სიახლეები

2019.12.09

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დემოკრატიის ინდექსი - საქართველო აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საქმიანობა

უკვე 69-ე წელია, ყოველ 10 დეკემბერს, მსოფლიოში აღინიშნება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც 1948 წელს გაეროს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მიღებას უკავშირდება. ამ დროიდან ადამიანის უფლებებმა შეიძინა უნივერსალური ხასიათი. ადამიანის უფლებების დაცვა სახელმწიფოების უპირველესი პასუხისმგებლობაა, მიუხედავად განსხვავებებისა მათ შიდა საკანონმდებლო მოწესრიგებაში თუ ქვეყნების განსხვავებული გეო-პოლიტიკური ვითარებისა. 

პარლამენტის როლი სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხით განუზომელია. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფუნქციები ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოიცავს, მათ შორის:  

  • საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაციის და ეროვნული საკანონმდებლო ბაზის შექმნის/დახვეწის უფლებამოსილებას;  
  • აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე ზედამხედველობას ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების კუთხით;  
  • სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის და დამტკიცების პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის საჭიროებების გათვალისწინებას და წინ წამოწევას; 
  • ძალისხმევის გაწევას საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და საქართველოს სახელმწიფოსთვის მიცემული რეკომენდაციების შესასრულებლად, აღნიშნულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით. 

სწორედ ამიტომ, 2019 წლის 10 დეკემბრის აღსანიშნავად, გვსურს ხაზი გავუსვათ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აქტიურობის მნიშვნელობას ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში და საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია კომიტეტის საქმიანობის ეფექტურობის შესახებ.    

მიმდინარე წელს, განსაკუთრებით 2019 წლის მეორე ნახევარში, საქართველოში მომხდარი ადამიანის უფლებების დარღვევის არაერთი შემთხვევის ფონზე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი შემაშფოთებლად უუნარო აღმოჩნდა. 

საქართველოში მოქმედი საპარლამენტო კონსტიტუციური მოწყობა კიდევ უფრო მეტ უფლებამოსილებებსა და პასუხისმგებლობას ანიჭებს პარლამენტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ამ საკითხზე მთავრობის კონტროლის კუთხით. შესაბამისად, ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული არაერთი აქტუალური საკითხი გახდა საჯარო მწვავე პროტესტის საბაბი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის როლი და დატვირთვა უნდა ყოფილიყო შესაბამისად მაქსიმალურად მაღალი. მიუხედავად ამისა, კომიტეტის საქმიანობა საქართველოს პარლამენტის მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიის ფარგლებში არსებითად ჩამორჩებოდა კანონმდებლობით მისთვის გაწერილ მოთხოვნებს და ვერ პასუხობდა ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით პრაქტიკაში წამოჭრილ გამოწვევებს. კერძოდ:

1. 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების შედეგად დაშავდა არაერთი ადამიანი, დაისვა უფლებათა უხეში დარღვევის საკითხები ორი მიმართულებით: ა. იყო თუ არა პოლიციის რეაგირება პროპორციული, როდესაც გამოყენებულ იქნა რეზინის ტყვიები და ბ. იყო თუ არა დაცული აქციების შედეგად დაშავებულ მსხვერპლთა სისხლისსამართლებრივი საპროცესო გარანტიები, მაშინ, როცა იმ ადამიანებსაც კი, რომლებმაც დაკარგეს თვალი, არ მიენიჭათ ან დაგვიანებით მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი.

აღნიშნულ საკითხზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ადამიანის უფლებათა კომიტეტს უნდა: 

  • მოეწვია შინაგან საქმეთა მინისტრი და დაესვა მისთვის კონკრეტული შეკითხვები გამოყენებულ იარაღთან, დაშავებულ პირთა რაოდენობასთან დაკავშირებით;
  • მოეწვია გამოყენებული იარაღის სასიცოცხლო საფრთხის შემცველობის ხარისხის დასადგენად სპეციალური ცოდნის მქონე ექპერტები და გამოერკვია მათგან იარაღის გამოყენების შესაძლებლობები და სავარაუდო საფრთხეები 
  • იმ ფონზე, როდესაც მსხვერპლთა მიმართ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების დაყოვნება საკანონმდებლო პრობლემად ჩათვალა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ადამიანის უფლებათა კომიეტეტს შეეძლო: მოეწვია საქართველოს გენერალური პროკურორი და მოეთხოვა დეტალური ინფორმაცია არა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე, არამედ პროკურატურის პრაქტიკაზე (რა ეტაპზე და რა საფუძვლით ხდება დაზარალებულის სტატუსის მინიჭება), რა უშუალო ხარვეზია კანონში, რომელიც აფერხებს თვალგამოთხრილი ადამიანების დაზარალებულად ცნობას; მოეწვია აქციის მხსვერპლთა უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაიციების წარმომადგენლები და მათგან მიეღო ინფორმაცია მსხვერპლთა დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებით;
  • საკითხების განხილვის შედეგად შეემუშავებინა დასკვნა, რეკომენდაცია ან გადაწყვეტილება, ან მოემზადებინა საკნონმდებლო ცვლილებები დაზარალებულის სტატუსთან და იარაღის გამოყენების წესებთან დაკავშირებით. 

2. მიმდინარე წლის ნოემბერში, მწვავე საპროტესტო აქციების დროს, გამოხატვის უფლების უხეში დარღვევის საკითხი აქტიურად დადგა დღის წესრიგში. საჭირო გახდა ტერმინების “პიკეტირება” და “ბლოკირება” გამიჯვნა, რამდენადაც ამ ტერმინთა შინაარსზე იყო დამოკიდებული აქციის დაშლის კანონიერებისა და პროპორციულობის საკითხი.   

აღნიშნულ საკითხზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ადამიანის უფლებათა კომიტეტს უნდა: 

  • კომიტეტის სხდომაზე განეხილა საკითხი და პლენარული სხდომისთვის დასამტკიცებლად წარედგინა პროექტი რეზოლუციისა, რომლითაც, პარლამენტი გამოეხმაურებოდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და რეზოლუციის ფარგლებში განმარტავდა, სად გადის ზღვარი პიკეტირებასა და ბლოკირებას შორის. ამით კომიტეტს უნდა დაეცვა, როგორც ხალხისადმი ანგარიშვალდებულების პრინციპი, ისე ეპასუხა გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტით დაცვის მოთხოვნისთვის. აღნიშნულ საკითხზე ნათელის მოფენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ ფონზე, როდესაც დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები ერთსა და იმავე ქმედებას განსხვავებულად აკვალიფიცირებდნენ და მედიის მეშვეობით ურთიერთგამომრიცხავ შეფასებებს ავრცელებდნენ.   

4. ბოლო პერიოდში გამართული აქციების და მათი საწინააღმდეგო კონტრაქციების კონტექსტში, არაერთხელ დაფიქსირდა პოლიციის არაეფექტური მოქმედება, არაერთგვაროვანი მიდგომა აქციების და კონტრაქციების მონაწილეთა მიმართ.  აქციებმა და კონტრაქციებმა მოიცვა როგორც დედაქალაქი, ისე რეგიონებიც, რა დროსაც კონტრაქციების მონაწილეები იყვნენ აგრესიულები და ძალადობრივ ქმედებებსაც კი მიმართავდნენ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. ამ პროცესში პოლიციის რეაგირება არ იყო ეფექტური, ვერ ახდენდა ძალადობის პრევენციას და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზების უზრუნველყოფას.  

აღნიშნულ საკითხზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ადამიანის უფლებათა კომიტეტს უნდა: 

  • მოეწვია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და მოეთხოვა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გამოწვევები აქვს უწყებას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის პროცესში, ერთი მხრივ, აქციის მონაწილეთა ძალადობისაგან დაცვისა და მეორე მხრივ, ძალადობის განმახორციელებელთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით; რა არის იმის მიზეზი, რომ კონტრაქციის მოწყობის შემთხვევაში პოლიცია, როგორც წესი, ვერ ახერხებს ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას, ტოვებს პოლიტიზირებული მოქმედების აღქმას; 
  • შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უნდა მიეთითებინა, რომ გატარებულიყო პრევენციული ღონისძიებები ძალადობის თავიდან ასაცილებლად;  
  • თუ, საკითხის შესწავლის შედეგად, პოლიციელთა ქმედებაში ან ზემდგომი პირის მიერ პოლიციელთათვის ბრძანების გაცემის ნაწილში, გამოიკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, კომიტეტს უნდა უზრუნველეყო საკითხის შემდგომი რეაგირებისთვის გადაცემა (პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების შესახებ მიმართვის ან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ფორმატში).   

4. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი, სიღარიბე და მძიმე შრომა არაადეკვატურ პირობებში, ერთ-ერთი უმწვავესი საკითხია. მძიმე და საშიშპირობებიან სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა შრომითი უფლებების მდგომარეობა უკიდურესად რთული, ხოლო, სიკვდილიანობის რიცხვი განსაკუთრებით მაღალია. ამ ფონზე, ადამიანის უფლებათა კომიტეტი არ ჩქარობს ქმედითი შრომის ინსპექციის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის შესაქმნელად საკანონმდებლო საფუძვლების მომზადებას.  

ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით შეიქმნა შრომის უსაფრთხოების კუთხით საქართველოში არსებული გამოწვევების თაობაზე თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც მუშაობა უნდა დაესრულებინა 2019 წლის 08 ივლისამდე. ამის შემდეგ პარლამენტისთვის დასამტკიცებლად უნდა წარედგინა შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები. თემატური მოკვლევის ჯგუფმა ერთი სამუშაო შეხვედრა გამართა 2019 წლის 11 ოქტომბერს. თუმცა, ვადის გასვლის მიუხედავად, დასკვნები და რეკომენდაციები დღემდე არ შეუმუშავებია. 

კომიტეტის 2019 წლის სამოქმედო გეგმით (1.1.11. პუნქტი) გათვალისწინებულია 2019 წლის საშემოდგომო სესიისთვის „შრომის ინსპექციის შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირება, რაც ამ დრომდე არ შესრულებულა. შრომითი უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველი ორგანო კვლავ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტია. 

აღნიშნულ საკითხზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ადამიანის უფლებათა კომიტეტს უნდა: 

  • მოემზადებინა საკანონმდებლო საფუძვლები შრომის ინსპექციის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფდა შრომის პირობების ზედამხედველობას და ხელს შეუწყობდა შრომის ადეკვატური პირობების შექმნას.  

იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობის შეფასებით ხელს შევუწყობთ კომიტეტის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებას ადამიანის უფლებების დაცვის და ამავე საკითხზე აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების კუთხით.