მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხებზე მსჯელობა დაუყოვნებლივ უნდა გადაიტანონ საპარლამენტო ფორმატებში
ამ დრომდე, საპარლამენტო უმრავლესობას არაფერი აქვს დაგეგმილი საპარლამენტო ფორმატებში, არ აინიცირებს სხვადასხვა საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას (არც ღია და არც დახურული ფორმატების მეშვეობით), რათა:
- თავად გააჟღეროს და საპარლამენტო ოპოზიციას მისცეს შესაძლებლობა გააჟღერონ საკუთარი ამომრჩევლების განწყობები რუსეთის სახელმწიფოს მიერ უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფის და აღნიშნულზე საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციის შესახებ; მოსთხოვოს მთავრობას უზრუნველყოს მისი პოლიტიკისა და განცხადებების სრული შესაბამისობა საქართველოს მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების უმრავლესობის განწყობებთან;
- მთავრობის წევრებისგან მოისმინოს ინფორმაცია საქართველოს წინაშე არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების, დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ და ხალხის სახელით გააჟღეროს კონკრეტული მითითებები და რეკომენდაციები;
- შეაფასოს საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებების შესაბამისობა საქართველოს მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების უმრავლესობის ნებასთან, საქართველოს კონსტიტუციასთან და ევროატლანტიკურ კურსთან; მთავრობის და მისი წევრების მიმართ მიიღოს კონსტიტუციით გათვალისწინებული კონკრეტული ზომები.
ნაცვლად ამისა, „ქართული ოცნების“ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან და გამოწვევებით აღსავსე დროს, საქართველოს პარლამენტის კარი კიდევ ერთხელ დაიხურა ქართველი ხალხის სახელით მუშაობისა და რეაგირებისთვის.
24 თებერვალს საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას. თუმცა, 25 თებერვალს დაგეგმილი პარლამენტის პლენარული სხდომა არ შედგა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დარღვევის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით პარლამენტი ვალდებულია შეიკრიბოს პრეზიდენტის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. კანონმდებლობის მიხედვით კი, სხდომის ჩაშლის ერთადერთი საფუძველი არის კვორუმის არარსებობა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პლენარული სხდომის დარბაზის შესასვლელების ბლოკირება, რამაც ფიზიკურად შეუშალა ხელი პარლამენტის წევრებს სხდომის პროცედურების დაწყებაში, ცდება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჩარჩოს და იწვევს კონსტიტუციის დარღვევას.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პარლამენტის პლენარული სხდომის ჩაშლა სხდომათა დარბაზის შესასვლელების ბლოკირების გზით, წარმოადგენს პარლამენტის მუშაობის საბოტაჟს და ამ შემთხვევაში მიზნად ისახავდა საპარლამენტო ოპოზიციის საქმიანობისთვის ხელშეშლას. აღნიშნული მომავალშიც უარყოფითად იმოქმედებს საპარლამენტო ოპოზიციის მიერ თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილებების გამოყენებაზე - საპარლამენტო უმრავლესობას მიეცემა შესაძლებლობა უკანონო გზებით დაბლოკოს ოპოზიციის ინიციატივები და ამ გზით ძირი გამოუთხაროს საპარლამენტო დემოკრატიას საქართველოში.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განმარტებები, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ გაიხსნება იმის გამო, რომ ქართული ოცნების 82 დეპუტატი უარს აცხადებს დაესწროს სხდომას, ხოლო სხდომაზე განსახილველი საკითხები ეწინააღმდეგება პარლამენტის რეგლამენტს, არ წარმოადგენს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გახსნაზე უარის საფუძველს. პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილი არ არის არ გახსნას პარლამენტის სხდომა, რომელიც კონსტიტუციით დადგენილი წესით იქნა მოწვეული. გასათვალისწინებელია, რომ შალვა პაპუაშვილი არ არის პარლამენტში მხოლოდ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ის სრულიად პარლამენტის თავმჯდომარეა და არ არის უფლებამოსილი პარტიულ ინტერესებზე მითითებით შეეწინააღმდეგოს ქვეყანაში ხელისუფლების დანაწილების პრინციპის აღსრულებას.
ამასთან, შალვა პაპუაშვილის მიერ ჩამოთვლილი სულ ხუთი ღონისძიებიდან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების (და არა პარლამენტის) მხრიდან უკრაინის საკითხზე რეაგირების დემონსტრირებას ისახავდა მიზნად, ერთი შეეხება პარლამენტის მიერ ჯერ კიდევ 2 თებერვალს, ომის დაწყებამდე, სადავო რეზოლუციის მიღებას, ხოლო დანარჩენი 4 ღონისძიებიდან არცერთი არ წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის მიერ საპარლამენტო ფორმატში განხორციელებულ ღონისძიებას (მათ შორის არც ცალკეული დეპუტატების აქტივობები შეიძლება მივიჩნიოთ ასეთად). აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხელისუფლების დანაწილების საბაზისო პრინციპის დაუცველობას.
თავის მხრივ, მთავრობის წევრები და პრემიერ-მინისტრი თავად უნდა მოითხოვდნენ სხვადასხვა საპარლამენტო ფორმატში მოსმენების ჩატარებას, რეგულარულად აწვდიდნენ ინფორმაციას და უსმენდნენ საპარლამენტო პარტიებს, გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელონ მათი, როგორც ხალხის უმაღლესი წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული პოზიციებით. ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის წევრები არ აყენებენ პარლამენტში მათი მოსმენის ინიციატივას, ნიშნავს, რომ მათი თითოეული მოქმედება არ არის ნაკარნახევი ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფების უმრავლესობის განწყობებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას და მთავრობას, დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა საპარლამენტო ფორმატებში, როგორც ღია, ისე დახურულ რეჟიმში, საკითხების საჭიროებების გათვალისწინებით, და საპარლამენტო ოპოზიციის სრული ჩართულობის უზრუნველყოფით.
პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის ყველა კარი დაკეტილია - შესაბამისად, ოპოზიციას, რომლის მოთხოვნითაც რიგგარეშე სხდომა დაინიშნა დარბაზში შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევა, 25.02.2022https://www.interpressnews.ge/ka/article/697327-parlamentis-plenarul-sxdomata-darbazis-qvela-kari-daketilia-shesabamisad-opozicias-romlis-motxovnitac-riggareshe-sxdoma-danishna-darbazshi-shesvlis-shesazlebloba-ar-ezleva
შალვა პაპუაშვილი - რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება და ასევე, დღეს, სხდომის გახსნის პროცედურებიც არ გაიმართება, 25.02.2022 https://www.interpressnews.ge/ka/article/697317-shalva-papuashvili-riggareshe-sxdoma-ver-chatardeba-da-aseve-dges-sxdomis-gaxsnis-procedurebic-ar-gaimarteba
იქვე, შალვა პაპუაშვილი: 1. საქართველოს პარლამენტი იყო მსოფლიოში მეორე პარლამენტი რომელმაც მიიღო უკრაინისმხარდამჭერი რეზოლუცია; 2. საქართველო იყენებს ყველა საერთაშორისო პლატფორმას (გაერო, ეუთო, ევროსაბჭო, ევროკავშირის ფორმატები) საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად დაომის შეწყვეტისთვის ქმედითი ღონისძიებების გასატარებლად. მხოლოდ ბოლო 3 დღის განმავლობაში, საქართველოსპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე მონაწილეობდა ვენაში ეუთოსსაპარლამენტო ასამბლეაში. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია მონაწილეობდა ნატოს საპარლამენტოასამბლეაში, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობდა ევრონესტის საპარლამენტოასამბლეაში. ყველა ამ ფორმატში მსჯელობა რა თქმა უნდა შეეხებოდა უკრაინას და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს; 3. საქართველოს ელჩი უკრაინაში და კონსული დღემდე რჩებიან კიევში, ხაზს ვუსვამ, დღემდე ისინი იმყოფებიან კიევში დაარიან კავშირზე უკრაინის ხელისუფლებასთან და უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან; 4. საქართველოსმთავრობამ, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, დაიწყო საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტისგამო საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეების განთავსება სასტუმროებში; 5. საქართველოს მთავრობასწავლობს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებებს და მოთხოვნისთანავე უზრუნველყოფს მის მიწოდებას,“- განაცხადა პაპუაშვილმა.
უკრაინის მხარდამჭერი პარლამენტის რეზოლუცია, სადაც არ არის ნახსენები რუსეთი, როგორც იმ დროისთვის უკრაინაზე მოსალოდნელი სამხედრო აგრესიის სუბიექტი 2.02.2022 https://www.radiotavisupleba.ge/a/31681985.html