სიახლეები

2023.03.15

ვენეციის კომისიის შეფასებით სასამართლო რეფორმის წარდგენილი პაკეტი ვერ უზრუნველყოფს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებას

ვენეციის კომისიამ შეაფასა სასამართლო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა 3 თვიანი მუშაობის შედეგად მოამზადა.

იმის მიუხედავად, რომ მმართველმა ხელისუფლებამ მოსახლეობას პარლამენტის სამუშაო ჯგუფის ნამუშევარი წარუდგინა როგორც ევროკომისიის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, დასკვნიდან ხდება ცნობილი, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიუმართავს ვენეციის კომისიისთვის განეხილა წარდგენილი კანონპროექტი, როგორც სასამართლო რეფორმების სტრატეგიის მხოლოდ პირველი ნაბიჯი და არა ამბიციური სასამართლო რეფორმა და მართლმსაჯულების დასრულებული სტრატეგია. შესაბამისად, ვენეციის კომისია იზიარებს მოსაზრებას რომ წარდგენილი კანონპროექტთა პაკეტი არ წარმოადგენს ამბიციურ რეფორმას და არ პასუხობს კომისიის ადრინდელ რეკომენდაციებს.

ვენეციის კომისიის მიერ უარყოფითად შეფასდა კანონპროექტით გათვალისწინებული 14 საკითხი. დასკვნის მიხედვით, აღნიშნული საკითხები არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიერ საქართველოსთვის ადრე გაცემულ რეკომენდაციებს ან შეუსაბამობაშია დადგენილ ზოგად სტანდარტებთან; 2 საკითხის შესრულება დადებითად არის შეფასებული; ნაწილობრივ შესრულებულად ჩაითვალა 1 საკითხი.

ორი საკითხი, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ შესრულებულად ჩაითვალა ვიწრო პროცედურულია და გავლენას ვერ მოახდენს სასამართლო სისტემის ზოგად მდგომარეობაზე. აღნიშნული შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემფასებელი წევრების ვინაობის გამჟღავნებას, რამაც კანდიდატს გასაჩივრების უფრო ეფექტიანი საშუალება უნდა შეუქმნას; ასევე, დადებითად შეფასდა ვენეციის კომისიის 2019 და 2020 წლის რეკომენდაციების შესრულება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მიერ ნომინირებაზე უარის განმეორებით გასაჩივრების შესახებ.    

ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა სასამართლო რეფორმისთვის ისეთი  საკვანძო საკითხები, როგორიცაა:

  • კანონპროექტი არ შეეხება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას, რის გამოც კანონპროექტი არ პასუხობს ევროკომისიის მე-3 რეკომენდაციას, ასევე, ის არ პასუხობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსა და წუხილებს საქართველოში იუსტიციის საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
  • ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კორპორატივიზმის პრობლემას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შიგნით, რაც ამ დრომდე პასუხგაუცემელია.
  • დიდი ხნის განმავლობაში ვაკანტური იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის ასარჩევად პარტიებს შორის შეუთანხმებლობის საპასუხოდ ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ პარლამენტს უნდა მიეღო ჩიხის დაძლევის მექანიზმი, ვენეციის კომისიის 2013 წელს გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, რაც არ გაუკეთებია.
  • ვენეციის კომისია მიუთითებს რომ არამოსამართლე წევრები ეფექტურად ვერ მონაწილეობენ გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც შეუსაბამოა ვენეციის კომისიის მიერ ადრე დადგენილ სტანდარტთან. შესაბამისად, კომისია რეკომენდაციას უწევს  ცვლილებები იქნას შეტანილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების მიღების პროცედურაში.
  • ვენეციის კომისიის მითითებით, ცვლილებები უნდა შეეხოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევასაც.
  • ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მისი რეკომენდაციები არ არის შესრულებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისთვის წაყენებული მოთხოვნების გამკაცრების ნაწილში: უნდა გაიზარდოს ასაკობრივი ცენზი, ასევე გამკაცრდეს საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
  • სასამართლო გადაწყვეტილებების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემასთან დაკავშირებით ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული პროცედურა რთულია და დროში აჭიანურებს გადაწყვეტილებებზე წვდომას, ასევე, კომისია აღნიშნავს, რომ ხელმისაწვდომობა უნდა იქნას უზრუნველყოფილი როგორც წარსულში მიღებულ, ისე მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი არაერთხელ ეცადა წვლილის შეტანას პრობლემების იდენტიფიცირებაში დახმარების, სასამართლოს ამბიციური რეფორმის და სტრატეგიის შემუშავებისთვის, თუმცა სამწუხაროდ, მმართველმა ხელისუფლებამ არ მოგვცა ასეთი შესაძლებლობა და უარი განაცხადა ჩვენთან თანამშრომლობაზე. 

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი კვლავ გამოვთქვამთ მზაობას, დარჩენილი დროის განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშაოთ ჩავარდნილი სასამართლო რეფორმის გამოსწორებისთვის და სხვა აქტორებთან ერთად უზრუნველვყოთ ევროკომისიის მე-3 რეკომენდაციის შესრულება.


დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საზოგადოებასთან დიალოგის და ადვოკატირების გზით. 
    

   

ჯგუფის წევრები არიან:  

  1. იოსებ ბარათაშვილი (ადვოკატი)  
  2. მაია ბაქრაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი).   
  3. თამარ გეგელია (სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი)  
  4. ირაკლი გაბრიჩიძე (ადვოკატი)   
  5. ხათუნა გრიგალაშვილი (ადვოკატი).  
  6. ლევან თორთლაძე (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი)    
  7. ირმა კაკიაშვილი (იურისტი)   
  8. ირაკლი კორძახია (ადვოკატი)   
  9. უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი (ყოფილი სახალხო დამცველი,)   
  10. ზაზა ხატიაშვილი (ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე) ადვოკატი  
  11. ეკა ციმაკურიძე (იურისტი, დემოკრატიის ინდექსი).   
  12. ბესიკ ლოლაძე (პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)  
  13. თამარ ლალიაშვილი (პროფესორი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)  
  14. ბესიკ სისვაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი).  
  15. ლია მუხაშავრია (ადამიანის უფლებების პრიორიტეტი).   
  16. ნათია ქუთათელაძე (დამოუკიდებელი ექსპერტი,  ყოფილი მოსამართლე)  
  17. ირაკლი შავაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)   
  18. თეა ხამხაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე).   
  19. თამაზ ჯალიაშვილი (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)  
  20. დავით ჯანდიერი (იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე).   
  21. კახა წიქარიშვილი (მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ყოფილი წევრი).  

 


 Council of Europe, Venice Comission, Georgia, Follow Up Opinion To Four Previous Opinions Concerning The Organic Law On Common Courts, CDL-AD(2023)006, 14 March 2023 https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2023)006-e

 ნეტგაზეთი, 4.11.2022. „სასამართლო რეფორმის ჯგუფმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადა“ https://netgazeti.ge/news/639236/?fbclid=IwAR2nwoUKKiJVVu-hDLhiAUQwgOKTc65wp6fq36PKhz-5OkKMMlmRTB4Jknk