პარლამენტში შეინიშნება საკითხების დახურულ ფორმატში განხილვის ტენდენცია
მიმდინარე კვირაში პარლამენტში დახურულ შეხვედრაზე მოუსმინეს:
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს - ლევან დავითაშვილს;
საკითხი: 2021 წლის კომიტეტის სამოქმედო გეგმა;
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს - მაია ცქიტიშვილს;
საკითხი: სამინისტროს მიმდინარე და სამომავლო გეგმები;
- საქართველოს მთავრობის, სამინისტროებისა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს;
საკითხი: თემატური მოკვლევის ფარგლებში „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში.
ვენეციის კომისიის განმარტებით, პარლამენტში არ უნდა იქმნებოდეს სპეციალური პროცედურები ან დროებითი კომიტეტები იმისთვის, რომ თავი აარიდონ ჩვეულებრივ საკანონმდებლო პროცესს და კანონპროექტების განხილვას არსებული მუდმივმოქმედი კომიტეტების მიერ. იგივე სტანდარტი ვრცელდება პარლამენტის და მისი კომიტეტების მიერ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებაზეც.
რჩება შთაბეჭდილება, რომ კომიტეტები თავს არიდებენ დღის წესრიგში არსებული საკითხების საჯარო განხილვას და თანამდებობის პირების საჯაროდ მოსმენას. საპარლამენტო საქმიანობაზე მონიტორინგმა ცხადჰყო, რომ კომიტეტების დღის წესრიგში არსებული საკითხების განხილვა დახურულ შეხვედრებზე, აზიანებს ამავე საკითხების განხილვას შესაბამისი კომიტეტების საჯარო სხდომებზე. რამოდენიმეჯერ დაფიქსირდა შემთხვევა, როცა კომიტეტი არ შევიდა კონკრეტული საკითხის სიღრმისეულ განხილვაში, არ უპასუხა დასმულ კითხვებს იმაზე მითითებით, რომ იგივე საკითხები უკვე განხილული იყო კომიტეტის დახურულ სამუშაო შეხვედრაზე.
კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დახურულ შეხვედრაზე ამცირებს კონსულტაციების შესაძლებლობას სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციასთან.ამგვარი მიდგომა განსაკუთრებით დამაზიანებელია ისეთ ვითარებაში, როცა ოპოზიცია საქართველოს პარლამენტში მხოლოდ ნომინალურად არის წარმოდგენილი და საკითხების დახურულ შეხვედრებზე განხილვა შეუძლებელს ხდის პროცესებში გარეშე დაინტერესებული პირების და არასაპარლამენტო ოპოზიციის სათანადო მონაწილეობას.
პარლამენტში საკითხების დახურულ ფორმატში განხილვა ეწინააღმდეგება საპარლამენტო საქმიანობის არსს. საჯაროობის და გამჭვირვალობის სტანდარტი ყველა ტიპის საპარლამენტო შეხვედრების მიმართ უნდა იქნას გამოყენებული, რათა აზრი არ დაეკარგოს საკომიტეტო განხილვებს. კომიტეტების დახურულ სამუშაო შეხვედრაზე განხილული საკითხები არ შეეხება სახელმწიფო საიდუმლოებას, რა შემთხვევაშიც გამართლებული იქნებოდა საკითხის დახურულ ფორმატში განხილვა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით,სხდომები დაიხურა, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი სამუშაო ფორმატში მიმდინარეობს, რაც არ წარმოადგენს საკითხების დახურულ ფორმატში განხილვისთვის საკმარის საფუძველს. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ კომიტეტში განხილვები სოლიდური მიზეზის არსებობის გარეშე არ უნდა დაიხუროს.
დახრული სხდომის ფორმატი არ გაუკრიტიკებია საპარლამენტო ოპოზიციის იმ ოთხ წარმომადგენელს, რომლებიც ამ დროისთვის სარგებლობენ საპარლამენტო მანდატით. საკითხების გარშემო დებატების დახურულ ფორმატში გადატანა საპარლამენტო ოპოზიციას უზღუდავს შესაძლებლობას, საზოგადოების თანდასწრებით განიხილოს მთავრობის საქმიანობაში არსებული შესაძლო ხარვეზები. მსგავსი რამ არ არის ბუნებრივად დამახასიათებელი ოპოზიციისთვის, ვინაიდან ოპოზიცია, თავისი არსით, უნდა იყოს დაინტერესებული საკუთარი ამომრჩევლის ინფორმირებით იმის შესახებ, თუ როგორ მონაწილეობს ის საპარლამენტო უმრავლესობასთან პოლიტიკურ დებატებში და როგორ ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლს, რაც შეუძლებელია დახურულ ფორმატში დებატების პირობებში. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ამომრჩევლის მხარდაჭერის ხარისხი საპარლამენტო ოპოზიციის მიმართ.
„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, კომიტეტების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისას დაიცვას საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპები, კონსულტაციების სათანადოდ უზრუნველყოფის ჩათვლით, ხოლო დახურულად განიხილოს საკითხები მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და მხოლოდ საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებისგან დაცვისთვის აუცილებელ ფარგლებში.
Venice Commission, On the Relationship Between the Parliamentary Majority and the Opposition in a Democracy, D.4. What role do the permanent committees play in the law-making and in other parliamentary procedures? CDL-AD(2019)015, §91.
Venice Commission, On the Relationship Between the Parliamentary Majority and the Opposition in a Democracy, C.1. Are the Parliamentary Debates Accessible for the General Public and the Press? CDL-AD(2019)015, §65.