სიახლეები

2022.05.20

ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა გადაყვანის საკანონმდებლო ინიციატივა ხელს შეუწყობს სისტემის პოლიტიზირებას

სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა  ორი მოსმენით მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან, შეიცავს პოლიციელთა, სუს-ის თანამშრომელთა და სამხედრო მოსამსახურეთა უფლებათა დარღვევისა და  ძალოვანი უწყებების პოლიტიზირების რისკებს.

საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომლის მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მიეცემათ შესაძლებლობა უწყებაში დასაქმებული პირი სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე გადაიყვანონ ტოლფას თანამდებობაზე 1 წლამდე ვადით იძულებით, მისი თანხმობის გარეშე, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 1 წლით, მათ შორის, სხვა ტერიტორიულ ერთეულში. ხოლო თავდაცვის მინისტრს აღნიშნული უფლებამოსილება კონკრეტული ვადით შემოფარგვლის გარეშე ენიჭება.

  • კანონპროექტში გათვალისწინებული ტერმინი „სამსახურეობრივი საჭიროება" ბუნდოვანია და ქმნის უფლებამოსილების დაუსაბუთებლად გამოყენების შესაძლებლობას. ბუნდოვანი უფლებამოსილების არსებობა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რადგან ქმნის მისი თვითნებური გამოყენებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხეს;
  • კანონპროექტით პოლიტიკური თანამდებობის პირებს განუსაზღვრელი უფლებამოსილება ენიჭებათ. პოლიტიკოსებისთვის შესაძლებელი გახდება უფლებამოსილების ვიწროპარტიული მიზნებისთვის გამოყენება და უწყებათა თანამშრომლების არასათანადო მიზნებით სხვა ტერიტორიულ ერთეულში გადაყვანა. შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები წარმოადგენენ სახელმწიფო პოლიტიკური-თანამდებობის პირებს. პოლიტიკოსისთვის განუსაზღვრელი დისკრეციის მინიჭება ხელს შეუწყობს ძალოვან უწყებათა პოლიტიზირებას.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ", ასევე სხვა დაინტერესებულმა პირებმა,  კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას გამოთქვეს შენიშვნები. "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" შეთავაზება გულისხმობდა გადაყვანის მექანიზმის თვითნებურად გამოყენების პრევენციისკენ მიმართულ შემდეგ რეკომენდაციებს:

  • კანონმა გაითვალისწინოს თანამშრომელთა გადაყვანისთვის ობიექტური გარემოებების ჩამონათვალი, რომელიც გადაყვანის კანონიერებას განსაზღვრავს.
  • დადგინდეს მექანიზმი, რომლითაც თანამდებობის პირს შეეზღუდება ერთი და იგივე თანამშრომლის, დროის კონკრეტულ მონაკვეთში ხელმეორედ გადაყვანა.
  • თანამდებობის პირისთვის დაწესდეს მკაფიო ვალდებულება დაასაბუთოს გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება.

პარლამენტმა, სამოქალაქო საზოგადოების შენიშვნების გათვალისწინების გარეშე, ორი მოსმენით მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო" მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დააბრუნოს კანონპროექტი მეორე მოსმენით განხილვის ეტაპზე და მხოლოდ არსებითი გადამუშავების შემდგომ დაუჭიროს მხარი.

დეტალურად იხილეთ ორგანიზაციის მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის გაგზავნილი სამართლებრივი მოსაზრებები.

მოსაზრება 1.

მოსაზრება 2.

 


 საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, https://parliament.ge/legislation/23938 [19.05.2022]

 „საჯარო სამსახურის შესახებ" მესამე მუხლის „თ" ქვეპუნქტი.