სიახლეები

2022.03.25

ქართული ოცნების წევრი დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ისახავს მიზნად

საქართველოს პარლამენტში განიხილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატების ინიციატივა, რომლითაც შესაძლებელი გახდება საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილების, მათ შორის ელჩების დანიშვნაზე უარისა და ევროპის კავშირის ქვეყნების დედაქალაქებში ვიზიტების განხორციელების, გასაჩივრება. მსგავსი გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობას დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. აღნიშნული ინიციატივა ემსახურება პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას.

კანონპროექტის მიზანი, მოახდინოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვიწრო პარტიული მიზნებით გამოყენება, იკვეთება შემდეგი გარემოებებიდან:

  • კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა იმავე დღეს, როცა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებდა. პოლიტსაბჭოს განცხადება, თავის მხრივ, წარმოადგენდა მმართელი პარტიის რეაგირებას წინა დღით პარლამენტში გამართულ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენაზე, სადაც პრეზიდენტმა გააკრიტიკა მთავრობის გადაწყვეტილება, რომლითაც მას წერილობით ეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე;
  • კანონპროქტი დაუდევრად, არასრულყოფილად და ტექნიკურად გაუმართავად არის ინიცირებული. კანონპროექტის რედაქცია არ მოიცავს ყველა იმ ცვლილებასა თუ დამატებას რაც საჭიროა მისი ეფექტიანი გამოყენებისთვის;
  • 25 მარტს, პარლამენტის ბიურომ ყოვლად დაუსაბუთებლად მიიღო კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება. მსგავსი პრაქტიკა პარლამენტმა გამოიყენა  სახელმწიფო ინსპექტორზე თავდასხმისთვის;
  • საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, თუ როგორ მოქმედებს საქართველოს პარლამენტი იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე დამოუკიდებელი ინსტიტუტის მხრიდან გაისმის მმართველი პარტიის მცირედი კრიტიკა ან თუნდაც, განსხვავებული მოსაზრება. სულ უახლოეს წარსულში, დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის გავრცელების გამო პენიტენციური სამსახურის მხრიდან დარღვევის დადგენა გახდა, დამოუკიდებელი ინსპექტორის გათავისუფლების მიზნით, ამ სამსახურის გაუქმების საფუძველი;
  • ყველა ასეთი კანონპროექტი პარლამენტში მყისიერად რეგისტრირდება და სწრაფად იქცევა კანონებად, სხვა მნიშვნელოვანი კანონპროექტებისგან განსხვავებით, რომლებიც თვეები ან წლებია ელოდება განხილვას;
  • საქართველოს პარლამენტს წლების განმავლობაში აღსრულებულის გარეშე აქვს დატოვებული საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება. მათ შორის არის გადაწყვეტილებები საერთო სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საჯაროობის, აგრეთვე, გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულის უფლებათა სტანდარტის გაზრდის შესახებ;
  • ცალკეულ მოსამართლეთა მხრიდან მმართველ პარტიასთან ალიანსში მყოფი სასამართლოს კლანის მოსაზრების საწინააღმდეგო განცხადება ასევე, გახდა ინდივიდუალური მოსამართლის დასჯის ბერკეტების კლანისთვის გადამცემი კანონის მიღების საფუძველი.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, შეწყვიტოს პარლამენტის გამოყენება ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებისა და ერთპარტიული ძალაუფლების დაკანონების საშუალებად.



ხელმისაწვდომია: „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის პროექტი  https://info.parliament.ge/#law-drafting/23799 [23.03.2022]

ქართული ოცნება, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება, 15.03.2021, https://bit.ly/3CTqlYL [19.03.2022]

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესახებ, 07.12.2021, https://bit.ly/3qtAupP [23.03.2022]

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“, დამოუკიდებელი ინსტიტუტების შესუსტება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს, 29.12.2021, https://bit.ly/3qrhQ1O [23.03.2022]

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე "„ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის №1/3/1312 გადაწყვეტილება საქმეზე „კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

Civil.ge, მოსამართლეთა ნაწილი აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოების მიმართ კოლეგების კრიტიკას არ იზიარებს,5.11.2021 https://civil.ge/ka/archives/453211 [23.03.2022]

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“, დამოუკიდებელი ინსტიტუტების შესუსტება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს, 29.12.2021, https://bit.ly/3qrhQ1O [23.03.2022]