D E M O C R A C Y   I N D E X

საქართველოს პარლამენტი კვლავ უარს ამბობს საკუთარი ფუნქციების შესრულებაზე
2020-12-16

პანდემია არ უნდა გახდეს პარლამენტის მიერ კანონშემოქმედების და მთავრობაზე კონტროლის ფუნქციების განხორციელებაზე უარის თქმის მიზეზი. პარლამენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რომ შეინარჩუნოს თავისი საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქცია ახალ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში. ამავეს მოუწოდებენ წევრი სახელმწიფოების პარლამენტებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები.[1]

მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტი აპირებს დამატებით 6 თვით გაახანგრძლივოს კანონის[2]მოქმედება, რომელიც მთავრობას გადასცემს ფართო უფლებამოსილებებს როგორც რეგულაციების დაწესების, ისე რიგი ძირითადი უფლებების შეზღუდვის კუთხით, საპარლამენტო კონტროლის გარეშე. აღნიშნული ფაქტობრივად გამორიცხავს პარლამენტის როლს პანდემიის კუთხით სახელმწიფოს მართვის პროცესში, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული მართვის პრინციპებს.

გასათვალისწინებელია, რომ დემოკრატიული წესრიგი ითვალისწინებს გადაწყვეტილებების არა მხოლოდ რუტინულად, არამედ მყისიერად მიღების შესაძლებლობასაც, რაც შექმნილ კრიტიკულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში პარლამენტმა ეფექტურად უნდა გამოიყენოს. კერძოდ, საჭიროების შემთხვევაში:

-   პარლამენტს შეუძლია კანონპროექტი მიიღოს დაჩქარებული წესით, რაც ნიშნავს, ერთი კვირის განმავლობაში კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვასა და მიღებას.

- შესაძლებელია ცალკეული შეზღუდვების ვადის გაგრძელება გამარტივებული პროცედურით, ერთი მოსმენით.

- „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მიხედვით, მთავრობას გადაუდებელ შემთხვევაში შეუძლია მიიღოს რეგულაცია, რომელიც შემდგომ საკანონმდებლო აქტის სახით გაივლის საპარლამენტო განხილვებს.

შეზღუდვებისა და რეგულაციების დაწესებაზე საპარლამენტო განხილვების ფორმატის შენარჩუნება უზრუნველყოფს საკითხის ღიად და დაინტერესებულ პირთა ჩართულობით განხილვას. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პარლამენტში ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი. 

ამასთან, მთავრობისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების მოქმედების ვადის გახანგრძლივებით პარლამენტი ახანგრძლივებს არაკონსტიტუციური კანონის მოქმედების ვადას. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებით მთავრობას მიეცა უფლებამოსილება მასშტაბურად შეზღუდოს ადამიანის უფლებების ისეთი ფუნდამენტური დარგები, როგორიცაა მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრების უფლება, შრომის თავისუფლება, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობა. ამ უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას კი კონსტიტუცია უშვებს პარლამენტის და არა მთავრობის გადაწყვეტილებით.

შეზღუდვების დაწესება მთავრობის მიერ, განსხვავებით საკანონმდებლო პროცესისგან, გაუმჭვირვალეა და საზოგადოებაში აჩენს არაერთ კითხვას ასეთი შეზღუდვების აუცილებლობასა და გამოსადეგობაზე, რომელიც პასუხგაუცემელი რჩება.  

ფართო და უკონტროლო უფლებამოსილების დელეგირება აღმასრულებელ ხელისუფლებას თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობა არ გულისხმობს და ვერ გაამართლებს კონსტიტუციური და დემოკრატიული წესრიგის, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიების დარღვევას, პარლამენტის კანონშემოქმედებითი და მაკონტროლებელი როლის დაკნინებას. ამასთან, განსხვავებით წინა პერიოდისგან, დღეს უკვე აღარ არის წინასაარჩევნო პერიოდი, რომელიც ხელს უშლიდა პარლამენტის მიერ თავისი უფლებამოსილებების სრულყოფილად განხორციელებას.  

 „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს პარლამენტს:  

- არ გაახანგრძლივოს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების მოქმედება, რომელიც მთავრობას ანიჭებს ფართო კანონშემოქმედებით და ადამიანის უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილებას, საპარლამენტო კონტროლის გარეშე.

- დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პანდემიის პირობებში პარლამენტში სამუშაო პროცესის სრულყოფილად და უსაფრთხოდ წარმართვისთვის საჭირო საკანონმდებლო და პრაქტიკული ცვლილებების მიღება.

  

 

 

 

[1] OECD, Legislative Budget Oversight of Emergency Responses: Experiences During the Coronavirus (Covid-19) Pandemic, September 25, 2020 https://read.oecd-ilibrary.org/view/?ref=137_137068-ud1l74u5hs&title=Legislative-budget-oversight-of-emergency-responses

[2] პარლამენტის 2020 წლის 15 დეკემბრის განცხადება  http://parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/djanmrtelobis-dacvisa-da-socialur-sakitxta-komiteti-149/axali-ambebi-jandacva/dimitri-xundadze-kanonis-vadis-gagrdzeleba-sashualebas-miscems-mtavrobas-rom-krizisi-martos-efeqturad-da-shesadzlo-riskebi-aacilos-qveyanas-da-sazogadoebas.page