სიახლეები

2021.03.24

დემოკრატიის ინდექსი-საქართველომ პარლამენტს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისშესახებ მოსაზრება წარუდგინა

2021 წლის 9 მარტს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების ინიციატივასაარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. წარმოგიდგენთ ორგანიზაცია “დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს” მოსაზრებას აღნიშნულ კანონპროექტზე.

უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ არსებული საარჩევნო კოდექსი ვერუზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის მოწესრიგებას და უდავოა, რომ საჭიროა არსებითი რეფორმის განხორციელება. აღნიშნული კიდევ ერთხელ დაადასტურა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა და იმ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციათა შეფასებებმა, რომელებიც აქტიურად აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესებს.

შემოთავაზებული ცვლილებები, მიუხედავად ცალკეული პოზიტიური ასპექტებისა, ფრაგმენტულია, ვინაიდან ვერ აწესრიგებს მთელ რიგ არსებით პრობლემებს. აღნიშნული ერთი მხრივ, შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ პროცესი ნაჩქარევია, ხოლო მეორე მხრივ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება ხდება ოპოზიციური პარტიების სრულფასოვანი ჩართულობის გარეშე რაც ნიშნავს, რომ კანონპროექტი არ არის ინკლუზიური პროცესის შედეგი. სათანადო საარჩევნო რეფორმის გასატარებლად საჭიროა ინიციატორებმა დამატებით გაითვალისწინონ ეუთო/ოდირისის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომლებმაც ასახვა ვერ ჰპოვეს წარმოდგენილ კანონპროექტში. 

ცალკეული პოზიტიური სიახლეების მიუხედავად, საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესი არ არის მონაწილეობითი, ნაჩქარევია და ძირითადად ემსახურება ერთჯერადი ამოცანების გადაჭრას. საარჩევნო კანონმდებლობის ხარვეზებად რჩება ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა:

- საარჩევნო კომისიების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის არასაკმარისი გარანტიები. კანონპროექტით იცვლება ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, თუმცა ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო კომისიების პოლიტიკურ ნეიტრალობას.

- ცვლილებები შეეხება საარჩევნო დავების განხილვის პროცედურებს, თუმცა გასაჩივრებაზე უფლებამოსილ პირებთან მიმართებაში რჩება ბიუროკრატიული ბარიერები, არ იცვლება საჩივრის განუხილველად დატოვების კრიტერიუმები, რაც საარჩევნო დარღვევების პრაქტიკული გასაჩივრების შესაძლებლობას არ აუმჯობესებს.

- ცვლილება ითვალისწინებს გარკვეული საარჩევნო პროცედურების ელექტრონულად განხორციელებას, თუმცა ელექტრონულ პროცესებში არასათანადო ჩარევების თავიდან ასაცილებლად არ არის შემოთავაზებული შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და გარანტიები.

- პროექტი არ ითვალისწინებს წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესში ცვლილებებს.

- კვლავ არ იქნება მიღებული რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციას მაღალი დონის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის დროს.

პოზიტიური და აუცილებელი ცვლილებები ხორციელდება რიგი მიმართულებებით:

- ინერგება შემთხვევითი წესით შერჩეულ უბნებზე ხმათა გადათვლის მექანიზმი.

- რეგულირდება ამომრჩევლის აღრიცხვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხები.

- იცვლება შესწორების ოქმის შედგენის წესი.

- ინერგება გასაჩივრების ელექტრონული მექანიზმი.

თუმცაღა, მხოლოდ აღნიშნული ცვლილებები არ არის საკმარისი და ვერ ქმნის საარჩევნოპროცესის უმთავრესი პრობლემების მოგვარების სათანადო გარანტიებს.   

 

სრული ვერსია იხილეთ ბმულზე

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი, 07-3/39/10, 2.03.2021. https://info.parliament.ge/#law-drafting/21736

ODIHR Limited Election Observation Mission Final Report, GEORGIA PARLIAMENTARY ELECTIONS 31 October 2020, 5 March 2021, Warsaw.https://www.osce.org/files/f/documents/1/4/480500.pdf