ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის საქმიანობის შეფასება
საქართველოს პარლამენტი, როგორც ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, მთავარი პასუხისმგებელია სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვაზე. ხოლო, უშუალოდ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი (შემდგომში ადამიანის უფლებათა კომიტეტი), პასუხისმგებელია აქტიურად და პროაქტიურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანის უფლებების დაცვას, როგორც კანონშემოქმედებით ისე, მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დაცვაზე კონტროლის განხორციელებით. ამიტომაც, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ამ კომიტეტის საქმიანობა და მიღწევები ცალკე შეფასებას იმსახურებს.
ადამიანის უფლებათა კომიტეტს მინიჭებული აქვს ფართო უფლებამოსილებები ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. მიუხედავად ამისა, წინა მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებებათა კომიტეტის მიერ ადამიანის უფლებების დაცვისთვის რეალურად გადადგმული ნაბიჯები საგანგაშოდ მწირია:
- პარლამენტის მიმართ სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაში ადამიანის უფლებათა კომიტეტს, გამონაკლისების გარდა, მონაწილეობა არ მიუღია;
- იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომლებსაც სახალხო დამცველის რეკომენდაციები მიემართებოდა, კომიტეტმა არც საკანონმდებლო ინიციატივები წარადგინა, არც სხვა უფლებამოსილებები გამოიყენა (მინისტრის/თანამდებობის პირის დაბარება, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შესწავლა, კანონის აღსრულების კონტროლი, თემატური მოკვლევა და სხვა);
- მიუხედავად უფლებების დარღვევის კუთხით ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა, 2019 წლის შემოდგომიდან დღემდე კომიტეტი უმეტესად სხდომების მხოლოდ სავალდებულო მინიმუმს - თვეში ორ სხდომას ატარებდა;
- 2019 და 2020 წლებში საპროტესტო აქციების დაშლის შედეგად გამოვლენილი უფლებათა უხეში დარღვევების ფონზე, კომიტეტს არ შეუსწავლია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკა საპროტესტო აქციების დაშლის კუთხით; ასევე, არ შეუმოწმებია აქციის დაშლისას დაშავებულთათვის პროკურატურის მიერ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პრაქტიკა;
- საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში ადამიანის უფლებათა კომიტეტს არ ჩაუტარებია სხდომები, ხოლო, 2020 წლის 21 მაისიდან დღემდე არც ერთხელ უმსჯელია მთავრობის მიერ შემოღებული ადამიანის უფლებათა შეზღუდვების დასაბუთებულობის შესახებ;
- კომიტეტის ყოველწლიური ანგარიშები არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას კომიტეტის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვისთვის გაწეული სამუშაოს შესახებ.
ჩამოთვლილი თითოეული შეფასება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩვენმა ორგანიზაციამ გააკეთა საქართველოს ბოლო მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის საქმიანობა შეჯერებით. კომიტეტის აქტიურობისა და პროაქტიურობის შეფასების კრიტერიუმად კი ავიღეთ შემდეგი ასპექტები: 1. სახალხო დამცველის - ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის მიზნით კონსტიტუციური ორგანოს - მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქართველოს პარლამენტის მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაში კომიტეტის წვლილი; 2. 2019 წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საქმიანობა.
2. სახალხო დამცველის მიერ პარლამენტის მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაში კომიტეტის წვლილი
წინა მოწვევის პარლამენტის მთელი მუშაობის პროცესში - 2016 წლიდან 2019 წლის ჩათვლით - სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის მიმართ სულ გასცა 154 რეკომენდაცია, რომელთაგან 37 სრულად შესრულდა, 24 - ნაწილობრივ, ხოლო 93 არ შესრულებულა.
ის რეკომენდაციები, რომლებიც პარლამენტმა სრულად ან ნაწილობრივ შეასრულა, თითქმის ყველა შემთხვევაში შესრულდა კომიტეტის მონაწილეობის გარეშე; ხოლო, იმ მცირე შემთხვევებში, სადაც კომიტეტის მონაწილეობა დაფიქსირდა, აღნიშნული შემოიფარგლებოდა მხოლოდ კომიტეტის სავალდებულო დასკვნის წარდგენით, ან კომიტეტის ცალკეული წევრის კანონპროექტის თანაავტორად მონაწილეობით. პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულება, ძირითადად სხვა კომიტეტის ინიციატივით, მთავრობის, ან პარლამენტართა გარკვეული ჯგუფის ინიცირებით და ორგანიზებით ხდებოდა.
სახალხო დამცველის რეკომენდაციები პარლამენტის მიმართ შეეხებოდა ძირითადად საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, საგამოძიებო კომისიის შექმნას გახმაურებულ საქმეზე და კონკრეტული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას. შინაარსობრივად, რეკომენდაციები შეეხებოდა როგორც სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში, ისე სამართლიანი განხილვის, სიცოცხლის, თავისუფლების, სიტყვისა და გამოხატვის, არასათანადო მოპყრობის აკრძალვის სფეროში ადამიანის უფლებების განმტკიცებას საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის ჩართულობა არ გამოვლენილა ისეთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციის შესრულებაში, როგორიც იყო ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის გაეროს კომიტეტის და ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის რეკომენდაციები სავალდებულო კვოტირების მექანიზმის შემოღებასთან დაკავშირებით.
არაერთი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის ხარვეზიანი გამოძიების ფონზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა უარყოფითად შეაფასა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომ სახალხო დამცველის ოფისს კონკრეტული ტიპის დანაშაულთა მიმდინარე გამოძიების მასალებზე ჰქონოდა წვდომა.
პროაქტიურობის თვალსაზრისით საყურადღებოა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტს არა მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა შეეძლო, მას ასევე შეეძლო არაერთი სხვა უფლებამოსილება გამოეყენებინა, მაგრამ არ გამოიყენა სახალხო დამცველის რეკომენდაციებში დასმული პრობლემების მოგვარების მიზნით, როგორიცაა მაგალითად 2019 წლიდან:
- ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის მექანიზმის გამოყენება ცალკეული საკანონმდებლო პრობლემის შესასწავლად;
- თემატური მოკვლევის ჩატარება;
- აღმასრულებელი უწყებიდან ამა თუ იმ ანგარიშვალდებული პირის დაბარება და საკითხის შესწავლა, რომელზეც სახალხო დამცველის რეკომენდაციებშია მითითებული;
- მინისტრის დაბარების ფორმატით რეკომენდაციაში დასმული კონკრეტული პრობლემის შესწავლა.
2018 წლამდე და ახლაც კომიტეტს შეუძლია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში დასმული პრობლემების შესწავლის და რეაგირების მიზნით ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შესწავლა, თუმცა, მას არასოდეს გამოუყენებია აღნიშნული უფლებამოსილება.
ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ისევე როგორც პარლამენტის სხვა კომიტეტები, ყოველწლიურად აქვეყნებს კომიტეტის საქმიანობის ანგარიშს. კომიტეტის ანგარიში არ შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ პარლამენტის მიმართ სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი რეკომენდაციების შესრულების პროცესში ადამიანის უფლებათა კომიტეტის წვლილის შესახებ. ამასთან, ანგარიშებში არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არ გაიზიარა პარლამენტმა სახალხო დამცველის მიერ მის მიმართ წარდგენილი რეკომენდაციები, რაც უშუალოდ კომიტეტის ვალდებულებაა - მას ენიჭება მთავარი როლი ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვაზე საპარლამენტო მანდატის ფარგლებში.
4 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ უფლებათა დაცვის კუთხით შეტანილი მცირე წვლილი გამოვლინდა შემდეგში:
- შრომის პირობების გაუმჯობესების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებისა და, მათ შორის, შრომის ინსპექციის შექმნის შესახებ რეკომენდაცია კომიტეტის ძალისხმევით შესრულდა. კომიტეტის გარკვეული წევრები იყვნენ თანაავტორები და კომიტეტმა წარმოადგინა შესაბამისი დასკვნა კანონპროექტზე. მასთან, კანონმდებლობის ინიციატორებს შორის იყო ადამიანის უფლებათა კომიტეტის რამდენიმე წევრი.
- სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო დეფინიციის და სანქციების განსაზღვრის შესახებ რეკომენდაციის შესრულებაში კომიტეტი წამყვან კომიტეტად განისაზღვრა.
2. 2019 წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საქმიანობა
ადამიანის უფლებათა კომიტეტი პასიური იყო 2019 წლის საშემოდგომო და 2020 წლის საგაზაფხულო სესიების განმავლობაში. მას არც აქტიურად და არც პროაქტიურად არ განუხორციელებია უფლებამოსილებები, რომლითაც იგი აქტიურ წვლილს შეიტანდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით:
- მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში შესული მოქალაქეთა განცხადებების უმეტესობა ბოლო ორი სესიის განმავლობაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებს მიემართებოდა, კომიტეტის სხდომების რაოდენობა მხოლოდ სავალდებულო მინიმუმით შემოიფარგლებოდა.
- მიუხედავად 2019 წლის ივნისის აქციებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უფლებების დარღვევის შესახებ არაერთი მძაფრი პრეტენზიისა, ადამიანის უფლებათა კომიტეტს არც მინისტრი დაუბარებია, არც საპროტესტო აქციების ძალის გამოყენებით დაშლის პრაქტიკა შეუსწავლია.
- მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის მიერ აქციის დაშლის პროცესში არაერთი დაზარალებული სტატუსის გარეშე დარჩა და საქართველოს პროკურატურამ სტატუსის მინიჭება კანონის მოცემულობას მიაწერა, ადამიანის უფლებათა კომიტეტს არ შეუსწავლია დაზარალებულის სტატუსის მიმნიჭებელი კანონმდებლობა, რაც მას შეეძლო დაზარალებულთა საპროცესო უფლებების განმტკიცების მიზნით.
- ადამიანის უფლებათა კომიტეტს 2020 წლის გაზაფხულზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში არ ჩაუტარებია სხდომები; 2020 წლის 21 მაისიდან დღემდე არც ერთხელ უმსჯელია მთავრობის მიერ შემოღებული ადამიანის უფლებათა შეზღუდვების დასაბუთებულობის შესახებ.
დემოკრატიის ინდექსი - საქართველო მოუწოდებს ახლად არჩეული პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის შემადგენლობას:
1. დაიწყოს პარლამენტის რეგლამენტით კომიტეტისათვის მინიჭებული ფართო უფლებამოსილებებისა და ინსტრუმენტების აქტიურად გამოყენება, ადამიანის უფლებათა საკანონმდებლო და ინსტიტუციური განმტკიცებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დაცვაზე კონტროლის განხორციელების მიზნით.
2. ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ყოველწლიურად გამოაქვეყნოს ანგარიში სახალხო დამცველის მიერ პარლამენტის მიმართ წარდგენილი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შემდეგ საკითხებზე:
- რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა კომიტეტმა სახალხო დამცველის შესაბამისი წლის რეკომენდაციების შესრულების მიზნით;
- რა გარემოებებმა განაპირობა რეკომენდაციების შესრულებაზე პარლამენტის მიერ უარის თქმა - ყველა გაუზიარებელი რეკომენდაციის მიმართ, ცალ-ცალკე.