shewyvitos-funqcionireba