სიახლეები

2022.04.04

სამშენებლო კოდექსში ცვლილებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და იწვევს სამთავრობო ხარჯების დაუსაბუთებელ ზრდას

საქართველოს პარლამენტმა 30 მარტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქმნება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ). კანონპროექტით დაუსაბუთებელია ახალ სსიპ-ში დასაქმებულთა რაოდენობისა და შრომის ანაზღაურების ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდის საჭიროება. ამასთან, კანონპროექტი შეიცავს არაკონსტიტუციურ დებულებებს და მის შედგენაში არ ყოფილან ჩართულნი მუნიციპალიტეტები.

კანონპროექტით დაუსაბუთებელია ახალშექმნილი სსიპ-თვის გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯების გათვალისწინება:

კანონპროექტის თანახმად, 317 280 ლარიდან 1,279,440 ლარამდე იზრდება ცენტრალურ ხელისუფლებაში (ახლად შექმნილ სსიპ-ში) სივრცითი დაგეგმვის ფუნქციის შესრულებაზე მომუშავე პირთა რაოდენობა და შრომითი ანაზღაურების ბიუჯეტი. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, უშუალოდ სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტთა რაოდენობა, არსებულთან შედარებით, 5 ადამიანით იზრდება და შეადგენს 14 ადამიანს, დანარჩენი 19 თანამდებობა გათვალისწინებულია მენეჯერული და სხვა დამხმარე ფუნქციების შესასრულებლად, რის საჭიროებასაც სსიპ-ის შექმნა იწვევს. ამასთან, 14 სპეციალისტიდან გათვალისწინებულია 7 კონსულტანტის თანამდებობა, რომელთა სამუშაოს აღწერილობის შესახებაც ინფორმაცია არ არის ცნობილი და გაუგებარია კონკრეტულად რა ფუნქციას შეასრულებენ ისინი.

 

 

არსებული მდგომარეობით

კანონპროექტით

ზრდის ოდენობა

სახელფასო ბიუჯეტი(ლარი)

317 280

1 279 440

962 160

საერთო საშტატო რიცხოვნება (ადამიანური რესურსი)

12

33

21

ხელმძღვანელი (მენეჯერული პოზიციები)

3

9

6

ხელმძღვანელ პირთა ხელფასები

118 800

583 800

465 000

უშუალოდ სივრცითი მოწყობის საკითხებზე მომუშავე პირთა რაოდენობა

9

14

5

სივრცითი მოწყობის საკითხებზე მომუშავე პირთა ხელფასები

198 480

357 720

159 240

  

ამასთან, ინიციატივის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს:

  • მთავრობისთვის სააგენტოს მომსახურების საფასურის დადგენის უფლებამოსილების გადაცემა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მხოლოდ პარლამენტს შეუძლია დაადგინოს ამგვარი გადასახდელი;
  • მთავრობის მიერ ინიციატივის შემუშავებისას მუნიციპალიტეტების ჩართვაზე უარი. ცვლილებები უშუალოდ ეხება სივრცითი დაგეგმარების სფეროს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციის გავლის გარეშე ამგვარ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას.

ამასთან, კანონპროექტის მეორე მოსმენის ეტაპზე რიგი ფორმულირებები შესაძლოა დასაზუსტებელი იყოს, რათა მისმა ამოქმედებამ არ გამოიწვიოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში ჩარევა.

ორგანიზაცია ჩართული იყო პარლამენტში ინიციატივის პირველი მოსმენით საკომიტეტო განხილვებში, სადაც ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგნელებს პასუხები არ გაუციათ.

„დემოკრატიის ინდექსი-საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს უარი თქვას კანონპროექტის მიღებაზე მთავრობის მხრიდან შესაბამისი დასაბუთებისა და მუნიციპალიტეტების ჩართვის გარეშე.

დეტალურად იხილეთ ორგანიზაციის სამართლებრივი მოსაზრება.

 

 

 



საქართველოს პარლამენტის ვებ. გვერდი, https://info.parliament.ge/#law-drafting/23678 [31.03.2022]

საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტი.

საქართველოს კონსტიტუციის 76-ე მუხლის მეოთხე პუნქტი.