პარლამენტი უნდა დაუბრუნდეს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მეორე ეტაპის განხილვას
საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოთხოვნის მიუხედავად, მთავრობას პარლამენტისთვის კვლავაც არ წარუდგენია ბიუჯეტის კანონპროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ გასატარებელი ღონისძიებების ხარჯები. როგორც მთავრობამ ბიუჯეტის პროექტზე თანდართულ დოკუმენტებში მიუთითა, აღნიშნული ხარჯები ბიუჯეტის პროექტში მხოლოდ დასკვნით, მესამე ეტაპზე იქნება ასახული.
მეორე ეტაპზე განსახილველად მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს გადამუშავებული ვარიანტი პირობითად შეიძლება ეწოდოს. მთავრობას მასში ცვლილებები არ არ შეუტანია და ის განმეორებითი განხილვისთვის პირველადი სახით არის წარდგენილი: გადამუშავებულ ვერსიაში პარლამენტის მიერ გამოთქმული არც ერთი შენიშვნა თუ რეკომენდაცია არ არის ასახული; კვლავ უცნობია თუ რა პარამეტრებით ხვდება ბიუჯეტი 2021 წელს ახალი კორონავირუსის გავრცელებას.
რეგლამენტით დადგენილი ვადების გასვლის მიუხედავად, ბიუჯეტის პროექტის მეორე ეტაპის განხილვა პარლამენტში არ გამართულა. ერთი მხრივ, საკანონმდებლო ხარვეზმა, რომელიც არ ითვალისწინებს საარჩევნო კონტექსტს, ხოლო, მეორე მხრივ, მმართველი გუნდის უმოქმედობამ, შედეგად მოგვცა სიტუაცია, როდესაც პარლამენტმა გამოტოვა ბიუჯეტის პროექტის განხილვის მერე ეტაპი. მეორე ეტაპი, განსხვავებით საბოლოო მესამე ეტაპისგან, ითვალისწინებს ბიუჯეტის პროექტის უფრო ყოვლისმომცველ განხილვას - პროექტის საჯარო განხილვას კომიტეტების სხდომებზე და ფრაქციების მიერ და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას.
პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე. შესაბამისად, ახალი მოწვევის პარლამენტს მოუწევს გააგრძელოს წინა მოწვევის პარლამენტის მიერ დაწყებული ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცედურები. შექმნილ ჩიხურ ვითარებაში, იმისთვის, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვას მიეცეს სრულყოფილი სახე, საჭიროა მთავრობამ პარლამენტს წარუდგინოს ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი, სადაც პარლამენტის რეკომენდაციებთან ერთად ასახული იქნება კორონავირუსთან ბრძოლისთვის საჭირო ხარჯებიც. ამის შემდეგ პარლამენტმა ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის განხილვა უნდა გააგრძელოს არა დასკვნითი მესამე, არამედ მეორე ეტაპიდან. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალი მოწვევის პარლამენტს მიეცეს შესაძლებლობა დარგობრივად განიხილოს პროექტი, აგრეთვე, ყველა ფრაქცია ჩაერთოს განხილვის პროცესში. ამის მიღწევა კი მხოლოდ დარჩენილი მესამე ეტაპის ჩატარებით შეუძლებელია, ვინაიდან ბიუჯეტის პროექტის განხილვის მესამე ეტაპი მხოლოდ ერთი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ პროექტის განხილვას და პლენარულ სხდომაზე დამტკიცებას ითვალისწინებს.
„დემოკრატიის ინდექსი-საქართველო“ მოუწოდებს:
- საქართველოს მთავრობას - ახალი მოწვევის პარლამენტს წარუდგინოს ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ასახული იქნება პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო ხარჯები;
- საქართველოს პარლამენტს - ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის განხილვა განაახლოს მეორე ეტაპიდან, რადგან საკომიტეტო და ფრაქციების სხდომების ფორმატში განხილვის გარეშე შეუძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებაზე რეალური საპარლამენტო კონტროლის განხორციელება.