სიახლეები

2021.01.26

პოლიტიკური კორუფციის ნიშნები საქართველოს პარლამენტში

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც შეიცავს პოლიტიკური კორუფციის რისკებს. უმრავლესობა ცდილობს შექმნას პარლამენტში ძლიერი ოპოზიციის არსებობის ილუზია და საპარლამენტო თანამდებობებით დაასაჩუქროს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არ უერთდება ბოიკოტს და აგრძელებს პარლამენტში საქმიანობას.

პოლიტიკური კორუფციის დროს, კორუფციაში ჩართულნი არიან პოლიტიკური თანამდებობების პირები, რომლებიც საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების შესაბამისად იღებენ ან აღასრულებენ კანონმდებლობას. პოლიტიკური კორუფციის ერთ-ერთი ფორმა არის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ფინანსური და მატერიალური რესურსების გამოყენება, მათ შორის, მთავრობის მიმართ ლოიალურად განწყობილი ოპოზიციისთვის თანამდებობებისა და საპარლამენტო პრივილეგიების მიცემა.

კანონპროექტის მიხედვით, მე-10 მოწვევის პარლამენტში იმ პარლამენტის წევრებს,  რომლებსაც უარი არ აქვთ საჯაროდ განცხადებული საპარლამენტო მანდატებზე შეეძლებათ დაიკავონ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციები. მოქმედი პროცედურების მიხედვით, დასახელებულ საპარლამენტო თანამდებობებზე, კანდიდატურის წარდგენისა და მათი დაკავების შესაძლებლობა, ოთხი დეპუტატის შემადგენლობით, ოპოზიციას არ აქვს.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, პარლამენტში უნდა მოქმედებდეს სამართლიანი წესები, რომლითაც ოპოზიცია ჩართული  იქნება საპარლამენტო თანამდებობის პირთა დანიშვნის პროცესში.  ეს მოიცავს პარლამენტში ოპოზიციის რეალურ გაძლიერებას. შემოთავაზებული ცვლილებების პროექტით კი ოპოზიციას არ ენიჭება რაიმე რეალური ბერკეტი, რაც გააძლიერებდა ოპოზიციას, რის გამოც ინიციატივა საკანონმდებლო ნორმებით მანიპულაციას ჰგავს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ძირითადი ფუნქცია არის, თავმჯდომარის და მისი პირველი  მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება. დღეისათვის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ყველა თანამდებობა უკავიათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

შემოთავაზებული ცვლილებებით, პარლამენტში ოპოზიციის გაძლიერების ნაცვლად, ცალკეული პარლამენტის წევრები მიიღებენ მხოლოდ თანამდებობრივ სარგებელს, როგორიც არის:

- გაზრდილი სახელფასო ანაზღაურება (ვიცე სპიკერის რანგში 2 000 ლარით მეტ ხელფასს);

-ადმინისტრაციული ხელშეკრულებით აპარატში თანამშრომლების დანიშვნის შესაძლებლობა (რომელთა თვიური სახელფასო ანაზღაურება 1 800 ლარიდან 3 500 ლარამდეა);

- სამსახურეობრივი ავტომობილები (წელიწადში საშუალოდ 5-7 ტონა საწვავით);

- სხვა თანამდებობრივი პრივილეგიები.

იმ ფონზე, როდესაც აღნიშნული თანამდებობები არ სარგებლობენ რაიმე მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვით, ბიუჯეტის ხარჯების შემცირების მოთხოვნით, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მე-9 მოწვევის პარლამენტს, ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში აღნიშნული თანამდებობების გაუქმებას მოუწოდებდა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამით ცდილობს სახელმწიფო რესურსების გამოყენებას, რათა დაასაჩუქროს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დაეთანხმება მათ მოწოდებას, უარს არ იტყვის მანდატზე და ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში, რაც შეიცავს პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს. პარალელურად, ოპოზიციის ნაწილი, რომელიც იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის მოწოდებას, საპარლამენტო თანამდებობების დაკავების სურვილს ღიად გამოთქვამს. შედეგად, საპარლამენტო თანამდებობები ხდება არა საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერების, არამედ პოლიტიკური ვაჭრობის საგანი, რომლითაც შეინიშნება პოლიტიკური ძალების მოსყიდვის მცდელობა მათი მხრიდან პოლიტიკური ლოიალურობისა და ვიწრო პარტიული მიზნების მისაღწევად.  

 

იხ. პარლამენტის ვებ. გვერდი https://info.parliament.ge/#law-drafting/21232  [19:59 25.01.2021]

Transparency International, Political Corruption, Topic Guide, 31 October 2014, page 4. ხელმისაწვდომია https://bit.ly/36dALTP [21:52 25.01.2021]

Political corruption, Inge Amundsen, CMI, 2006, page 7.  ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2LUX7ml [22:10 25.01.2021]

ამ ეტაპზე პარლამენტის წევრები: დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია, ავთანდილ ენუქიძე და გელა მიქაძე.

დამატებით იხ. „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ განცხადება -  „ოპოზიციის მხოლოდ ოთხი დეპუტატის შესვლა ვერ მოაგვარებს ერთპარტიულობის პრობლემას საქართველოს პარლამენტში“, https://bit.ly/36epL8C [22:34 25.01.2021]

Venice Commission, On the Relationship Between the Parliamentary Majority and the Opposition in a Democracy, D. 1. How are the positions of responsibility allocated? CDL-AD(2019)015, §83-84.

იხ. „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ ყოველკვირეული რუბრიკა  გადაცემაში „საქმიანი დილა“, ტელეკომპანია TV პირველი. ხელმისაწვდომია https://www.facebook.com/DemocracyIndex/videos/687816111827945 [01:05 26.01.2021]

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში „ევროპელი სოციალისტების“ შესვლა შეაფასა, როგორც ჯანსაღი მოვლენა და სხვა პარტიებსაც მოუწოდა საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა. ინტერპრესნიუსი, ირაკლი კობახიძე - საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო „ევროპელი სოციალისტები“, რამაც საბოლოოდ ჩამოშალა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი „ერთპარტიული პარლამენტის“ სცენარი, https://bit.ly/3sYrRmM [23:03 25.01.2021]

ფორმულა, "კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობა მინდოდა" - ზილფიმიანი ხსნის, რატომ იცვლება რეგლამენტი https://bit.ly/39YGcai