ხელმომწერი პირები ეხმაურებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიხეილ ჩინჩალაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე ხელახალი ვადით დანიშვნის მცდელობას
მიმდინარე წლის გაზაფხულზე რამდენიმე სასამართლოს თავმჯდომარეს, მათ შორის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს ამოეწურა სასამართლოს თავმჯდომარეობის 5 წლიანი ვადა. კანონით, სასამართლოს თავმჯდომარეს ამავე სასამართლოს მოსამართლეთაგან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებთან მართავს კონსულტაციებს.
სასამართლო სისტემის მიმართ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მზარდი კრიტიკის ფონზე იუსტიციის საბჭო, როგორც ჩანს, ცდილობს საზოგადოებისგან მალულად შეინარჩუნოს კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში. იუსტიციის საბჭომ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება დროებით დააკისრა კლანის არაფორმალურ ლიდერს, მიხეილ ჩინჩალაძეს. ამ დრომდე ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნებული არ არის.
მიხეილ ჩინჩალაძე სასამართლო სისტემაში დანიშნულია 2007 წლიდან, მაშინ, როდესაც იმდროინდელი მთავარი პროკურორის გავლენით, მოსამართლეებზე არაფორმალური კონტროლის განხორციელების მიზნით, პროკურატურის სისტემიდან მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა რამდენიმე კაციანი ჯგუფი. 2016 წელს, როდესაც მიხეილ ჩინჩალაძეს ეწურებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათწლიანი ვადა, საქართველოს პარლამენტმა დასრულებული კანონპროექტი დააბრუნა ხელახლა განსახილველად და შეიტანა მასში ცვლილება, რომელიც მორგებული იყო კონკურენციის გარეშე მიხეილ ჩინჩალაძის უვადო დანიშვნაზე. ამ ცვლილების საფუძველზე ის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა 2017 წლიდან.
2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნებული ევროკომისიის მოსაზრებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობა არის საქართველოს დემოკრატიულ ქვეყანად არსებობის მნიშვნელოვანი დაბრკოლება. მოსაზრებაში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთ პირობად აღნიშნულია მართლმსაჯულების ინსტიტუციურ ჯაჭვში სასამართლო სისტემის მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ამ დრომდე პარლამენტს არ ჰყავს დანიშნული 5 არამოსამართლე წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭში, რაც იმას ნიშნავს რომ საზოგადოება არ მონაწილეობს საბჭოს საქმიანობაში, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არ შეესაბამება კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტს. იუსტიციის საბჭოს მიერ ამ ვითარებით სარგებლობა და კლანის არაფორმალური ლიდერისთვის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გახანგრძლივება აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს:
- მხარი არ დაუჭირონ მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე.
- თავმჯდომარის შერჩევის პროცესი გაიმართოს გამჭირვალედ, ინკლუზიურად, მათ შორის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაციები ჩატარდეს საჯაროდ.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი
- დემოკრატიის ინდექსი - საქართველო
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- სასამართლოს გუშაგი
- სამოქალაქო იდეა
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია
- ევროპულ ქართული ინსტიტუტი
- ღია საზოგადოების ფონდი