სიახლეები

2022.04.13

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა მიმართულია ოპოზიციის დასუსტებისკენ

საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოში კომპეტენციური დავის ფარგლებში შესაძლოა კონკრეტული უმოქმედობის გასაჩივრება. დამატებით, ოპოზიციის წევრი დეპუტატები ვეღარ მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს  უმრავლესობის ნების გარეშე.

კომპეტენციური დავა არის სახელმწიფო ორგანოებს შორის დავა მათი უფლებამოსილებების დარღვევის თაობაზე. აღნიშნული კანონპროექტი ემსახურება პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას.

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა:

  • შეუსაბამოა საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტთან. ვენეციის კომისიის მიერ დადგენილი სტანდარტით, საპარლამენტო უმცირესობისთვის სასამართლოსადმი მიმართვის შეზღუდვა, ცალსახად უარყოფითია დემოკრატიული პროცესისთვის. ცვლილებები დააზიანებს სამართლის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრებას საქართველოში; 
  • უმრავლესობასა და ოპოზიციას არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. ცვლილების მიხედვით, მხოლოდ უმრავლესობას ექნება კონკრეტულ მოქმედებათა და უმოქმედობათა გასაჩივრების შესაძლებლობა, როდესაც ოპოზიციას მხოლოდ ნორმატიულ აქტზე შეეძლება დავა;
  • არ შეესაბამება ინიციატორთა მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანს და იწვევს პროცედურების აღრევას. ბუნდოვანებას ქმნის კომპეტენციური დავის საგნად მოქმედებასთან ერთად უმოქმედობის შემოტანა. შეუძლებელია დადგინდეს თუ რომელ ორგანოს „ეკუთვნის უმოქმედობა".

 

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო" მოუწოდებს პარლამენტს არ დაუჭიროს მხარი კანონპროექტს აღნიშნული სახით. აგრეთვე, მიმართოს ვენეციის კომისიას შესაბამისი სამართლებრივი დასკვნის მისაღებად.

 

დეტალურად იხილეთ ორგანიზაციის სამართლებრივი მოსაზრება.

 


 პარლამენტის ვებ. გვერდი, https://info.parliament.ge/#law-drafting/23799 [08.04.2022]

 „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო", ქართული ოცნების წევრი დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ისახავს მიზნად, 25.03.2022 https://democracyindex.ge/index.php?m=261&news_id=146 [13.04.2022]

 COMPILATION OF VENICE COMMISSION OPINIONS, REPORTS AND STUDIES ON CONSTITUTIONAL JUSTICE, CDL-PI(2020)004, 2020, Par. 5.1.1.