სიახლეები

2022.12.27

არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მიესალმებიან და საქართველოს პარლამენტს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

მიმდინარე წლის 22 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა საქართველოს პარლამენტს სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მივმართეთ. საქმე ეხება ბოლო წლების განმავლობაში მედიაში არაერთხელ გაჟღერებულ მოსამართლეებზე ზეწოლის, მართლმსაჯულებაში არაჯეროვანი ჩარევის, ნეპოტიზმის და მოსამართლეების  მხრიდან შემოსავლის დამალვის სავარაუდო ფაქტებს. აღნიშნულ ფაქტებს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან დღემდე ეფექტიანი რეაგირება არ მოჰყოლია.

სამართლიანი და სანდო სასამართლოს გარეშე შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნა. აღნიშნულის გარდა, მართლმსაჯულების სისტემური რეფორმა ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ერთ-ერთი ფუნდამენტური წინაპირობაა.

სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დაგროვილ არაერთ კითხვაზე პასუხის გაცემის ერთადერთ გზად საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მიგვაჩნია. შესაბამისად, მივესალმებით პარლამენტის წევრების მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს აღნიშნული კომისიის შექმნას. გამოვთქვამთ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობის სურვილს და გამოვხატავთ მზადყოფნას, წარვუდგინოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, ასევე, დავეხმაროთ დამატებითი წყაროების მოძიებაში.

  • დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი
  • დემოკრატიის ინდექსი - საქართველო
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • სასამართლოს გუშაგი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)