სიახლეები

2020.02.27

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს პარლამენტს შეისწავლოს “ნარუშილოვკების” გაცემის საკითხი

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ ეხმაურება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში 23 იანვარს გასული სიუჟეტით გავრცელებულ ინფორმაციას და:

 

მოუწოდებს პარლამენტს, შეისწავლოს ე.წ. „ნარუშილოვკების“ სამართლებრივი ბუნება, მისი გაცემის წესები და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპთან შესაბამისობაში მოიყვანოს იგი;

 

მოუწოდებს პროკურატურას, ყოველმხრივ და სრულყოფილად გამოიძოს კონკრეტული ინფორმაციით გამოკვეთილი მაღალი თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სხვა შესაძლო დანაშაულთა ჩადენის ფაქტები.
როგორც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ვიდეო-მასალაში ჩანს, პოლიციელი 2014 წელს დაზვერვის სამსახურის უფროსის ლევან იზორიას ძმას აკავებს წვრილმანი ხულიგნობისთვის. იმ დროისთვის ლევან იზორია იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. ვიდეოში, ასევე, ჩანს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები დაკავების შემდეგ. კერძოდ, დაკავებული პოლიციელთან ახსენებს ლევან იზორიასთან ნათესაურ კავშირებს და იმუქრება, რომ იგი პოლიციელს სამაგიეროს გადაუხდის. სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი ასევე აცხადებს იმასაც, რომ შსს-მ, ნაცვლად სამართლებრივი რეაგირებისა, ლევან იზორიას ძმას დაუმზადა ე.წ. „ნარუშილოვკა“ და კიდევ უფრო მეტი პრივილეგია მიანიჭა. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტს იძიებს პროკურატურა მხოლოდ და მხოლოდ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. 
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული „ნარუშილოვკა“, როგორც საგზაო წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საშვი, სხვა დროსაც გახდა საჯარო ყურადღების საგანი. კერძოდ, რამდენიმე წლის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დღევანდელი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და იმ დროისთვის პროკურორი ნათია მეზვრიშვილი ფლობდა ე.წ. „ნარუშილოვკას“, რაც მაშინ მთავარმა პროკურატურამ საჯარო განცხადებით უარყო. რაც შეეხება ლევან იზორიას ძმისთვის გაცემულ „ნარუშილოვკას“, მასზე ინფორმაცია ვრცელდება ჯერ კიდევ 2015 წლიდან. 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ საგანგაშოდ მიიჩნევს სიუჟეტში გაჟღერებულ ინფორმაციას, ერთი მხრივ, კანონის უზენაესობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის უგულებელყოფის, ხოლო, მეორე მხრივ, მძიმე სამოხელეო დანაშაულებისთვის ხელის დაფარების გამო.

 

მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს (თავდაცვისა და უშიშროების/იურიდიულ საკითხთა):

 

  • დაიბაროს შს მინისტრი და დაუსვას კითხვები, ე.წ. „ნარუშილოვკების“ სამართლებრივ და პრაქტიკულ ასპექტებზე. კერძოდ:

 

  1. რომელი სამართლებრივი აქტით არის რეგულირებული „ნარუშილოვკების“ ე.ი. „საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებული აკრძალვებისა და შეზღუდვებისგან გათავისუფლების დამადასტურებელი საშვის“ გაცემა;
  2. თუ ეს მოწესრიგებულია შს მინისტრის ბრძანებით და ეს ბრძანება არ არის საჯარო, მოსთხოვოს მინისტრს გასაიდუმლოების კანონიერი საფუძვლის დასახელება;
  3. რომელ კანონს დაეყრდნო შს მინისტრი აღნიშნული ბრძანების გამოცემისას;
  4. მოსთხოვოს მინისტრს ინფორმაცია იმის თაობაზე, ვის მიმართ და რომელი თანამდებობის პირებისთვის გაიცემა „ნარუშილოვკა“ და რა შემთხვევებში;
  5. მოსთხოვოს მინისტრს ინფორმაცია 2019 წელს გაცემული „ნარუშილოვკების“ რაოდენობის შესახებ;
  6. მე-4 და მე-5 პუნქტების შეჯამების შედეგად თუ აღმოჩნდება, რომ გაცემული „ნარუშილოვკის“ ჯამი აღემატება დღეს ქვეყანაში სულ არსებული იმ პირების რაოდენობას, რომლებსაც სამართლებრივი აქტით შეუძლია ჰქონდეს იგი, პროკურატურას გაუგზავნოს ინფორმაცია სავარაუდო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ, რადგან შესაძლოა, დოკუმენტი უსაფუძვლოდ იყოს გაცემული არაუფლებამოსილ პირებზეც;
  7. გაასაჯაროვოს შესწავლის შედეგები პერსონალური მონაცემების დაცვით;

 

  • ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შემდეგ მოამზადოს დასკვნა, სადაც შეაფასებს „ნარუშილოვკების“ სამართლებრივი და პრაქტიკული საფუძვლების გამოკვლევის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებსა და მათზე რეაგირების ზომებს, მათ შორის, საჭიროების მიხედვით, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივები და რეკომენდაციები პასუხისმგებელი უწყების მიმართ.

 

მოუწოდებს პროკურატურას:

 

  • დაუყოვნებლივ, მიუკერძოებლად და სრულყოფილად გამოიძიოს და გამოკვეთოს ყველა დამნაშავე პირი, მათ შორის, სამოხელეო დანაშაულის ჩამდენი მოქმედი მაღალი თანამდებობის პირებიც; 

 

  • მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ამ დრომდე.