D E M O C R A C Y   I N D E X

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის დანიშვნას ეხმაურება
2021-05-23


საქართველოს სასამართლო სისტემა ფუნდამენტურ გაჯანსაღებას საჭიროებს, რაც აღიარებულია 2021 წლის 19 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმებით;

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სასამართლოს მართავს გავლენიანი ჯგუფი - კლანი, რომლის მმართველობითი ძალაუფლება ემყარება მმართველი პარტიის პოლიტიკურ მხარდაჭერას და მოსამართლეთა მიერ თვითმმართველობის ფორმალურად განხორციელებას;

დღეისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრი მოსამართლეთა კონფერენციის, ხოლო 5 წევრი საქართველოს პარლამენტის მიერ. ამასთან, არჩევნების ჩვეულ სტილში, არსებული საკანონმდებლო რეგულაციებით ჩატარებით, მოსალოდნელია მხოლოდ კლანური როტაცია იუსტიციის საბჭოში - საბჭოს  წევრების ჩანაცვლება კლანისთვის მისაღები სხვა მოსამართლე წევრებით;

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ ხელისუფლებას შეაჩეროს სასამართლო სისტემის ახალი კადრებით დაკომპლექტება სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე.

მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ საქართველოს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის მოწვევა სავალდებულოა იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის მიზნით, თუმცა კონფერენცია უფლებამოსილებას იძენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადასტურდება მოქმედ მოსამართლეთა ნახევარზე მეტის დასწრება.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი მოუწოდებს:

საქართველოს მოსამართლეებს -  გააკეთონ ღირსეული პროფესიული არჩევანი და არსებული ვითარების გათვალისწინებით, გამოიყენონ კონფერენციაზე არდასწრების უფლება;

პარლამენტის წევრებს - დაუყოვნებლივ და ფართო ჩართულობით დაიწყოს სასამართლო ხელისუფლებაში არსებული პრობლემების დასაძლევად რეალური საკანონმდებლო მუშაობა, პრობლემების შეფასება და მათი გადაჭრის რეალური გზების დასახვა.