სიახლეები

2020.02.04

პარლამენტი საგაზაფხულო სესიას საზოგადოებისთვის დახურული კარით იწყებს!

2019 წლის ნოემბრის აქციების შემდეგ პარლამენტის შენობის შესასვლელი რკინის კონსტრუქციებით არის იზოლირებული, საშვთა ბიურო არ მუშაობს და მესამე პირების შესვლა თითქმის შეუძლებელია. ამგვარი ვითარება მესამე თვეა გრძელდება ისე, რომ პარლამენტის შენობაში შეჭრის რაიმე მყისიერი საფრთხე არ არსებობს. 
 
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის #259/3 ბრძანებისმე-191 მუხლის თანახმად, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია პარლამენტის სასახლეში შესასვლელი საშვების დაშვების შეზღუდვა, მაგრამ თავად ეს აუცილებლობა რით არის გამოწვეული, დასაბუთებული განმარტება პარლამენტს დღემდე არ გაუკეთებია. 
 
საქართველოს არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით - ღია მმართველობის 2018-19 წლების სამოქმედო გეგმით, ასოცირების ხელშეკრულების 2017-20 წლების დღის წესრიგით, მდგრადი განვითარების მე-16 მიზნით და სხვ. - აღებული აქვს სამოქალაქო ჩართულობით მმართველობის განხორციელების ვალდებულება. მიუხედავად ამისა, OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) 2018 წლის შეფასებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისას საჯარო კონსულტაციების შეფასების კომპონენტში საქართველომ 0 ქულა დაიმსახურა. აღნიშნული აჩვენებს, რომ პარლამენტს მხოლოდ დეკლარაციულად აქვს გაცხადებული მიზანი „სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით განახორციელოს მმართველობა.“
 
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული წესი შეუსაბამოა მსოფლიოში არსებულ კარგ პრაქტიკასთან, ვინაიდან მასში არ არის გათვალისწინებული საზოგადოების და არასაპარლამენტო ოპიზიციის წარმომადგენლებისთვის გრძელვადიანი საშვების გაცემის შესაძლებლობა. 
 
საგულისხმოა, რომ პარლამენტი მიმდინარე სესიაზე აპირებს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტების განხილვას, როგორიცაა: ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი, ახალი საგადასახადო რეგულაციები დღგ-სთან დაკავშირებით, ახალი „მეწარმეთა შესახებ“ კანონი, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები და სხვ. მათ მიღებას დიდი ხანია მოითხოვენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და პროფესიული წრეები. ასევე, პარლამენტს მოუწევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება, საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევა და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. შესაბამისად, პარლამენტში განხილვები უნდა ჩატარდეს საზოგადოების ჩართულობით და სხდომებზე ფიზიკურად დასწრება უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რათა დაინტერესებულ პირებს მიეცეთ კითხვების დასმისა და მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა. 
 
რაც შეეხება პარლამენტში უსაფრთხოების ზომების მიღებას, აღნიშნული უნდა განხორციელდეს საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელოვანი მიზნის უგულებელყოფის გარეშე.
 
„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს პარლამენტს:
 
დაუყოვნებლივ აღადგინოს საქართველოს პარლამენტში საზოგადოების წარმომადგენლების დაშვების პროცესი;
 
მიიღოს წესი, რომელიც უზრუნველყოფს პარლამენტის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში საზოგადოების წარმომადგენლების რეალურ ჩართულობას.