სიახლეები

2022.12.22

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2022 წლის მუშაობის შეფასება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის (შემდგომში კომიტეტი) მუშაობა დიდწილად განსაზღვრავს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკასა და მთავრობის მიერ აღნიშნული პოლიტიკის პრაქტიკაში გატარებას. გამოიკვეთა, რომ კომიტეტი თავისი საქმიანობით სათანადო გავლენას ვერ ახდენს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს დაკვირვება კომიტეტის 2022 წლის საქმიანობაზე აჩვენებს, რომ:

  • ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, რაც მომეტებული ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ყურადღების საგანი გახდა, კომიტეტის დღის წესრიგზე არ აისახა (მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას მიმართ შერჩევითი მართლმსაჯულება, 2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობების არაეფექტური გამოძიება).
  • კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობით რამდენიმე შემთხვევაში გაუმჯობესდა ადამიანის უფლებების დაცვის მომწესრიგებელი კანონმდებლობა. აღნიშნული კანონპროექტების უმეტესობა ინიცირებულია საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე ან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის. 
  • კომიტეტმა რამდენიმე შემთხვევაში დადებითი დასკვნა გასცა ისეთ კანონპროექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას საქართველოში.  
  • კომიტეტის დონეზე საზედამხედველო/საკონტროლო ფუნქცია შეუსრულებელია, ვინაიდან კომიტეტის ხელთ არსებული ყველაზე მძლავრი საზედამხედველო/საკონტროლო მექანიზმები არ არის გამოყენებელი ან ძალიან იშვიათად გამოიყენება. კომიტეტი არ იბარებს და უსმენს კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირებს, არ შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, თითქმის არასდროს ინტერესდება სასამართლო პრაქტიკის ანალიზით.

ამ ფონზე, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია ფიქსირდება. „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის" (WJP) 2022 წლის სამართლის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველო 49-ე ადგილს იკავებს 140 ქვეყანას შორის. საქართველოში სამართლის უზენაესობის მდგომარეობა 2015 წლიდან დღემდე 5 პუნქტით გაუარესდა, მათ შორის, უკუსვლა არის ადამიანის უფლებების დაცვის ნაწილში. მართალია, საქართველო ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რეგიონის ქვეყნებს შორის (კოსოვო, ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, ბოსნია-ჰერცოგოვინა, უნგრეთი, უკრაინა, სერბეთი, ალბანეთი, თურქეთი) თუმცა, საყურადღებოა რეგიონის ზოგიერთი ქვეყნის მნიშვნელოვანი პროგრესის ფონზე საქართველოს უკუსვლა.  

2022 წლის რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაზეც კომიტეტს რეაგირება არ მოუხდენია

1. ნიკა გვარმიას საქმე ექცევა ევროკომისიის მე-7 პრიორიტეტში, რომელიც გულისხმობს მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტებით განხორციელებას. ნიკა გვარამიას მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე, მისი პოლიტიზირების შესახებ მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო შეფასებების გამო, უნდა გამხდარიყო კომიტეტის შესწავლის საგანი:

  • საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას საქმეში არ იკვეთება არა თუ სისხლისსამართლებრივი ბრალეულობა, არამედ მოცემულ საქმეში საკორპორაციო-სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი გამორიცხულია.
  • ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით არსებული კითხვის ნიშნების გამო, მიუთითა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის ერთ-ერთი პუნქტის შესრულების საჭიროებაზე, რომელიც ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველყოფას შეეხება.
  • აშშ-ის საელჩო საქართველოში გამოეხმაურა სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით. საელჩო მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.

ნიკა გვარამიას საქმის გარშემო გაკეთებული შეფასებების გათვალისწინებით, კომიტეტს უნდა შეესწავლა საქმის პოლიტიზირების/შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნები. პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილებების გამოყენებით, კომიტეტს უნდა:

  • შეესწავლა მსგავს საქმეებზე სასამართლოსა და პროკურატურაში დამკვიდრებული პრაქტიკა პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლის  მე-4 პუნქტით დადგენილი წესით, ნიკა გვარამიას საქმეზე შერჩევითი მიდგომის გამოსარიცხად. 
  • კომიტეტის სხდომაზე დაებარებინა გენერალური პროკურორი და მიეღო მისგან ინფორმაცია საზოგადოებაში გაჩენილ ყველა კითხვასთან დაკავშირებით. გენერალური პროკურატურა არის  პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო და გენერალურ პროკურორს აქვს ვალდებულება გამოცხადდეს კომიტეტის სხდომაზე დაბარების შემთხვევაში. გენერალური პროკურორის დაბარება კომიტეტს შესაძლებლობას მისცემდა შეეფასებინა პროკურატურაში წარმოებული გამოძიებების ზოგადი ტენდენცია ნიკა გვარამიას ბრალდების მსგავს საქმეებთან დაკავშირებით. 

2. კვლავ შეუსრულებელია 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების სრულფასოვნად გამოძიების პირობა, რაც ექცევა ევროკომისიის მე-8 პრიორიტეტში. კომიტეტს არავითარი ზომა არ მიუღია მასობრივი ძალადობის აღნიშნული ფაქტების არაეფექტური გამოძიების და ორგანიზატორთა პასუხისგებაში მიცემის პრობლემაზე  რეაგირებისთვის. „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" საპარლამენტო ფრაქციამ მიმართა კომიტეტს შს მინისტრის კომიტეტის სხდომაზე დაბარების თაობაზე. კომიტეტმა მინისტრის მოსმენა საჭიროდ აღარ ჩათვალა მას შემდეგ, რაც მინისტრმა თავად მიმართა პარლამენტს და მოითხოვა მოსმენა პლენარული სხდომის ფორმატში. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მოსმენა არ შედგა. მოსმენის ჩაშლის შემდეგ კომიტეტს მინისტრი აღარ დაუბარებია. 

3. პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სერიოზული კითხვები არსებობს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე. სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არაერთი სამედიცინო დასკვნა მომზადდა, რომლებიც ასახავენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დინამიკას: 

  • ექსპერტების მიერ მომზადებული 2021 წლის 25 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, სააკაშვილის მდგომარეობა შეფასდა, როგორც სტაბილური, ყველა სასიცოცხლო პარამეტრი იყო ნორმის ფარგლებში.
  • შემდგომი, 2021 წლის 14 დეკემბრის დასკვნის მიხედვით მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც "საყურადღებო". 
  • 2022 წლის 27 აპრილის დასკვნის თანახმად, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად იყო გაუარესებული.
  • ექსპერტთა ბოლო დასკვნა (6 დეკემბერი, 2022) პაციენტის მდგომარეობას აფასებს როგორც მკვეთრად გაუარესებულს და მძიმეს.

ექსპერტული დასკვნების გაბათილებას აღმასრულებელი ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით ცდილობს, რაც არადამაჯერებელს ხდის პენიტენციური უწყების და იუსტიციის სამინისტროს მტკიცებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების სათანადო დაცულობასთან დაკავშირებით. მიუხედავად მწვავე საზოგადოებრივი და საერთაშორისო კრიტიკისა და კითხვებისა, კომიტეტი არ დაინტერესებულა ხომ არ ილახება იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური უწყების მიერ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება. კომიტეტს არ გამოუთხოვია ინფორმაცია, არ გამოუკითხავს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები.  

კომიტეტის 2022 წლის კანონშემოქმედებითი საქმიანობა 

  1. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა, წამყვანი კომიტეტის ან სავალდებულო კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში, დადებითი დასკვნა გასცა რამდენიმე კანონპროექტზე, რომელიც აუმჯობესებს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას ქვეყანაში:
  • კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, რითიც ცვლილებები შევიდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რომლითაც მარტოხელა მშობლის სტატუსით და შესაბამისი მხარდაჭერით ისარგებლებს არა მხოლოდ ბიოლოგიური მშობელი, არამედ სხვა პირიც, რომელიც ერთპიროვნულად მონაწილეობს ბავშვის აღზრდაში.
  • „იურიდიული დახმარების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებებით უფასო იურიდიული დახმარების (როგორც დოკუმენტაციის შედგენის, აგრეთვე, საპროცესო წარმომადგენლობის) მიღების შესაძლებლობა მიეცათ იმ პირებს, რომლებიც არიან დაზარალებულად ცნობილნი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეზე და აქვთ მძიმე ფინანსური მდგომარეობა. 
  • კომიტეტმა მხარი დაუჭირა ე.წ. კოვიდ ამნისტიის კანონპროექტს, რაც გულისხმობდა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შემოღებული მკაცრი ღონისძიებების კომპენსირების მიზნით, პატიმრებისთვის შეღავათების განსაზღვრას.
  • ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების ფარგლებში, კომიტეტმა დააინიცირა კანონპროექტთა პაკეტი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინებას, რომელიც მიღებულია პარლამენტის მიერ. 
  • ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების ფარგლებში, კომიტეტმა დააინიცირა კანონპროექტთა პაკეტი „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციის მოთხოვნებთან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმების შესაბამისობაში მოყვანის, აღნიშნული ქმედებებისთვის ადეკვატური პასუხისმგებლობის ზომების დაწესების, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლის მიზნებისთვის.

საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა, წამყვანი კომიტეტის ან სავალდებულო კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში, დადებითი დასკვნა გასცა რამდენიმე კანონპროექტზე, რომელიც აუარესებს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას ქვეყანაში:

  • სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებით საგამოძიებო ორგანოებს შესაძლებლობა მიეცათ არა მხოლოდ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული ყველა დანაშაულის გამოძიების მიზნით გამოითხოვონ მონაცემები კომპიუტერული სისტემიდან. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდგომ, ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ გაიზარდა საგამოძიებო ორგანოების უფლებამოსილებები სათანადო მაკონტროლებელი მექანიზმების გაძლიერების გარეშე.
  • სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, რადიკალურად გაიზარდა იმ დანაშაულთა რიცხვი, რომლებზეც შეიძლება ფარული მიყურადება განხორციელდეს. აგრეთვე, 3-დან 9 თვემდე გაიზარდა ფარული მიყურადების ვადები, ზოგიერთი დანაშაულის გამოძიებისას კი გაუქმდა ვადით შეზღუდვა. ასევე, გაუქმდა ფარული მიყურადების ადრესატის შეტყობინების ვალდებულება მის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

კომიტეტის 2022 წლის საზედამხედველო საქმიანობა 

  • ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის მექანიზმი კომიტეტს 2022 წელს არ გამოუყენებია, ხოლო 2021 წელს ორჯერ გამოიყენა. აღნიშნული მექანიზმი კომიტეტს მინიჭებული აქვს იმისთვის, რომ შეამოწმოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების ცხოვრებაში აღსრულების ეფექტიანობა. აღნიშნული ბერკეტის ფარგლებში კომიტეტები შეისწავლიან და აანალიზებენ შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი კანონების შესრულებას და შეუსრულებლობის მიზეზებს. განიხილავენ გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ნორმატიული აქტების ყოველდღიურ ცხოვრებაში ეფექტიანი მოქმედების სხვადასხვა ხელშემშლელ გარემოებას.
  • ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შესწავლა კომიტეტს მიმდინარე მოწვევის განმავლობაში ერთხელაც არ გამოუყენებია. ეს მექანიზმი კომიტეტს მინიჭებული აქვს იმისთვის, რომ საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი განცხადების, მიმართვის, პეტიციის საფუძველზე შეისწავლოს ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობა, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს შესაბამისი მასალები და შესწავლის შედეგად მიღებული დასკვნა განსახილველად წარუდგინოს პარლამენტს.
  • სასამართლო პრაქტიკის შესწავლა კომიტეტს 2022 წლის განმავლობაში არ გამოუყენებია, ხოლო 2021 წელს მხოლოდ ერთხელ გამოიყენა, ბავშვის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მარეგულირებელი ნორმების გამოყენებასთან დაკავშირებით. კანონშემოქმედებითი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს კომიტეტის მხრიდან სასამართლო პრაქტიკის შესწავლა. ასეთი პრაქტიკის გაცნობა, მათ შორის, უმარტივებს კომიტეტებს ნორმატიული აქტების აღსრულებაზე კონტროლს.
  • თემატური მოკვლევა კომიტეტმა 2022 წელს დაიწყო ერთ საკითხზე, ხოლო კიდევ ერთ საკითხზე დაასრულა მოკვლევა. სულ, მეათე მოწვევის განმავლობაში კომიტეტმა თემატური მოკვლევა ორ საკითხზე დაიწყო. 2022 წელს დაწყებული თემატური მოკვლევა შეეხება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების და ცალკეული საკითხების იდენტიფიცირებას. კომიტეტმა თემატური მოკვლევა დაასრულა შემდეგ საკითხზე: „საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამსახველი ანგარიშების წარდგენაზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობა". 
  • ანგარიშვალდებულ პირთა დასწრება კომიტეტის სხდომაზე კომიტეტს არც 2022 წელს და არც მიმდინარე მოწვევის განმავლობაში (2020 წლის დეკემბრიდან) ერთხელაც არ მოუთხოვია. ანგარიშვალდებულ პირთა დასწრება კომიტეტის სხდომაზე მთავრობასა და მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია.  
  • პარლამენტის ნორმატიული აქტის გარდამავალი დებულებებით, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისთვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების კონტროლის უფლებამოსილება კომიტეტმა 2022 წელს ორჯერ გამოიყენა, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანული კანონისა და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების მდგომარეობის შესამოწმებლად.

 


https://worldjusticeproject.org/rule-of-law-index/country/2022/Georgia/Fundamental%20Rights/

https://www.ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/sakhalkho-damtsvelis-gantskhadeba-nika-gvaramias-braldebis-sakmestan-dakavshirebit

https://netgazeti.ge/news/638855/

https://www.radiotavisupleba.ge/a/32112115.html

https://www.ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/sakhalkho-damtsvelis-mier-shekmnil-spetsialisttaekspertta-jgufis-daskvna-n3-mikheil-saakashvilis-sameditsino-mdgomareobis-monitoringis-shedegebis-shesakheb

https://www.ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/sakhalkho-damtsvelis-mier-shekmnil-spetsialisttaekspertta-jgufis-daskvna-n4-mikheil-saakashvilis-sameditsino-mdgomareobis-monitoringis-shedegebis-shesakheb

https://www.ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/sakhalkho-damtsvelis-mier-shekmnil-spetsialisttaekspertta-jgufis-daskvna-n6-mikheil-saakashvilis-sameditsino-mdgomareobis-monitoringis-shedegebis-shesakheb

https://www.ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/sakhalkho-damtsvelis-mier-shekmnil-spetsialisttaekspertta-jgufis-daskvna-n7-mikheil-saakashvilis-sameditsino-mdgomareobis-monitoringis-shedegebis-shesakheb