სიახლეები

2022.08.29

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მოსამართლე ნინო ბაქაქურის წინააღმდეგ კამპანიას ეხმაურება და რეალური რეფორმების გატარებას მოითხოვს

ბოლო დროს, სასამართლოში გაბატონებული კლანი და მოქმედი ხელისუფლება აწარმოებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. დისკრედიტაციის კამპანიაში ასევე ჩართული არიან ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატები, პროსახელისუფლებო მედია და  ექსპერტები. მოსამართლის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია მოჰყვა იუსტიციის სამინისტროს მიერ ევროპულ ინსტიტუტებში ნინო ბაქაქურის ახალი წევრით ვადაზე ადრე ჩანაცვლებისთვის კონკურსების გამოცხადებას. 

ბოლო პერიოდში, ევროპული ინსტიტუტების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა საქართველოს სასამართლო სისტემის შესახებ კრიტიკული შეფასებები. ამ ფონზე, 2 აგვისტოს იუსტიციის სამინისტრომ ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში წევრის დასანიშნად ახალი წარმომადგენლის შესარჩევი კონკურსი  გამოაცხადა ისე, რომ ნინო ბაქაქურის ხსენებულ ორგანოში წევრობის ვადა არ არის ამოწურული. კონკურსის გამოცხადება მინისტრმა იმით ახსნა, რომ წარმომადგენელი უფრო გამჭირვალე  პროცედურით უნდა შერჩეულიყო. მოქმედი წევრისთვის ვადის შეწყვეტის რაიმე მეტად სარწმუნო არგუმენტი მინისტრისგან არ მოგვისმენია. თუმცა, ახალი პროცედურაც არ აღმოჩნდა გამჭირვალე, რადგან კანდიდატების შერჩევის და გასაუბრების პროცესი დახურულ კარს მიღმა წარიმართა. არც ახალი წარმომადგენლის ვადა და გამოწვევის საფუძვლებია  განსაზღვრული, შედეგად რჩება ადმინისტრაციული დისკრეციის მომავალშიც არამართლზომიერად გამოყენების შესაძლებლობა.

მოსამართლე ნინო ბაქაქური სამოსამართლო უფლებამოსილებას უზენაეს სასამართლოში 2014 წლიდან ახორციელებს. ის არის ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) მმართველი ორგანოს - ბიუროს წევრი  და  ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) წევრი 2024 წლამდე.

ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს მოქმედი წევრის ვადის ამოწურვამდე მის პოზიციაზე კონკურსის გამოცხადების ფაქტს გამოეხმაურა კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" და თავად ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოც კი, რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა საბჭოს საქმიანობაში. საბჭომ მოსამართლე ნინო ბაქაქურის საქმიანობას საბჭოს წევრად ძალიან მაღალი შეფასება მისცა.

სავარაუდოა, რომ ევროპულ ინსტიტუტებში ახალი წევრის დანიშვნის სურვილი განპირობებულია იმით, რომ ნინო ბაქაქური არ არის სასამართლო კლანთან აფილირებული მოსამართლე და ევროპულ ინსტიტუტებში საკუთარ უფლებამოსილებას დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად ასრულებს:

  • 2004 წლიდან ნინო ბაქაქური თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის  თანამდებობას იკავებდა საიდანაც 2008 წელს საკუთარი განცხადებით გადადგა. მოგვიანებით, მან გადადგომის გადაწყვეტილება იმ დროს სასამართლოში არსებული სიტუაციით - მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შეზღუდვით ახსნა.  
  • 2014 წელს, პარლამენტს, სადაც უმრავლესობას კოალიცია-ქართული ოცნება წარმოადგენდა, მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა წარუდგინა. ეს ერთადერთი გზა იყო კლანის გვერდის ავლით სასამართლო სისტემაში მოსახვედრად. ის არის ერთ-ერთი იმ ორ მოსამართლეს შორის, რომელის კანდიდატურას მხარი დაუჭირა როგორც მმართველმა კოალიციამ - ქართული ოცნება, ასევე ოპოზიციურმა პარტიებმაც.

ნინო ბაქაქურის წინააღმდეგ მიმდინარე დისკრედიტაციის კამპანიურ ხასიათს ადასტურებს ზოგიერთი ექსპერტის მხირდან ტელეკომპანია „იმედზე" გაკეთებული განცხადებები:

  • ექსპერტები საუბრობენ მოსამართლე ნინო ბაქაქურის მიერ საქმეთა გაჭიანურების და გადაწყვეტილებების ჩაბარების ვადების დარღვევის შესახებ გაურკვეველ სტატისტიკურ მონაცემებზე მითითებით. ეჭვს იწვევს ექსპერტის მიერ ისეთი სტატისტიკური მონაცემების მოშველიება, რომელიც არ არის ოფიციალურად გამოქვეყნებული. კონკრეტული მოსამართლის ან სასამართლო შემადგენლობის სტატისტიკური მონაცემების მოპოვება პრაქტიკაში დიდ სირთულეს წარმოადგენს. მაგალითად, ვერ მოხერხდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ კონკრეტულ პერიოდში გამოტანილი გადაწყვეტილებების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, იმ საფუძვლით, რომ სასამართლო ამგვარ სტატისტიკას არ აწარმოებს.

საქმეთა გაჭიანურების და მოსამართლეთა გადატვირთულობის პრობლემა პროფესიული საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია. საპროცესო ვადების დარღვევის მხოლოდ ერთი რომელიმე მოსამართლის პრობლემად წარმოჩინება არ ემყარება ობიექტურ შეფასებას:

  • საქმეთა გაჭიანურების პრობლემა ერთ-ერთ მთავარ სისტემურ გამოწვევად დასახელდა საპარლამენტო ფორმატში შეკრებილ სამუშაო ჯგუფში.
  • სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, საკასაციო სასამართლოდან მიღებული მონაცემებით, სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დაუშვებლად ცნობილი საქმეების 62%-ზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო დასაშვებად ცნობილი საკასაციო საჩივრების მხოლოდ 2.9% იქნა კანონით დადგენილ ვადაში განხილული. კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა ადმინისტრაციულ პალატაში, სადაც დასაშვებად ცნობილი 722 საქმიდან მხოლოდ 1 საქმე განიხილა პალატამ კანონით დადგენილ ვადაში. ამავე ანგარიშის მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიმართულებით პროგრესის ნაცვლად მნიშვნელოვანი რეგრესი შეინიშნება.
  • სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია მოსამართლეთა არათანაბარ დატვირთულობაზეც. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეს 11 თვის განმავლობაში 15 საქმე დაეწერა, დანარჩენ მოსამართლეებს საშუალოდ - 143. 
  • გასული წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდში ასევე გამოვლინდა დასაბუთებული განაჩენების ჩაბარების ვადის დარღვევები როგორც რაიონულ, ასევე უზენაეს სასამართლოში.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ყოველწლიურად ათეულობით მოსამართლე თავისუფლდება საქმეთა გაჭიანურების ბრალდებისგან მოსამართლის გადატვირთულობისა და შესაბამისად, მის ქმედებაში ბრალის არ არსებობის გამო.

აღნიშნული პრაქტიკის გათვალისწინებით, შერჩევითია იუსტიციის საბჭოს წევრის გოჩა აბუსერიძის შეფასებაც. გოჩა აბუსერიძე 2021 წლიდან უზენაესი სასამართლოს სწორედ იმ პალატის მოსამართლეა, სადაც წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი საქმე იქნა კანონით დადგენილ ვადაში განხილული. ამასთან,  საპროცესო ვადების დარღვევის ფაქტზე საუბრისას დამატებითი გარემოებების შესწავლის გარეშე, მოსამართლის ბრალეულობაზე მითითება, ეწინააღმდეგება თავად იუსტიციის საბჭოს პრაქტიკას. მაგალითისთვის, ერთ-ერთ დისციპლინურ საქმეზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკითხის შეფასებისას  გაითვალისწინა, რომ 2018-2019 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა შემცირდა, შესაბამისად, გაზრდილი იყო დატვირთვაც და არ დაიწყო  მოსამართლის მამართ დისციპლინური დევნა.

ანალოგიური შინაარსის კომენტარი გაკეთდა ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ, რომელმაც ყოველგვარი დამატებითი ინფორმაციის მიღების გარეშე,  მოსამართლეს სუბიექტური მოტივით საქმეთა გაჭიანურებაში დასდო ბრალი.

მოსამართლის მიმართ ორკესტრირებული შეტევის პირობებში, საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია, ასევე, ქალ მოსამართლეთა ასოციაცია, რომლის გაცხადებულ მიზანს მოსამართლის დამოუკიდებლობის დაცვასთან ერთად ქალ მოსამართლეთა გააქტიურება წარმოადგენს, დუმილს ინარჩუნებს. იუსტიციის საბჭოს, როგორც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კონსტიტუციური გარანტის, წევრი კი პირდაპირ ერთვება კონკრეტული მოსამართლის მიმართ დაგეგმილ დისკრიმინაციულ კამპანიაში.

ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში ნინო ბაქაქურის ვადაზე ადრე ჩანაცვლების მცდელობა მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი ძალა სასამართლოს გავლენიან ჯგუფთან ერთად, ევროპული ინსტიტუტების მიერ დასახელებული პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ცდილობს მათშეფუთვას" და კლანური მმართველობის  გახანგრძლივებას. ამ მიზნის მიღწევის ერთ_ერთ საშუალებად ისინი მიიჩნევენ მნიშვნელოვან პოზიციებზე კლანური მმართველობის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირების დანიშვნას, ხოლო მეორე მხრივმოსამართლეების მიმართ მუდმივი გზავნილების გაგზავნას, იმის შესახებ, რომ კლანისგან განსხვავებული აზრის ქონა  დასჯადია.

ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტში ყველა სახელისუფლებო შტომ უნდა გაიაზროს, რომ კლანურ მმართველობაზე დაფუძნებული სასამართლო სისტემა აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. მოვუწოდებთ მმართველ ხელისუფლებას:

  • ევროპულ ინსტიტუტებში წევრობის უფლებამოსილება ვადაზე ადრე არ შეუწყვიტოს დამოუკიდებლობითა და მიუკერძოებლობით გამორჩეულ მოსამართლეს, ნინო ბაქაქურს. 
  • განახორციელოს რეალური, ხელშესახები რეფორმები, ევროკომისიის რეკომენდაციის მესამე პუნქტის შესასრულებლად - დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ერთიანი ჯაჭვის უზრუნველსაყოფად.