D E M O C R A C Y   I N D E X

იურისტები კახა წიქარიშვილი, თამარ ლალიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, ეკა ციმაკურიძე, ბესარიონ ლოლაძე, უჩა ნანუაშვილი ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებენ სასამართლოში არსებულ კლანზე საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდოს
2021-06-22

იურსტები კახა წიქარიშვილი, თამარ ლალიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, ეკა ციმაკურიძე, ბესარიონ ლოლაძე, უჩა ნანუაშვილი მიესალმებიან სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივას, ამავდროულად ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებენ კლანის შესახებ საზოგადოებას სრული სიმართლე მიაწოდოს.    

საზოგადოებისთვის ცნობილია, გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი, იგივე კლანი, 2012 წლის შემდეგ არ შექმნილა. ეს ჯგუფი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს შეიქმნა და ასრულებდა იგივე ფუნქციას, რასაც ასრულებს დღეს, კერძოდ, ეს არის სასამართლო სისტემის პოლიტიკური კონტროლი. 2012 წლამდე ამ ჯგუფს მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა მმართველ პარტიასთან, რომელთანაც ხდებოდა ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შეთანხმება - როგორც კონკრეტულ საქმეებზე, ასევე საკადრო საკითხებზე (მოსამართლეთა დანიშვნა, გადაყვანა, საქმეთა განაწილება, სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნა, ურჩი მოსამართლეების დასჯა და პოლიტიკურად მორჩილი მოსამართლეების დაწინაურება). სწორედ ამ ჯგუფის დამსახურებაა იმ მასობრივი უსამართლობის „მენეჯმენტი“, რომელზეც ასე გაბედულად საუბრობენ ქართული ოცნების ლიდერები.  

შესაძლოა დღეს სასამართლო კლანი გაცილებით უფრო ფართო ავტონომიით სარგებლობს, ვიდრე 2012 წლამდე (მათ შორის საკადრო საკითხებში), მაგრამ როგორც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, ასევე დღეს არსებობენ თანამდებობის პირები, როგორც კლანის ასევე ხელისუფლების მხრიდან, რომლებსაც პირდაპირი და ფარული კავშირები აქვთ ერთმანეთთან. სწორედ ამ კავშირების მეშვეობით ხდება სასამართლოში მისაღები გადაწყვეტილებების წინასწარ შეთანხმება და კლანისადმი პოლიტიკური ხელისუფლების მხარდაჭერის მობილიზება.  

დღეს როდესაც, პოლიტიკური ხელისუფლება და სასამართლოს ხელმძღვანელობა სრულად შეკრულია ერთმანეთთან და კლანის მუშაობის შესახებ შიდა ინფორმაცია „აღარ ჟონავს“, ნაციონალურ მოძრაობას აქვს ფართო შესაძლებლობა საზოგადოებას გააცნოს სასამართლოში კლანის მუშაობის სტილი და სპეციფიკა და ის მავნე შედეგები, რაც კლანს შეუძლია მოუტანოს ქართულ მართლმსაჯულებას.