დეპუტატის ენზელ მკოიანის მონაწილეობით ახალქალაქში მომხდარი სროლის ფაქტი ობიექტურად უნდა იქნას გამოძიებული
ენზელ მკოიანის ვერსიის თანახმად: სამველ პეტროსიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ენზელ მკოიანის ძმისშვილს. მკოიანის ძმისშვილი პეტროსიანებთან საკითხის გარკვევას შეეცადა ნათესავების დახმარებით. ენზელ მკოიანი განმარტავს, რომ სიტუაცია უკვე განმუხტული იყო, როდესაც სამველ პეტროსიანი მივიდა მანქანით, დააპირა „თავად გასწორებოდა მკოიანებს“ და დამიზნებით სამჯერ ესროლა ენზელ მკოიანს. ენზელ მკოიანი მიუთითებს, რომ საპასუხოდ, თავდაცვის მიზნით, თავადაც გაისროლა ორჯერ, ჰაერში, თუმცა მისსავე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს რომ ენზელ მკოიანი იღებს იარაღს და დამიზნებული იარაღით გარბის პეტროსიანის მიმართულებით. ვიდეოჩანაწერი არ ასახავს ენზელ მკოიანის ვერსიას, რომ მან ჰაერში გასროლა მოახდინა.
სამველ პეტროსიანის ვერსიით, რომელსაც ადგილობრივი მედია საშუალება Jnews და „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებენ: ენზელ მკოიანის შვილი, ძმისშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი მივიდნენ პეტროსიანის შვილთან შესარიგებლად. კონფლიქტი გამოიწვია სამველ პეტროსიანის შვილზე ენზელ მკოიანის ძმის მოულოდნელმა თავდასხმამ. პეტროსიანი ადასტურებს, რომ მან რამდენჯერმე გაისროლა, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც გაიგონა, რომ მას და მის შვილს მოკვლით ემუქრებოდნენ.
გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით), ხოლო, ბრალი წარედგინათ სამველ პეტროსიანს და ენზელ მკოიანის ძმისშვილს. რაც შეეხება ენზელ მკოიანის მიერ იარაღიდან გასროლის ფაქტს და სამველ პეტროსიანის მიერ მითითებულ მუქარას მისი და მისი შვილის სიცოცხლის მოსპობის შესახებ (დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით), აღნიშნულ გარემოებებზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი.
გამოძიების მიმდინარეობისა და ამ დროისთვის ობიექტური სრული სურათის არარსებობის მიუხედავად, მმართველი ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე უტყუარად მიიჩნევს ენზელ მკოიანის ვერსიას თავდაცვისა და იარაღის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში გამოყენების თაობაზე, გამორიცხავს ენზელ მკოიანის ბრალეულობას, მაშინ, როცა კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე აღიარებს კონფლიქტის უფრო ღრმა საფუძვლებს, ხოლო გავრცელებული ვიდეო მასალა სრულად არ ასახავს მომხდარ ფაქტს.
ენზელ მკოიანი არის ხუთი მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი: 1999-2004 წლებში „საინიციატივო ჯგუფის“ სახელით, 2004-2008, 2008-2012 და 2012-2016 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,“ ხოლო, 2016 წლიდან დღემდე ის არის ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი პარტია „ქართული ოცნებიდან“. ენზელ მკოიანი, დეპუტატად ყოფნის ბოლო 12 წლის განმავლობაში არის მხოლოდ ერთი საკანონმდებლო ინიციატივის თანაავტორი, არასოდეს გამოსულა სიტყვით პლენარულ სხდომაზე, არცერთხელ მიუმართავს კითხვით მთავრობისთვის. ენზელ მკოიანს აქვს არადეკლარირებული ბიზნეს-ინტერესები - მის სახელს უკავშირდება ნავთობის ბიზნესის სფეროში რამდენიმე კომპანიის საქმიანობა.
ენზელ მკოიანის სახელმა არაერთხელ გაიჟღერა პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობრივი თავდასხმების ფაქტებთან კავშირში. მათ შორის: 2012 წელს, როცა ენზელ მკოიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, მისი სახელი დაუკავშირდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატზე თავდასხმის ფაქტს; 2018 წელს, როცა ენზელ მკოიანი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, მისი სახელი დაუკავშირდა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალქალაქის შტაბის უფროსის ცემის ფაქტს. ორივე დასახელებულ შემთხვევაში დაშავებულები მიუთითებდნენ ენზელ მკოიანის მონაწილეობაზე ძალადობრივ ქმედებებში, ხოლო ანგარიშსწორების მეთოდად ენზელ მკოიანის ნათესავების ჩართულობას ასახელებდნენ, თუმცა არცერთ შემთხვევაში თავად ენზელ მკოიანის ბრალეულობის საკითხი არ ყოფილა გამოკვლეული.
ენზელ მკოიანის ქმედებებში კანონდარღვევის ნიშნების არსებობის ისტორია (საეჭვო ქონებრივი დეკლარაციები, გაუმჭვირვალე ბიზნეს-ინტერესები, პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობრივ თავდასხმებთან მისი კავშირის შესახებ ეჭვები, გამოძიების და სხვა სახელმწიფო უწყებების არასათანადო რეაგირება, მმართველი პარტიის ლიდერების მხარდამჭერი განცხადებები) წარმოშობს საფუძვლიან ვარაუდს, რომ ენზელ მკოიანის მიმართ კანონის უზენაესობის პრინციპი არ მუშაობს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმეს იძიებს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი. ზემოთ უკვე მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მაღალია ალბათობა, რომ ადგილობრივი პოლიცია ვერ იქნება ობიექტური და ვერ ჩაატარებს ყოვლისმომცველ და დროულ საგამოძიებო მოქმედებებს ახალქალაქის ცენტში, ხალხის თავშეყრის ადგილზე მომხდარი სროლების ფაქტზე.
დეპუტატის საქმიანობის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საქმის გამოძიების მიმართ არსებობდეს საზოგადოების ნდობა. ამისთვის აუცილებელია საქმის გამოძიება დაექვემდებაროს პროკურატურას, როგორც ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა, და გამოძიება ჩატარდეს ობიექტურად, სრულად და დროულად.
მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას:
- საქმე გამოსაძიებლად ქვემდებარეობით გადასცეს გენერალურ პროკურატურას;
- საქმეზე ჩატაროს დროული, ობიექტური და ყოველმხრივი გამოძიება;
- მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას რეგულარულად მიეწოდოს ინფორმაცია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და გამოვლენილი გარემოებების თაობაზე.