2024.05.13
აგენტების კანონის შედარებითი ანალიზი
დემოკრატიის ინდექსი - საქართველო გმობს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს კანონის ორი მოსმენით მიღებას. აღნიშნული კანონით უპრეცედენტოდ მასშტაბური იქნება ადგილობრივი ორგანიზაციების უცხოური ინტერესების გამტარებლებად გამოცხადება, რაც არ არის დემოკრატიული სახელწმიფოებისთვის დამახასიათებელი, ფაქტობრივად არასწორია და ასევე, შემოაქვს ასეთი ორგანიზაციების რეპრესიის მექანიზმი სახელმწფო მონიტორინგისა და უპრეცედენტოდ მაღალი ჯარიმების სახით.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიის წინააღმდეგ მასშტაბური რეპრესიული მექანიზმის შემოღება ცდება გამჭვირვალობის მიზანს. ასეთი კანონმდებლობის შემოღებას ახლავს დამაზიანებელი ეფექტი როგორც ქვეყნის შიდა, ისე საგარეო მიმართულებით: აბრკოლებს ქვეყნის ევროინტეგრაციას, სპობს ქვეყანაში პლურალისტურ გარემოს, თავისუფალ სიტყვას და არადემოკრატიულია, ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას.
ანალოგიური შინაარსით კანონი მოქმედებს რუსეთში და რამდენიმე სხვა არადემოკრატიულ სახელმწიფოში. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით უპრეცედენტოდ მასშტაბური იქნება ორგანიზაციების უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლებად შერაცხვა. უცხოური ინტერესების გამტარებელი დაერქმევა ყველა სადამკვირვებლო და კვლევით არასამთავრობო ორგანიზაციას, სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მედია ორგანიზაციებს, რომლებიც 20%-ის ოდენობით მაინც იღებენ უცხოურ მხარდაჭერას. ამ მასშტაბით ორგანიზაციებისა და ადამიანების გამოცხადებას უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამტარებლებად არ აქვს ანალოგი არც დემოკრატიულ სახელმწიფოებში (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა), არც ევროკავშირში (EU Transparency Register) და გვხვდება მხოლოდ რუსეთში და რამდენიმე სხვა არადემოკრატიულ სახელმწიფოში.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სახელის დარქმევა არა მხოლოდ არადემოკრატიულია, ის ასევე ფაქტობრივად არასწორია. უცხოური ინტერესების გამტარებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ძალის წარმომადგენელი. სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა პროექტებს უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით, სამართლებრივად არ არიან უცხოელი პარტნიორების წარმომადგენლები: არ მუშაობენ უცხოურ ორგანიზაციაში, არ არიან ასეთი ორგანიზაციის მმართველ ან მაკონტროლებელ რგოლში, არ აქვთ მინდობილობის საფუძველზე ურთიერთობა.
მოვუწოდებთ მმართველ ხელისუფლებას, უარი თქვას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებაზე.