D E M O C R A C Y   I N D E X

კანონპროექტების დაგვიანებული გამოქვეყნება აბრკოლებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას საკანონმდებლო პროცესებში
2021-03-30

საქართველოს პარლამენტი დაგვიანებით აქვეყნებს კანონპროექტებს, რაც მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს დაინტერესებული პირებისთვის, ჩაერთონ საკანონმდებლო პროცესში. დაგვიანებული გამოქვეყნება უფრო მწვავე პრობლემა ხდება მაშინ, როდესაც კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება რაც თავის მხივ, დამატებით ზღუდავს ჩართულობას განხილვის შემჭიდროებული ვადებიდან გამომდინარე.

2021 წლის 29 მარტს ბიუროს სხდომაზე განიხილეს კანონის პროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებული ცვლილებების თაობაზე[1]. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. კანონპროექტი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მაღალი ინტერესის მქონე საკითხს - მოსამართლეთა დანიშვნის წესს შეეხება. ბიუროს სხდომის დასრულების შემდგომ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრების მიმართვის საფუძველზე დღის წესრიგში მოხდა ცვლილება და მას აღნიშნული საკითხი დაემატა განსახილველად. საგულისხმოა, რომ საკანონმდებლო პაკეტი მხოლოდ მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ბიუროს სხდომა დასრულდა. ამით პრაქტიკულად მოისპო კანონპროექტის სრული ვერსიის შესწავლისა და მასზე მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა პირველი მოსმენის ფარგლებში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

აღსანიშნავია რომ ამგვარმა მანკიერმა პრაქტიკამ პარლამენტში ფეხი უკვე მყარად მოიკიდა. კანონპროექტები ქვეყნდება არა რეგისტრაციისას, არამედ მხოლოდ მისი ბიუროს სხდომაზე წარდგენის შემდგომ. მონიტორინგისას დაფიქსირდა შემთხვევებიც, როდესაც ამა თუ იმ საკომიტეტო მოსმენისათვის განკუთვნილი პროექტი უშუალოდ განხილვის დაწყების მომენტშიც კი არ იყო გამოქვეყნებული, რასაც არაერთი მაგალითი მოწმობს:

- საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ მანდატებს[2], გამოქვეყნდა დაგვიანებით. კერძოდ, კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტს წარედგინა 16 დეკემბერს, ხოლო პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 21 დეკემბერს, საკომიტეტო განხილვის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.

- ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი[3]კომიტეტზე ისე გავიდა განსახილველად, რომ არ იყო გამოქვეყნებული.

მოვუწოდებთ პარლამენტს, რეგისტრაციისთანავე გამოაქვეყნოს კანონპროექტები და ამით  უზრუნველყოს კანონპროექტებზე ხელმისაწვდომობა და საკანონმდებლო პროცესში დაინტერესებულ პირთა ჩართულობა.

 

[1] https://info.parliament.ge/#law-drafting/21840

[2] „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების პაკეტი https://info.parliament.ge/#law-drafting/21127 ; ცვლილებების პაკეტი საარჩევო კოდექსში - https://info.parliament.ge/#law-drafting/21130; ცვლილებები რეგლამენტში - https://info.parliament.ge/#law-drafting/21131 

[3] „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების

შეტანის შესახებ“ - https://info.parliament.ge/#law-drafting/21175