D E M O C R A C Y   I N D E X

მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ვერ მოაგვარა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა
2020-10-13

მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ისე დაამთავრა მუშაობა, რომ კვლავ არ არის განსაზღვრული სახელმწიფო პოლიტიკა მედიკამენტებთან მიმართებით. 2009 წლის რეფორმის შემდგომ წამლების ხელმისაწვდომობის პრობლემა კვლავ აქტუალურია, ხოლო პარლამენტმა ვერ გამოიყენა ეფექტიანად საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ბერკეტები პრობლემის მოსაგვარებლად.

წლებია საქართველოს მთავრობა საუბრობს მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის საჭიროებაზე. პერიოდულად ამ საკითხზე აპელირებს არაერთი პოლიტიკური პარტია. პარლამენტის, როგორც პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელის როლი პრობლემის მოგვარებაში არსებითია. მხოლოდ პარლამენტია უფლებამოსილი ამ სფეროში საკანონმდებლო ცვლილებები მიიღოს, აგრეთვე, გასცეს მთავრობის მიმართ რეკომენდაციები და აკონტროლოს კანონის აღსრულების პროცესი.

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს  მონაცემების მიხედვით, 2013 წლის შემდგომ 2019 წლამდე მედიკამენტების ფასები 50%-ზე მეტად გაიზარდა. ეს ტენდენცია ყოველწლიურად მზარდია. საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, საქართველოში ოჯახის ჯანდაცვის ხარჯების ძირითადი წილი მედიკამენტებზე მოდის და 69%-ს შეადგენს. ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში მედიკამენტებზე დანახარჯის წილი 36% არის (2016 წლის მაჩვენებლით). ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველო ფარმაცევტული დანახარჯის წილით ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში მოწინავე ადგილს იკავებს.

პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით 2019 წლის მარტში დაიწყო ნააკ-ის პროცედურა თემაზე: ხარისხიანი სამკურნალო საშუალებების ხელმისაწვდომობა საქართველოში. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიზანი იყო შეემოწმებინა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონის აღსრულება. კანონში ბოლო მასშტაბური რეფორმა 2009 წელს განხორციელდა.

ჯანდაცვის კომიტეტში შექმნილ სამუშაო ჯგუფს ნააკ-ის ფარგლებში უნდა შეემუშავებინა მიდგომა, რომლითაც სამართლიანი ბალანსი მიიღწეოდა, ერთი მხრივ, მედიკამენტების ხელმისაწვდომისა და, მეორე მხრივ, ფარმაცევტული ბიზნესის სამეწარმეო თავისუფლებას შორის. დარგის ექსპერტების მოსაზრებით, ევროპული ქვეყნები ფარმაცევტული საქმიანობის მიმართ გარკვეულ რეგულაციებს აწესებენ, რათა სახელმწიფოებმა შეასრულონ მათი სოციალური ვალდებულებები.

სამუშაო ჯგუფმა ბოლო სხდომა 2019 წლის ოქტომბერში ჩაატარა. მას შემდგომ ერთი წელია გასული და პარლამენტის ვებგვერდზე მხოლოდ ძირითადი მიგნებებისა და რეკომენდაციების სამუშაო ვერსია არის გამოქვეყნებული. მეცხრე მოწვევის პარლამენტს არ შეუმუშავებია შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტი ან საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მოაგვარებდა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას.