სიახლეები

2024.04.03

პლატფორმის განცხადება გენდერული კვოტის გაუქმების შესახებ

 

ჩვენ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის  წევრი ორგანიზაციები ვიმაღლებთ ხმას სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმებაზე მიმართული საკანონმდებლო ინიციატივის წინაღმდეგ და დაუშვებლად მიგვაჩნია პარლამენტის მხრიდან ამ ინიციატივის მხარდაჭერა!

პარტიაგირჩისინიცირებით, 2024 წლის 22 მარტს, საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საარჩევნო კოდექსში სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმებას. ეს ინიციატივა ასევე ვრცელდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებორგანულ კანონზე - უქმდება  ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდსა და პარტიებში ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებაზე მიმართული საბიუჯეტო დაფინანსების 30%-ანი დანამატი.

გვინდა ხაზი გაუსვათ, რომ მიუხედავად გარკვეული წინსვლისა, ქალთა მიმართ დისკრიმინაცია და  ძალადობა კვლავ რჩება ქვეყნის მწვავე გამოწვევად. დღესაც საქართველო მხოლოდ 76- ადგილზეა გენდერული თანასწორობის ინდექსის მიხედვით და 125- ადგილზე ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის თვალსაზრისით. უტყუარია, რომ გენდერული კვოტის გაუქმება შეაფერეხებს წინსვლას და უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება თანასწორობის მიღწევისა და ქალთა გაძლიერების გზაზე.

პარტიაგირჩისსაკანონმდებლო ინიციატივა წინაღმდეგობაში მოდის, როგორც საქართველოს ამომრჩეველთა ნებასთან და საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე ევროინტეგრაციის პროცესთან და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან:

·       უტყუარია, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარს უჭერს პარლამენტში ქალებისა და კაცების თანასწორ წარმომადგენლობას. ამას ადასტურებს, როგორც ჩვენი, ადგილობრივი ორგანიზაციების უშუალო გამოცდილება, ასევე კვლევები (NDI, 2023) მათ შორის, სავალდებულო გენდერული კვოტის გამოყენებით.

 ·       პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა წარმოადგენს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის - არსებითი თანასწორობის მიღწევის კონსტიტუციურ მიზანს;

 ·       საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებისას, ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9-ე რეკომენდაციას წარმოადგენდა გენდერული თანასწორობა, რომლის შესრულების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ გენდერული კვოტირების 2032 წლამდე გახანგრძლივება იყო.

 ·       საქართველოს განხილვისას გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტმა (CEDAW/C/GEO/CO/6) და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა (CCPR/C/GEO/CO/5) დადებითად შეაფასეს გენდერული ქვოტირების მექანიზმის შემოღება, თუმცა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის გაწევისკენ მოუწოდეს ქვეყანას ქალთა გასააქტიურებლად პოლიტიკურ ასპარეზზე.

სავალალოდ მიგვაჩნია „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივის მმართველი პარტიის მხრიდან მხადაჭერა და  წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტის დაჩქარებული (1 კვირის მანძილზე), დახურული განხილვა, რაც შეუძლებელს ხდის  სამოქალაქო საზოგადოების და ქალთა უფლებადამცველებისა ჩართვის უზრუნველყოფას ამ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ პროცესში.