სიახლეები

2022.11.21

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებები ასუსტებს კოალიციურ მმართველობას მუნიციპალიტეტებში და აზიანებს დეცენტრალიზაციის იდეას

პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც გაზრდის ცენტრალური ხელისუფლების გავლენას მუნიციპალიტეტებში კოალიციურ მმართველობაზე. საქართველოს მთავრობას ეძლევა შესაძლებლობა დაითხოვოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ისე, რომ არ დადგეს მუნიციპალიტეტის მერის პასუხისმგებლობის საკითხი. აღნიშნული დეცენტრალიზაციის იდეის შესუსტებას გულისხმობს. 

მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა იწვევს როგორც საკრებულოს, ისე მერის თანაბარ პასუხისმგებლობას და ორივეს დათხოვნას.

საქართველოს პარლამენტში განიხილება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც საკრებულოს მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა გამოიწვევს არა საკრებულოსა და მერის თანაბარ პასუხისმგებლობას, არამედ მხოლოდ საკრებულოს დათხოვნას. აღნიშნულით მერი უფრო მეტი ძალაუფლების მქონე თანამდებობის პირი ხდება კოლეგიურ ორგანოსთან - საკრებულოსთან მიმართებაში. ამასთან, ცნობილია, რომ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მერი, გარდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტისა, მმართველ პარტიას წარმოადგენენ ადგილებზე, ხოლო საკრებულოები შედგება ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებისგან.         

საკრებულოსა და მერს შორის პასუხისმგებლობის თანაბრად განაწილების წესი მიზნად ისახავს საკითხებზე კონსენსუსის მიღწევის ხელშეწყობას. ხოლო თუ საკრებულო და მერი ვერ მიაღწევენ კომპრომისს მნიშვნელოვან საკითხზე, ორივეს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, ვინაიდან კომპრომისის მიღწევა ორივეს პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობა ამ კუთხით ცვლილებას არ საჭიროებს. ნაცვლად ამისა, კანონპროექტის მიერ შემოთავაზებული ცვლილებით მივიღებთ მოცემულობას, როდესაც ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში მერი სრულად თვისუფლდება პასუხისმგებლობისაგან.  

მსგავსი მოწესრიგება წინააღმდეგობაში მოდის საკრებულოსა და მერს შორის ხელისუფლების დანაწილების იდეასთან. „ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის" თანახმად, მერი ან აღმასრულებელი ორგანოს სხვა ხელმძღვანელი არ შეიძლება წარმოადგენდეს საკრებულოსგან განყენებულ ორგანოს და მისი ლეგიტიმაციის საკითხი დიდწილად საკრებულოს ლეგიტიმაციაზე არის დამოკიდებული. როგორი ინსტიტუციური მოწყობითაც არ უნდა ხასიათდებოდეს თვითმმართველი ერთეული, წარმომადგენლობით ორგანოს მის საქმიანობაში ყოველთვის უპირატესი როლი აკისრია და არა პირიქით.  

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ასევე ისიც, რომ 2021 წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმრთველობის არჩევნების შედეგად მუნიციპალიტეტის საკრებლოების ნაწილი კოალიციური პრინციპით დაკომპლექტდა და მათში პოლიტიკური ოპოზიცია მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი. მერთან მიმართებაში საკრებულოს შესუსტება დააზიანებს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში წარმომადგენლობითი დემოკრატიის კოალიციურად განხორციელების იდეას და შეასუსტებს საკრებულოს შესაძლებლობას, მიიღოს დეცენტრალიზებული გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტის დამოუკიდებლად მართვასთან დაკავშირებით.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში აღნიშნული ცვლილების შეტანას.

დეტალურად იხილეთ დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი მოსაზრება.