D E M O C R A C Y   I N D E X

ვენეციის კომისიამ დაადასტურა ელექტრონული კომუნიკაციების კანონის ცვლილების არაკონსტიტუციური შინაარსი
2021-03-25

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს პარლამენტს დაუყოვნებლივ დაიწყოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში გასულ წელს შეტანილი არაკონსტიტუციური ცვლილებების გაუქმებაზე მუშაობა, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, მათი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

საქართველოს პარლამენტმა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში 2020 წელს შეტანილი ცვლილებებით, ხელყო საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით დადგენილი საკუთრების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები. აღნიშნული პრობლემების შესახებ, ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვის ეტაპზე, ჩვენმა ორგანიზაციამ პარლამენტს საჯარო განცხადებით მიმართა.[1] ორგანიზაციის შენიშვნების მსგავსად, ვენეციის კომისიის მიერ 2021 წლის 22 მარტს გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ  საკანონმდებლო ცვლილებები შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან.[2]

ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მიერ “ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები რიგ პრობლემებს შეიცავს საკუთრების უფლებასთან მიმართებით და ის ვერც ლეგიტიმური მიზნისა და ვერც პროპორციულობის ტესტს ვერ აკმაყოფილებს.[3] მარეგულირებელი კომისიისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები არის იმდენად ფართო და ყოვლისმომცველი, რომ რეგულაციის ერთადერთ მიზნად იკვეთება კომპანიის აქციონერებისთვის შესაძლებლობის მოკლება, მონაწილეობა მიიღონ კომპანიაში გადაწყვეტილებების მიღებასა ან სხვა პროცესებში.[4] 

კომისიის დასკვნის მიხედვით, საკანონმდებლო ცვლილებებით კომუნიკაციების კომისიის დანიშნულ სპეციალურ მმართველს გზა ეხსნება ჩაერიოს პირდაპირ ან არაპირდაპირ სამაუწყებლო საქმიანობაში. აღნიშნული საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას ქვეყანაში. დღესდღეობით 31 ავტორიზირებული ორგანიზაციაა რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების პარალელურად ახორციელებს სამაუწყებლო საქმიანობას ქვეყანაში. [5]

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ აქტიურად იყო ჩართული კანონპროექტის განხილვის პროცესში. ორგანიზაციამ პარლამენტს განცხადებით მიმართა და მოუწოდა, რომ მხარი არ დაეჭირა მთავრობის მიერ შეთავაზებული ცვლილებებისთვის, რადგან იგი შეუსაბამო იყო საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ უფლებათა დაცვის სტანდარტებთან.[6] აგრეთვე, ორგანიზაციის წარმომადგენელმა შესაბამისი შენიშვნები კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას დააფიქსირა.

 

 

[1] „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ , ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები არაკონსტიტუციურია, https://democracyindex.ge/ge/news/read/47/eleqtronuli-komunikaciebis-shesaxeb-kanonshi-dagegmili-cvlilebebi-arakonstituciuria [00:15 24.03.21]

[2] Venice Commission, Joint Opinion On The Recent Amendments To The Law On Electronic Communications And The Law On Broadcasting, Strasbourg, 22 March 2021.

[3] Id. § 37

[4] Id. § 35

[5] Id. § 45, 49

[6] Supra 1.