სიახლეები

2022.10.15

ეკატერინე ციმაკურიძის მიერ სახალხო დამცველობის კანდიდატებისთვის მინიჭებული ქულები და განმარტებები

"დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს” თავმჯდომარემ, ეკატერინე ციმაკურიძემ, სახალხო დამცველობის მსურველი კანდიდატების შემფასებელი კომისიის ფარგლებში, კანდიდატებისათვის მინიჭებული ქულები და განმარტებები პარლამენტს წარუდგინა.

საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატების

შეფასების კრიტერიუმები და მეთოდოლოგია

1.  კეთილსინდისიერებისა და მაღალი რეპუტაციის კრიტერიუმით კანდიდატის შეფასების და ქულის მინიჭებისას გათვალისწინებულ იქნა: 

  • კეთილსინდისიერება - ღია წყაროებში არ იძებნება ფაქტობრივი ინფორმაცია კანდიდატის არაკეთილსინდისიერი ქმედების შესახებ (საწინააღმდეგო შემთხვევა მიეთითება კანდიდატის შეფასებაში)
  • მაღალი რეპუტაცია - ღია წყაროებში იძებნება ინფორმაცია კანდიდატის საჯარო გამოსვლების ან საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებების შესახებ. კანდიდატი საკითხზე მოსაზრებას აფიქსირებს პროფესიონალურად - ცოდნისა და პროფესიული ეთიკის ფარგლებში, მოსაზრებებს ამყარებს არგუმენტებით (არგუმენტების სისწორე არ ფასდება)  

კეთილსინდისიერებისა და მაღალი რეპუტაციის კრიტერიუმით კანდიდატის შეფასება ეფუძნება ღია წყაროებში  (სოციალური ქსელები, სატელევიზიო და სხვა მედია) მის შესახებ მოძიებულ ინფორმაციას. ღია წყაროებში კანდიდატის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. საჭიროებისას, ღია წყაროებში მოძიებული ინფორმაცია გადამოწმდა ან დაზუსტდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მეშვეობით ინფორმაციის გამოთხოვის გზით.     

2. მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის კრიტერიუმით კანდიდატის შეფასების და ქულის მინიჭებისას გათვალისწინებულ იქნა:  

  • მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა - კანდიდატი არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, არ უკავია პოლიტიკური თანამდებობა

მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის კრიტერიუმით კანდიდატის შეფასება ეფუძნება კანდიდატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ღია წყაროებში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. 

3. სათანადო პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის კრიტერიუმით კანდიდატის შეფასების და ქულის მინიჭებისას გათვალისწინებულ იქნა: 

  • კვალიფიკაცია - რამდენად არის დაკავშირებული კანდიდატის მიერ მიღებული კვალიფიკაცია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროსთან 
  • აკადემიური ხარისხი - კანდიდატის მიერ მიღებული შესაბამისად ბაკალავრის, მაგისტრის თუ დოქტორის აკადემიური ხარისხი  
  • სამეცნიერო მიღწევები - რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში კანდიდატის ავტორობით/თანაავტორობით გამოქვეყნებული სტატიები, კანდიდატის სამეცნიერო მიღწევების კავშირი ადამიანის უფლებების სფეროსთან 
  • სხვა პუბლიკაციები - კანდიდატის ავტორობით/თანაავტორობით გამოქვეყნებული კვლევები, ანგარიშები და სხვა პუბლიკაციები  

სათანადო პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის კრიტერიუმით კანდიდატის შეფასება ეფუძნება თავად კანდიდატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. 

4. ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების კრიტერიუმით კანდიდატის შეფასების და ქულის მინიჭებისას გათვალისწინებულ იქნა შემდეგი: 

  • კანდიდატი აღიარებს ადამიანის უფლებების უნივერსალურობას
  • კანდიდატი იბრძვის უფლებების დასაცავად აქტიური და არა პასიური ფორმით (უფლებათა დარღვევის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება, პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა, უკეთესი მმართველობისთვის ბრძოლა, ადამიანის უფლებების შესახებ ეროვნული და საერთაშორისო აქტების აღსრულებისკენ მიმართული ძალისხმევა და სხვა)

პრაქტიკული გამოცდილების კრიტერიუმით კანდიდატის შეფასება ეფუძნება კანდიდატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ღია წყაროებში (სოციალურ ქსელებში, სატელევიზიო თუ სხვა მედიაში, მისივე პუბლიკაციებში) გამოთქმულ კანდიდატის მოსაზრებებს.   

იხილეთ ქულები და განმარტებები.