სიახლეები

2023.12.21

სახელმწიფოს რეაგირება ელიტური კორუფციის ათ სავარაუდო შემთხვევაზე

ანგარიში თავს მოუყრის და აანალიზებს მაღალი თანამდებობის პირების საქმიანობაში ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლენილი კორუფციის ნიშნების შესახებ დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს მიერ წარმოებულ  ათ საქმეზე საქართველოს პარლამენტისა და პროკურატურის რეაგირებას. 

ევროპის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „პოლიტიკური კორუფციის ფაქტების ჟურნალისტური გამოძიება და ადვოკატირება“ ფარგლებში, 2022 და 2023 წლებში ტელეკომპანია TV პირველის საგამოძიებო ჯგუფმა, მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ორი ამერიკელი ექსპერტის ჩართულობით, გამოავლინა და საზოგადოებას ამცნო ათი ჟურნალისტური გამოძიების შედეგები პარლამენტის წევრების და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების საქმიანობაში კორუფციის ნიშნების არსებობის შესახებ. ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლენილი სავარაუდო სამართალდარღვევების სპეციფიკიდან გამომდინარე, დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ დარღვევებზე რეაგირებისათვის მიმართა კომპეტენტურ უწყებებს.

6 შემთხვევაში, შემდგომი რეაგირების მიზნით, მიმართვა გაიგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ერთ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო 3 შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში. ხსენებული 10 საქმიდან 8 საქმე კვლავ განხილვის პროცესშია, 2 შემთხვევაში კი მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არ დაიწყოს გამოძიება.

პარლამენტის წევრების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის სავარაუდო 4 შემთხვევიდან, სამ შემთხვევაში გენერალურ პროკურატურაში კვლავ მიმდინარეობს საკითხის შესწავლა - თითქმის ორი წლის შემდეგაც კი გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ერთ შემთხვევაში დაიწყო გამოძიება, რომელიც 1 წელი და 6 თვეა გრძელდება და პროკურატურას არ გამოუვლენია ბრალდებული პირები. 

პარლამენტის წევრების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის სავარაუდო კიდევ 2 შემთხვევაში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არ დაიწყო გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობაზე მითითებით. მიუხედავად წარდგენილი ფაქტებისა და დოკუმენტაციისა საგამოძიებო ორგანო დანაშაულის ნიშნების არარსებობაზე არ მსჯელობს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, საგამოძიებო ორგანომ გამოძიება დაუყოვნებივ უნდა დაიწყოს. მხოლოდ საგამოძოებო ორგანოს შეუძლია დაასკვნას, რომ არ არის ჩადენილი დანაშაული და შეწყვიტოს გამოძიება.

2020 წლიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ რამდენჯერმე დააკისრა ჯარიმა, გასცა და წარუდგინა განკარგულება პარლამენტის წევრის მიერ მიტაცებულ მუნიციპალურ მიწის ნაკვეთზე სახლის უკანონო მშენებლობის დანგრევის შესახებ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სასამართლომ არაერთხელ მოისმინა დამნაშავის საჩივარი. მიუხედავად საქმეში ჩართული სახელმწიფო უწყებების რაოდენობისა დანაშაულის აღკვეთასთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრის მიერ აღნიშნული საქმიანობა კვლავ გრძელდება.

დეპუტატთა სავარაუდო შეუთავსებელი სამეწარმეო საქმიანობის სამი შემთხვევიდან, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს არც ერთ შემთხვევაში არ დაუდგენია პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებლობა. კომიტეტის თავმჯდომარე (და არა თავად კომიტეტი) შეუთავსებლობის მხოლოდ ფორმალურ კრიტერიუმებს ამოწმებს, და არ შეისწავლის საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. კომიტეტის მიერ საკითხის გამოკვლევა არასრულყოფილია და არ სრულდება პარლამენტის რეგლამენტის პროცედურების დაცვით.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოლოს საქართველოს პარლამენტმა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის გამო 2006 წელს დაუჭირა მხარი, რის საფუძველზეც ორ დეპუტატს შეუწყდა უფლებამოსილება. ამის შემდეგ პარლამენტს მსგავსი შემთხვევა არ განუხილავს. 2006 წლიდან საქართველოს პარლამენტმა განიხილა და შეუწყვიტა უფლებამოსილება მხოლოდ 44 პარლამენტის წევრს აღმასრულებელ ხელისუფლებაში საჯარო თანამდებობის დაკავების გამო, რაც ავტომატურად იწვევს შეუთავსებლობის გამო პარლამენტის წევრის სტატუსის შეწყვეტას.

წინამდებარე ანგარიშში განხილულმა ათივე შემთხვევამ აჩვენა, რომ მაღალი დონის, ე.წ. ელიტური კორუფციის შემთხვევების გამოძიება არასათანადოდ, ან საერთოდ არ ხდება. სავარაუდო კორუფციის შემთხვევებთან დაკავშირებით დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს მიერ გაკეთებული და ფაქტებით გამყარებული მიმართვებიდან, სახელმწიფოს რეაგირებას საბოლოო შედეგი არც ერთ შემთხვევაში არ მოჰყოლია.

იხილეთ ანგარიში სრულად.