D E M O C R A C Y   I N D E X

GRECO მიიჩნევს, რომ პარლამენტი საკანონმდებლო პროცესში საჯარო ჩართულობას სათანადოდ არ უზრუნველყოფს
2021-04-21

GRECO-მ (ევროსაბჭოს სახელმწოფოთა ანტიკორუფციულმა ჯგუფმა) 2021 წლის 12 აპრილს გამოაქვეყნა საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების ანგარიში. მისი შეფასებით, გამჭვირვალობის კუთხით, პარლამენტის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზია საკანონმდებლო პროცესში საჯარო კონსულტაციების არასათანადო უზრუნველყოფა. GRECO-ს თანახმად, პარლამენტს არ აქვს ნათლად გაწერილი წესები, რომელიც საზოგადოებას მისცემს დროს და შესაძლებლობას, სრულყოფილად ჩაერთოს საკანონმდებლო საქმიანობაში[1].

საკანონმდებლო პროცესში საჯარო კონსულტაციების, ანუ, საზოგადოების ჩართულობის პრობლემაზე ორგანიზაციამ, “დემოკრატიის ინდექსი - საქართველო” - არაერთხელ ამხილა საქართველოს პარლამენტი და მოუწოდა მას ამ არსებითი ხარვეზის გამოსწორებისკენ.

საკანონმდებლო პროცესში საზოგადოების ჩართულობის პრობლემა გამოიხატა: ა) მნიშვნელოვანი კანონპროექტების უსაფუძვლოდ დაჩქარებულ განხილვასა და ბ) კანონპროექტების დაგვიანებით გამოქვეყნებაში, რომელმაც დაინტერესებული პირებისთვის მათი ხელმისაწვდომობისა და გაცნობის შესაძლებლობა პრაქტიკულად გამორიცხა:

ა) მნიშვნელოვანი კანონპროექტების უსაფუძვლოდ დაჩქარებული განხილვა

მაგალითად, ორგანიზაციამ უსაფუძვლოდ დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვის მავნე ტენდენციაზე ჯერ კიდევ 2020 წლის ანგარიშში მიუთითა[2]. კერძოდ, მხოლოდ 2020 წლის საგაზაფხულო სესიის 22 მაისიდან 30 ივნისამდე პერიოდში (პანდემიის გამო პარლამენტმა 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე მუშაობა მხოლოდ 22 მაისიდან განაახლა) პარლამენტში სულ დარეგისტრირდა 25 კანონპროექტი; ამათგან, თითქმის ნახევარზე – 12 კანონპროექტზე მოთხოვნილი იყო დაჩქარებული წესით განხილვა. ინიციატორების 12 მოთხოვნიდან, კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ, მხოლოდ 4 შემთხვევაში იყო კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოცემული დაჩქარების კონკრეტული და გონივრული მიზეზი. დარჩენილ 8 შემთხვევაში დაჩქარების საფუძველი არ არსებობდა (დაჩქარების საჭიროებად ძირითადად გამოყენებული იყო თავად კანონპროექტით მოსაწესრიგებელი საკითხის მნიშვნელობა და მისი მასშტაბები, რაც შეიძლება ნებისმიერი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მიესადაგოს).

2020 წლის საშემოდგომო და შემდგომ რიგგარეშე სესიაზე პარლამენტში წარდგენილი 50 კანონის პროექტიდან 13 პროექტი განიხილა პარლამენტმა დაჩქარებული წესით. ამათგან 2 შემთხვევაში დაჩქარებული განხილვის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო. მართალია, ამ პერიოდში კანონპროექტების უსაფუძვლოდ დაჩქარებულად განხილვის მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა გაუმჯობესება არ მომხდარა კანონმდებლობაში არსებული ბუნდოვანების აღმოფხვრის გზით და საჯარო კონსულტაციების გარეშე კანონპროექტების განხილვის რისკები კვლავ რჩება. 

ბ) კანონპროექტების დაგვიანებით გამოქვეყნება

კანონპროექტების დაგვიანებით გამოქვეყნება ბოლო პიეროდის საპარლამენტო პრაქტიკის მავნე ტენდენციად ყალიბდება.

მაგალითად, მიმდინარე წლის 29 მარტს დაჩქარებული წესით განიხილეს კანონის პროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებული ცვლილებების თაობაზე, რომელიცერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მაღალი ინტერესის მქონე საკითხს - მოსამართლეთა დანიშვნის წესს შეეხებოდა. კერძოდ, ბიუროს სხდომის დასრულების შემდგომ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის წევრების მიმართვის საფუძველზე, დღის წესრიგში მოხდა ცვლილება და მას აღნიშნული საკითხი დაემატა განსახილველად. საგულისხმოა, რომ საკანონმდებლო პაკეტი მხოლოდ მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ბიუროს სხდომა დასრულდა. ამით პრაქტიკულად მოისპო კანონპროექტის სრული ვერსიის შესწავლისა და მასზე მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა პირველი მოსმენის ფარგლებში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე[3].

ამგვარმა მანკიერმა პრაქტიკამ პარლამენტში ფეხი უკვე მყარად მოიკიდა. კანონპროექტები ქვეყნდება არა რეგისტრაციისას, არამედ მხოლოდ მისი ბიუროს სხდომაზე წარდგენის შემდგომ. ჩვენმა ორგანიზაციისამ გამოავლინა შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ საკომიტეტო მოსმენისთვის განკუთვნილი პროექტი უშუალოდ განხილვის დაწყების მომენტშიც კი არ იყო გამოქვეყნებული, რასაც არაერთი მაგალითი მოწმობს:

- საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ მანდატებს[2], გამოქვეყნდა დაგვიანებით. კერძოდ, კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტს წარედგინა 16 დეკემბერს, ხოლო პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 21 დეკემბერს, საკომიტეტო განხილვის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.

- ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი კომიტეტზე ისე გავიდა განსახილველად, რომ არ იყო გამოქვეყნებული.

ყოველივე ზემოაღნიშნული ცალსახად გამორიცხავს საზოგადოებასთან კონსულტაციას, რომელსაც GRECO პარლამენტის საქმიანობის სერიოზულ ხარვეზად მიიჩნევს.

“დემოკრატიის ინდექსი - საქართველო” კვლავაც მოუწოდებს პარლამენტს:

- რეგისტრაციისთანავე გამოაქვეყნოს კანონპროექტები და ამით უზრუნველყოს კანონპროექტებზე ხელმისაწვდომობა და საკანონმდებლო პროცესში დაინტერესებულ პირთა ჩართულობა.

- GRECO-ს რეკომენდაცია შეასრულოს სრულად და ჩამოაყალიბოს კანონპროექტთა განხილვაში ჩართულობის მიზნით საჯარო კონსულტაციებისთვის ნათელი და გამჭვირვალე პროცედურა.

 

 

 

 

[1] Group of States Against Corruption, Fourth Evaluation Round, Corruption Prevention in Respect of Members of Parliament, Judges, and Prosecutors, Second Compliance Report, Georgia, 12 April, 2021, GrecoRC4(2021)9, para 11, https://rm.coe.int/fourth-evaluation-round-corruption-prevention-in-respect-of-members-of/1680a21666   

[2] საქართველოს პარლამენტის 2020 წლის საგაზაფხულო და საგანგებო სესიების მუშაობა, 2020, გვ.22 https://democracyindex.ge/uploads/tsinadadebebi/saqart.parl._2020_w.sagaz.da_sagan._sesiebis_mushaoba-2.pdf?fbclid=IwAR1G_NvHI4q254ohbP70I1jiLt6CXcc2Yry48ucINzaCSy4dehJBwxWv7Ys

[3] იხ. დეტალურად ჩვენი ორგანიზაციის 2021 წლის 30 მარტის განცხადება: https://democracyindex.ge/ge/news/read/90/kanonproeqtebis-dagvianebuli-gamoqveyneba-abrkolebs-samoqalaqo-sazogadoebis-chartulobas-sakanonmdeblo-procesebshi