სიახლეები

2020.06.09

საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ რეკომენდაციებით მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს

განახლებულ საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, რეგლამენტის შესაბამისად, საჯარო უწყებათაგან მიიღო საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შესახებ ე.წ. „10 დეკემბრის ანგარიშები.“

ორგანიზაციამ შეისწავლა 75 საჯარო დაწესებულების ანგარიშები: სასამართლოები, მთავრობა, სამინისტროები, პროკურატურა და სხვა უწყებები.

შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ უწყებები ძირითადად ვადის დაცვით წარადგენენ ანგარიშებს, თუმცა, ძალიან ხშირად, ანგარიშები არ შეიცავს ინფორმაციას კანონით გათვალსიწინებულ ყველა პუნქტთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად:

  • დადებითად უნდა შეფასდეს ის, რომ ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ანგარიში შეიცავს ისეთ ინფორმაციასაც, რომლის წარდგენის ვალდებულება კანონით არაა გათვალისწინებული, კერძოდ, 10 უწყების ანგარიშებში მოცემულია ინფორმაცია არა მხოლოდ წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შესულ განცხადებათა საერთო რაოდენობაზე, არამედ, აგრეთვე, კატეგორიზებულია, ვის მიერ, რამდენ შემთხვევაში და რა საკითხებზე იყო წარდგენილი განცხადება: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სახალხო დამცველის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშები.
  • სრუყოფილად ანგარიში წარდგენილი ჰქონდა მხოლოდ 7 უწყებას შესწავლილი 75 უწყებიდან: თავდაცვის, იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, საპენსიო სააგენტოს, პენიტენციურ სამსახურს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
  • ანგარიშები არ შეიცავს წინა წლებთან დაკავშირებით ანალიტიკურ მონაცემს, რაც შეუძლებელს ხდის იმის შეფასებას, საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, წინა წელთან შედარებით მიღწეული არის თუ არა პროგრესი.
  • 75 დაწესებულებიდან 6 მათგანს ანგარიში პარლამენტისთვის წარდგენილი ჰქონდა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო; სახელმწიფო ქონების სააგენტო; ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო; საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახური.
  • 12 კოლეგიური საჯარო დაწესებულებიდან 5 მათგანის ანგარიში არ შეიცავდა ინფორმაციას სხდომათა დახურვის ან/და დახურვის საფუძვლების შესახებ: ეროვნულ ბანკის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, აჭარის ა/რ უმაღლესი საარჩევნო კომისიის, აფხაზეთის ა/რ მთავრობის და უმაღლესი საბჭოს.
  • სასამართლოები ხშირად არ გასცემენ გადაწყეტილებების ასლებს იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილებებში არსებული მხარეთა პერსონალური მონაცემების დაფარვა დაკავშირებული იქნებოდა სასამართლოს თანამშრომელთა დიდი რესურსის მობილიზებასთან და ამით დაბრკოლდებოდა მართლმსაჯულების განხორციელება (ამგვარი დასაბუთებით თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წელს 200 შემთხვევაში თქვა უარი ინფორმაციის გაცემაზე).

რეკომენდაციები პარლამენტს - ე.წ. „10 დეკემბრის ანგარიშების“ სრულყოფის მიზნით, კანონით შემდეგ ორ მონაცემზე გახდეს პარლამენტისთვის ინფორმაციის წარდგენა სავალდბეულო:

  • ინფორმაციის გაცემაზე უარის, ნაწილობრივ დაკმაყოფილების და კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შესახებ;
  • წინა წელთან შედარებით ანალიზის შესახებ.

რეკომენდაციები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს:

  • შეიმუშავოს ანგარიშის წარდგენის ერთიანი ფორმა ყველა საჯარო დაწესებულების მიმართ;
  • დაინტერესდეს საერთო სასამართლოებში ინფორმაციის გაცემაზე უარის საფუძვლიანობით, გამოარკვიოს, არის ეს კანონის ხარვეზით გამოწვეული თუ რესურსების ნაკლებობით. ორივე შემთხვევაში შეიმუშავოს პრობლემის მოგვარების მექანიზმი;
  • საჭიროების მიხედვით, ანგარიშების განმხილველ საკომიტეტო სხდომაზე მოიწვიოს საჯარო დაწესებულებათა წარმომადგენლები და დაუსვას კითხვები მათი ანგარიშებიდან გამოკვეთილ პრობლემებზე;
  • გამოაქვეყნოს სია კანონდამრღვევი უწყებებისა, რომლებმაც ან საერთოდ არ წარუდგინეს ანგარიში პარლამენტს ან ვადის დარღვევით წარუდგინეს.

წარდგენილი შენიშვნები და რეკომენდაციები, მათ შორის, უწყებათა ანგარიშების შესწავლის შედეგები იხილეთ ლინკზე