D E M O C R A C Y   I N D E X

მთავრობის მიერ მუნიციპალური ტრანსპორტის შეჩერება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას
2021-05-05

მთავრობის მიერ მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვა უხეში ჩარევაა თვითმმართველობათა საქმიანობაში და ეწინააღმდეგება დემოკრატიულ მართვას.

საქართველოს მთავრობამ 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით პერიოდში შეაჩერა მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება.[1] ამ გადაწყვეტილებით, მთავრობამ მუნიციპალიტეტებს შეუზღუდა მოემსახურონ ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილდნენ მუნიციპალური ტრანსპორტით. შესაბამისად, 3 მაისიდან მუნიციპალიტეტები ვეღარ ახერხებენ ორგანიზება გაუწიონ ადგილზე მუნიციპალური ტრანსპორტით მოსახლეობის მომსახურებას.

გადაწყვეტილების უკანონობა გამოიხატა შემდეგში: ა) იგი არღვევს კონსტიტუციითა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გარანტირებულ უფლებამოსილებებს - მუნიციპალიტეტებმა საკუთარი უფლებამოსილება განახორციელონ დამოუკიდებლად; ბ) გადაწყვეტილების მიღების პროცედურის უხეშმა დარღვევამ გამორიცხა გადაწყვეტილების კანონიერება.

ა) იგი არღვევს კონსტიტუციითა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გარანტირებულ უფლებამოსილებებს - მუნიციპალიტეტებმა საკუთარი უფლებამოსილება განხორციელონ დამოუკიდებლად

მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება საქართველოში მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რაც პირდაპირაა მითითებული ორგანულ კანონში.[2]კონსტიტუციის მიხედვით კი, ორგანული კანონით განსაზღვრული მუნიციპალიტეტთა საკუთარი უფლებამოსილებები სრული და ექსკლუზიურია,[3] მუნიციპალიტეტები საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებენ დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით.[4]  პირველ რიგში, აღნიშნული დამოუკიდებლობა მიემართება ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას. საქართველოში მუნიციპალიტეტები დამოუკიდებლად ახდენენ ადგილობრივი გადაყვანების ორგანიზებას და, შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების გაწევას. საქართველოს მთავრობა არ არის უფლებამოსილი მუნიციპალიტეტებს განუსაზღვროს თუ როგორ გამოიყენოს ან შეზღუდოს ადგილზე მგზავრთა გადაყვანის ორგანიზების უფლებამოსილება.

მსგავსად საქართველოს კონსტიტუციისა, ევროპის ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტია სახელმწიფოებს უდგენს სტანდარტს, რომლითაც თვითმმართველობებისთვის მიცემული უფლებამოსილებები უნდა იყოს, როგორც წესი, სრული და ექსკლუზიური და არ უნდა შეიზღუდოს სახელწიფო ცენტრალური ან რეგიონული ხელისუფლებები მიერ. [5]

ბ) გადაწყვეტილების მიღების პროცედურის უხეშმა დარღვევამ გამორიცხა გადაწყვეტილების კანონიერება

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „ნორმატიულ აქტში ცვლილების (ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების)) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით“.[6] განსახილველ შემთხვევაში, ტრანსპორტით გადაადგილების რეგულირება, მათ შორის აკრძალვა, უნდა განსაზღვრულიყო მხოლოდ ორგანულ კანონში ცვლილების საფუძველზე და არა მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე, რამდენადაც, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი არის ორგანული კანონი და სწორედ აღნიშნული ორგანული კანონი არეგულირებს ამ საკითხს, რომლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებასაც იგი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანიჭებს მხოლოდ.

მთავრობის  დადგენილება გამოცემულია ორდინალური კანონის საფუძველზე, რომელიც არ სარგებლობს ორგანული კანონის სტატუსით. კერძოდ, მთავრობა დელეგირებულ უფლებამოსილებას ახორციელებდა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის  საფუძველზე. [7]

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე არაკონსტიტუციურად ცნო დასახელებული მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მთავრობას უფლებამოსილებას აძლევდა მოეწესრიგებინა ისეთი საკითხი, რომლისთვისაც კონსტიტუცია ორგანული კანონით რეგულირების მოთხოვნას აწესებდა. სასამართლომ განმარტა, რომ „ამა თუ იმ საკითხის ორგანული კანონით რეგულირებაზე მითითებით, საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, რომ შესაბამის საკითხთა გადაწყვეტა უნდა ხდებოდეს უფრო მაღალი ლეგიტიმაციის პირობებში, პარლამენტის წევრთა მეტი რაოდენობის მხარდაჭერით. ... [საკითხის] ამგვარი გადაწყვეტა კი შეუთავსებელია როგორც უფლებამოსილების დელეგირების ზოგად ფუნქციასა და მიზნებთან, ისე შესაბამისი კონკრეტული საკითხის ორგანული კანონმდებლობით მოწესრიგების კონსტიტუციურ ლოგიკასთან“.[8]

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს:

- საქართველოს მთავრობას - შეაჩეროს მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის აკრძალვა და დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს;

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს - რეგლამენტით განსაზღვრული ბერკეტების გამოყენებით აღმოფხვრას მთავრობის გადაწყვეტილების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა.

 

[1] საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 აპრილის №187 დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. https://matsne.gov.ge/ka/document/view/5158822

[2] ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი.

[3] საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის მესამე პუნქტი.

[4] საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის მესამე პუნქტი.

[5] ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის მეოთხე მუხლის მეოთხე პუნქტი. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2004 წლის 26 ოქტომბერს. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/42658

[6] ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტი.

[7] „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს საკარანტინო ღონისძიებები.

[8] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილება საქმეზე "პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ", II-72