სიახლეები

2021.02.17

საგამოძიებო კომისიის მუშაობა ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის გარეშე იქნება უშედეგო


დღეს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. 

პარლამენტის საგამოძიებო ფუნქცია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე პოლიტიკური კონტროლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, მაგრამ ამავე დროს, საქართველოს პარლამენტში ყველაზე იშვიათად გამოყენებული ფუნქციაა. პარლამენტის საგამოძიებო ფუნქციის მაღალი მნიშვნელობის გათვალისწინებით, დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს პარლამენტს აღნიშნული ინსტრუმენტის აქტიურად და ეფექტიანად გამოყენებისკენ.

თუმცა, საქართველოს პარლამენტში დღეს შექმნილი არაორდინალური და კრიზისული ვითარების გამო, საგამოძიებო კომისიის მუშაობას ვერ მოჰყვება შედეგი.

კონსტიტუციით განმტკიცებულ დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკის პარლამენტში თითქმის არ არის წარმოდგენილი ოპოზიცია. ნაცვლად 60-სა პარლამენტში წარმოდგენილია ოპოზიციის 6 დეპუტატი და არ არის შექმნილი არც ერთი ოპოზიციური ფრაქცია. ამას ემატება ისიც, რომ პარლამენტში და შესაბამისად საგამოძიებო კომისიაში, კომისიის წევრის რანგში არ იქნებიან წარმოდგენილი ოპოზიციის ის დეპუტატები, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო საქმიანობას, სწორედ საარჩევნო დარღვევებზე მითითებით. 

ამდენად, საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით და არა საპარლამენტო ოპოზიციის გადაწყვეტილებით შექმნილი და ჩატარებული საგამოძიებო პროცესი, რომელშიც არ იქნება წარმოდგენილი ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის წევრები, ვერ მოიპოვებს საზოგადოების ნდობას და ვერ იქნება ეფექტიანი, რის გამოც, დღეს საგამოძიებო კომისიის შექმნა გაუმართლებელია.