„ქართულმა ოცნებამ“ უნდა უზრუნველყოს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება სამოქალაქო საზოგადოების სათანადო ჩართულობით
ევროკომისიის რეკომენდაციების მეათე პუნქტი ავალდებულებს ხელისუფლებას, რეკომენდაციებზე მუშაობის პროცესში, ყველა დონეზე უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. მონაწილეობის შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა, მით უფრო ვიწრო პარტიული შეფასებების თუ პარტიის წევრთა გემოვნების საბაბით, აღიქმება ამ პირობის დარღვევად.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად მმართველი პარტიის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში რამდენიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციას თავიდანვე, ფორმალური საფუძვლებით, არ მიეცა ჩართვის შესაძლებლობა და პარლამენტის კომიტეტის მიერ განისაზღვრა არასამთავრობო ორგანიზაციების მკაცრად ლიმიტირებული წარმომადგენლობა.
მოგვიანებით, პარლამენტის კომიტეტის მიერ შემოთავაზებული ფორმის დაცვით წარდგენილ ორგანიზაციას, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" (ISFED) არ მიეცა საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის უფლება. ამგვარი მიდგომა წინააღმდეგობაშია ევროკომისიის რეკომენდაციების მე-10 პუნქტთან, მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას, ამჟღავნებს ქართული ოცნების მხრიდან პროცესის შიდაპარტიულ განხილვებთან გაიგივებას, და ამავდროულად ემსახურება ორგანიზაციის ISFED დისკრედიტაციის მცდელობას.
სამოქალაქო საზოგადოების ინკლუზიური ჩართულობა სამუშაო პროცესებში არ გულისხმობს პარტიული ინტერესების შესაბამისად ჩართულობას, არამედ გულისხმობს ყველას, მათ შორის კრიტიკული აზრის გამომხატველი, ასევე ჯგუფის რომელიმე წევრისთვის არასასურველი პირების ჩართულობასაც. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით,[1] ორგანიზაციას ISFED ჯგუფში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცა, რადგან ის ცოტა ხნით ადრე შეუერთდა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის საპროტესტო მოთხოვნას ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, რაც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ვერმიღებას მოჰყვა. საზოგადოებრივ ორგანიზაციას აქვს სრული თავისუფლება მმართველი პოლიტიკური ძალისგან მოითხოვოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩავარდნილი პოლიტიკური პროცესის გამო. ამ საფუძველით კი სახელმწიფო ინსტიტუტში შექმნილ ინკლუზიურ ფორმატში ჩართულობის ხელშეშლა პარტიის სუბიექტური გადაწყვეტილებაა, რაც შლის ზღვარს სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის.
ამასთან, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის პირადი გადაწყვეტილებით[2], პარლამენტის თავმჯდომარის შეხედულებით[3], ან სხვა რაიმე არასამართლებრივი მიზეზით კონკრეტული ორგანიზაციის ჯგუფში არდაშვება წარმოადგენს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევას. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრა იურიდიული კომიტეტის კომპეტენციას წარმოადგენს. ჯგუფის ხელმძღვანელი არ არის უფლებამოსილი გადასინჯოს კომიტეტის გადაწყვეტილება და განსხვავებულად განსაზღვროს ჯგუფის შემადგენლობა. იურიდიულ კომიტეტში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი 4 აგვისტოს შეიქმნა.[4] კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჯგუფის შემადგენლობაში საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის 2 კვოტა განისაზღვრა, რომელთა დასახელება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ უნდა მომხდარიყო. სწორედ ამ წესით იქნა დასახელებული ჯგუფის წევრად ორგანიზაცია ISFED და ხსენებულ გადაწყვეტილებაში რაიმე ცვლილება არ ყოფილა შეტანილი კანონით დადგენილი წესით.[5]
„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო" მოუწოდებს „ქართულ ოცნებას":
- შეასრულოს ევროკაშირის რეკომენდაციების მე-10 პუნქტი და ყველა დონეზე უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობა ევროკომისიის რეკომენდაციებით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
- დაუშვას "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ISFED საარჩევნო საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში.
[1] შალვა პაპუაშვილის განცხადება - https://parliament.ge/media/news/shalva-papuashvili-isfed-ma-unda-upasukhos-sazogadoebas-khsnian-tu-ara-ultimatums-rom-hkondet-gadamtsqveti-khma-mtavrobis-dakomplektebashi-tu-khsnian-sheudzliat-samushao-jgufshi
[2]https://www.interpressnews.ge/ka/article/723252-givi-mikanazis-gancxadebit-samushao-jgupis-shexvedraze-samartliani-archevnebis-ardashveba-misi-piradi-gadacqvetilebaa-da-tu-arasamtavrobo-organizacia-politikur-motxovnebs-sajarod-gaemijneba-kari-giaa/
[3] შალვა პაპუაშვილის განცხადება - https://parliament.ge/media/news/shalva-papuashvili-isfed-ma-unda-upasukhos-sazogadoebas-khsnian-tu-ara-ultimatums-rom-hkondet-gadamtsqveti-khma-mtavrobis-dakomplektebashi-tu-khsnian-sheudzliat-samushao-jgufshi
[4] https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/iuridiuli/oqmebi/2022/3-danarti.pdf
[5] https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/iuridiuli/oqmebi/2022/3-danarti.pdf