D E M O C R A C Y   I N D E X

სახელმწიფო საწარმოების არაეფექტურობის პრობლემის მოგვარებაში პარლამენტი უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს
2020-10-27

უკვე სამი ათეული წელია სახელმწიფო საწარმოების მართვის არაეფექტურობა მოუგვარებელ პრობლემად რჩება. ყველა ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო საწარმოების უმეტესობა არის წამგებიანი, ხშირად იმყოფება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე, ვერ ასრულებს თავის მნიშვნელოვან როლს ეკონომიკის განვითარებაში. აღნიშნული პრობლემების ფონზე მუდმივად არსებობს ეჭვი, რომ სახელმწიფო საწარმოები ყოველი ხელისუფლების ხელში საკუთარი პარტიული აქტივის დასაქმებისთვის არის გამოყენებული და მათ რეალური დანიშნულება ეკონომიკურ პროცესებში არ აქვთ.

მიუხედავად წლების განმავლობაში არსებული სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის და ლიკვიდაციის გაცხადებული პოლიტიკისა, სახელმწიფოს და მუნიციპალურ საკუთრებაში კვლავ რჩება ასეულობით არაეფექტური და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო საწარმო.   ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი ფინანსური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, ბოლო 7 წელიწადში სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ჯამურად 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა. 2019 წელს სახელმწიფო საწარმოებმა 380 მილიონი ლარი იზარალეს.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში 2019 წლის ივნისში დაიწყო თემატური მოკვლევა სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო საწარმოების მართვის არაეფექტურობის პრობლემის სიღმისეულ შესწავლას და ყველა კომპეტენტური უწყების მიმართ რეკომენდაციების შემუშავებას.  

თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ გამოვლენილი პრობლემები ადასტურებს, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვის არაეფექტურობა გამოწვეულია მართვის ყველა დონეზე არსებული პრობლემებით, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის და სტრატეგიის განსაზღვრის, ისე სახელმწიფო საწარმოს პარტნიორის/აქციონერის მხრიდან რეალური მართვის, ასევე, საწარმოების შიდა მენეჯმენტის, გამჭვირვალობის და კორუფციის პრევენციის კუთხით. კერძოდ, ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად ჯგუფმა გამოავლინა შემდეგი ძირითადი პრობლემები:

- არ არსებობს რაიმე სახის გაწერილი დოკუმენტი სახელმწიფო საწარმოების შექმნასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებით;

- არ არსებობს რაიმე სახის გაწერილი გრძელვადიანი ან მოკლევადიანი გეგმა ან სტრატეგიული ხედვა, რაც პოტენციურ ინვესტორებს საშუალებას მისცემდა პროგნოზირებადი ყოფილიყო პრივატიზების პროცესი და ხელისუფლების დამოკიდებული სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებაში;

- არ ხდება შესწავლა, თუ როგორ მოქმედებს ამა თუ იმ სფეროში სახელმწიფო საწარმოების არსებობა ბიზნეს გარემოზე და უწყობს თუ არა მათი არსებობა ხელს ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას;

- სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელ პირებს უმეტეს შემთხვევაში არ აქვთ კერძო სფეროში მუშაობის გამოცდილება, რაც უარყოფითად აისახება სახელმწიფო საწარმოთა მართვის ეფექტიანობაზე;

- არ არსებობს სახელმწიფო საწარმოთა მართვის ეფექტიანობის გაზომვის კრიტერიუმები ან მართვის სტანდარტები, რაც ასევე უარყოფით გავლენას ახდენს მათ მდგომარეობაზე;

- არ არის ცხადი თუ რა პრინციპითა და კრიტერიუმებით ხდება პარტნიორის უფლებამოსილებების განმახორციელებელი ორგანოს განსაზღვრა, არ არის იდენტიფიცირებული რეალურად გადაწყვეტილებების მიმღები პირები, არ არის ცნობილი რა პრინციპით ხდება პარტნიორის გადაწყვეტილების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი;

- არ არსებობს დირექტორთა შერჩევის და დანიშვნის კრიტერიუმები. დირექტორის თანამდებობაზე ძირითადად ინიშნებიან საჯარო მოხელეები, რომელთაც არ აქცთ კერძო სუბიექტის მართვის გამოცდილება;

- არ არსებობს დირექტორთა საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები და შეფასების სისტემა;

- სახელმწიფო საწარმოებში არსებული ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ძალიან დაბალია, რაც ამცირებს სახელმწიფო საწარმოთა გამჭვირვალობის ხარისხს.   

აღნიშნულ პრობლემებზე საპასუხოდ თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიშში გაცემულია რიგი რეკომენდაციები, რომლებიც მიემართება მთავრობას და ყველა ხარვეზის თუ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ითვალისწინებს საკოორდინაციო საბჭოს შექმნას და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სტრატეგიისა და სხვა დოკუმენტების მომზადებას.

მართალია, თემატური მოკვლევის ჯგუფმა მნიშვნელოვანი პრობლემები გამოავლინა სახელმწიფო საწარმოთა მართვის არაეფექტურობის კუთხით, თუმცა, პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების მხოლოდ მთავრობისთვის დავალება არ არის საკმარისი:

- პარლამენტმა თავად უნდა მიიღოს სახელმწიფო საწარმოების მართვის საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკა და სტრატეგია;

- თემატური მოკვლევის შედეგად კომიტეტს მთავრობისთვის არ დაუვალებია საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის შემუშავება და ინიცირება;

- თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის დასრულებიდან 10 თვის განმავლობაში პარლამენტს არც თავად მოუხდენია რაიმე კანონპროექტის ინიცირება.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა უნდა უზრუნველყოს, რომ თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრისთვის შემუშავებულ იქნას რეკომენდაციები, რომელიც იქნება ადექვატური და საკმარისი სახელმწიფო საწარმოების მართვის არაეფექტურობის მრავალწლიანი პრობლემის მოსაგვარებლად.