სიახლეები

2021.03.11

სასამართლოს განჩინება ტელეკომპანია ტვ პირველიდან გავრცელებული ჩანაწერების ამოღების შესახებ არღვევს სიტყვის თავისუფლებას და არსებით საფრთხეს უქმნის დემოკრატიას

დემოკრატიულ საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია. სწორედ სიტყვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობა ჟურნალისტს აძლევს იმუნიტეტს, რომლითაც მას უფლება აქვს, არ გადასცეს პროფესიული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებსაც კი.

მაშინ როდესაც კანონი უშვებს დანაშაულის საგნის ამოღებას მასმედიის ოფისიდან, იქვე აკეთებს დათქმას, რომ ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ამით საფრთხე არ ექმნება სიტყვის თავისუფლებას (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123-ე მუხლის მე-3 ნაწილი). სიტყვის თავისუფლებას კი საფრთხე მაშინ ექმნება, როდესაც საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ჟურნალისტის ინფორმაციის წყაროს შესახებ ინფორმაციის ამოღებაც ხდება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირდაპირ აცხადებს, რომ ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში ინფორმაციის წყაროს გადაცემის მოთხოვნა გამოძიების ორგანოების მხრიდან არღვევს სიტყვის თავისუფლებას, მაშინაც კი, თუ არ აღსრულებულა (Goodwin v. the United Kingdom, პარა.56).

მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა განჩინებით არ გაავლო ზღვარი დანაშაულის საგანს - ჩანაწერს და ინფორმიაციის წყაროს შორის, რომელმაც ჟურნალისტს გადასცა აღნიშნული ჩანაწერი. მან ნება დართო გამოძიებას, ამოეღო ინფორმაცია, რომელიც არა მხოლოდ ჩანაწერის ამოღების შესაძლებლობას იძლევა, არამედ ინფორმაციის წყაროს გამჟღავნების პირდაპირ საფრთხესაც ქმნის. კერძოდ, ტექსტში ვკითხულობთ:

- “საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებს ნება დაერთოთ განახორციელონ საგამოძიებო მოქმედება ამოღება, კერძოდ, ამოღებულ იქნეს: 2021 წლის 06 მარტს გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათი”-ს რეპორტაჟში მითითებული კონფინდენციალური წყაროს მიერ “TV პირველი”-სთვის გადაცემული (გაგზავნილი) ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები.“

- 2021 წლის 06 მარტს გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათი”-ს რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ “TV პირველი”-სთვის გადაცემული (გაგზავნილი) კონვერტი (ან/სხვაგვარი შეფუთვა), რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.“

ნახსენები კონვერტი ან სხვაგვარი შეფუთვა, რომლის ამოღების ნება ასევე მიეცა საგამოძიებო ორგანოებს, შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციის წყაროს ვინაობას ან მინიშნებას მასზე. მიუხედავად ამ საფრთხისა, მისი განეიტრალებისთვის რაიმე კონკრეტული დათქმა მოსამართლეს არ განუსაზღვრავს თავის განჩინებაში. გასათვალისწინებელია, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით (კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა). სწორედ ამიტომ მისი განჩინება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, არღვევს სიტყვის თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.