დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაიწყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სამ ვაკანსიაზე დასანიშნად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესარჩევი პროცედურა. მათ შორის, ორ ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადებულია ვაკანსიის წარმოშობამდე 10 თვით ადრე.
საქართველომ ევროინტეგრაციის მიზნებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს 2023 წლის 8 ნოემბრის გაფართოების ანგარიშით დადგენილი 9 დათქმის ფარგლებში. გაფართოების ანგარიშის 2.2.1. პარაგრაფში საქართველოს მიცემული აქვს რეკომენდაცია უზენაეს სასამართლოში დასანიშნი კანდიდატების, ისევე როგორც თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართ ჩაატაროს კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურა, რომლის მიხედვით, კანდიდატთა კეთილსინდისიერება საერთაშორისო ექსპერტთა მიერ უნდა შეფასდეს.
საგანგებო პროცედურით კანდიდატების შემოწმებისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის მომზადება პარლამენტს ჯერ არ დაუწყია, არც საპარლამენტო უმრავლესობას განუცხადებია საჯარო მზაობა ამისთვის.
საქართველოს პარლამენტმა არ უნდა დაუშვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა საგანგებო პროცედურის გარეშე, მით უმეტეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ მოქმედი წევრების მიერ, ვისი კეთილსინდისიერების შემოწმებაც ასევე რეკომენდებულია ევროკომისიის მიერ.
უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა მოქმედი წესით, საგანგებო პროცედურების შემოღების გარეშე, იქნება ევროკომისიის რეკომენდაციის განგებ შეუსრულებლობის დემონსტრირება, რის შედეგადაც მოსალოდნელია საქართველოს ევროინტეგრაციის არსებითად და გაუმართლებლად შეფერხება, რაც იქნება საქართველოს მოსახლეობის ევრონტაგრაციის სურვილის წინააღმდეგ სამწუხარო დემარში.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:
- დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა გაფართოების ანგარიშის 2.2.1. პარაგრაფის მიხედვით მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის შესამუშავებაზე.
- არ დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არსებული ხარვეზიანი პროცედურით, კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის წარმატებით გავლის გარეშე.
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საზოგადოებასთან დიალოგის და ადვოკატირების გზით.
ჯგუფის წევრები არიან:
- იოსებ ბარათაშვილი (ადვოკატი)
- მაია ბაქრაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი)
- თამარ გეგელია (სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი)
- ირაკლი გაბრიჩიძე (ადვოკატი)
- ლევან თოთლაძე (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი)
- ირმა კაკიაშვილი (იურისტი)
- ირაკლი კორძახია (ადვოკატი)
- უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი (ყოფილი სახალხო დამცველი,)
- ზაზა ხატიაშვილი (ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე) ადვოკატი
- ეკა ციმაკურიძე (იურისტი, დემოკრატიის ინდექსი).
- ბესიკ ლოლაძე (პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)
- თამარ ლალიაშვილი (პროფესორი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)
- ბესიკ სისვაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი)
- ლია მუხაშავრია (ადამიანის უფლებების პრიორიტეტი)
- ნათია ქუთათელაძე (დამოუკიდებელი ექსპერტი, ყოფილი მოსამართლე)
- ირაკლი შავაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)
- თეა ხამხაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)
- თამაზ ჯალიაშვილი (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)
- დავით ჯანდიერი (იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე)
- კახა წიქარიშვილი (მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ყოფილი წევრი)