D E M O C R A C Y   I N D E X

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება აკნინებს პარლამენტის ინსტიტუტს და მის როლს არასწორად წარმოაჩენს
2020-09-24

პარლამენტის ჩართულობა პანდემიასთან ბრძოლაში თავდაპირველად სრული უმოქმედობით გამოიხატა, საპარლამენტო კომიტეტები არ ატარებდნენ სხდომებს და, გარდა მცირე გამონაკლისისა, პარლამენტმა უარი თქვა საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებაზე. ხოლო საგანგებო მდგომარეობის შემდგომ, დამატებით, პარლამენტმა უარი თქვა საკანონმდებლო ფუნქციაზეც და ახალი კორონავირუსის გავრცელების აღმოფხვრის მიზნით რეგულაციების მიღების უფლებამოსილება, კონსტიტუციის დარღვევით, მთავრობას გადასცა.

საკითხზე კომენტარი, პარლამენტის თავმჯდომარემ 19 სექტემბერის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, „პანდემიის მართვის პერიოდში არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარლამენტის მონაწილეობის გარეშე არ ყოფილა მიღებული. პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე პარლამენტის თამვჯდომარე და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აქტიურად არიან ჩართულნი მთავრობის მიერ შექმნილ საკოორდინაციო საბჭოში.“ 

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ აღნიშნავს, რომ პარლამენტის რამდენიმე წევრის ჩართულობა მთავრობის მიერ შექმნილ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში არ ნიშნავს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის მიერ საკუთარი ფუნქციისა და როლის შესრულებას. ამასთან, პარლამენტის რამდენიმე წევრის ჩართულობა საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში ვერ იქნება საპარლამენტო კონტროლის ჩამნაცვლებელი:

- საკოორდინაციო საბჭოში საკითხების განხილვა მიმდინარეობდა დახურულ კარს მიღმა. საზოგადოებას არ ჰქონდა პირდაპირ რეჟიმში განხილვებისთვის თვალყურის დევნების შესაძლებლობა, ხოლო პარლამენტის მუშაობის წესი გულისხმობს გამჭირვალე საჯარო დისკუსიებსა და დებატებს;

- პარლამენტის ყველა წევრი არ იყო ჩართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომებში. უმრავლესობის დეპუტატთა მხოლოდ მცირე ნაწილი ესწრებოდა სხდომებს;

- საკოორდინაციო საბჭოში არ იყვნენ წარმოდგენილი ოპოზიციის დეპუტატები. ხოლო საპარლამენტო ჩართულობა ოპოზიციის გარეშე არსობრივად არასწორია. პარლამენტი წარმომადგენლობითი ორგანოა და მისი ფუნქციაც სწორედ განსხვავებულ აზრთა ჭიდილია;

- გარდა პარლამენტის წევრთა ჩართულობის პრობლემისა, საკოორდინაციო საბჭოში არ იყო წარმოდგენილი სამოქალაქო საზოგადოება, რაც საპარლამენტო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია;

- სხდომების განმავლობაში განიხილებოდა ყველა საკითხი ერთიანადმაშინ, როცა საპარლამენტო განხილვები მიმდინარეობს დარგობრივად, შესაბამისი დარგის კომიტეტებში სპეციალისტების, საკითხებზე მომუშავე პარლამენტის წევრების, სხვა პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;

- საკოორდინაციო საბჭოს სხდომების შემდგომ არ მზადდებოდა დასკვნა ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, რაც პარლამენტის შემთხვევაში საქმიანობის პროცედურული ნაწილია, ამასთან, აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დაკვირვებისთვის;  

- იურიდიულად, საკოორდინაციო საბჭო პარლამენტის რეგლამენტის რეგულირების ფარგლებს გარეთ არის შექმნილი, ამ ფორმატში პარლამენტი შესაძლებლობას იყო მოკლებული გამოეყენებინა  რეგლამენტით განსაზღვრული მთელი რიგი მაკონტროლებელი ბერკეტები;

- საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდებოდა მთავრობის მიერ, რადგან საბჭო მხოლოდ სათათბირო ორგანოა და მას რაიმე მმართველობითი ფუნქცია არ აქვს. შესაბამისად, პარლამენტის ზოგიერთი წევრის, მათ შორის, თავმჯდომარის მონაწილეობა საბჭოს სხდომებში, ვერ შეფასდება გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულობად.

 

ნაცვლად პროცესების საპარლამენტო სივრცეში გადმოტანისა და განხილვისა, პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის დროს შეაჩერა კომიტეტებისა და პლენარული სხდომების ჩატარება, რაც უარყოფითად იქნა შეფასებული „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ მიერ. ხოლო „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებით კი, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ნაწილში, პარლამენტმა მოიხსნა საკანონმდებლო ფუნქციაც, რაც რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, პარლამენტის მიერ თავისი ფუნქციებისა და როლის შესრულებაზე უარის თქმა არადემოკრატიული ნაბიჯი იყო, ხოლო, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება აკნინებს პარლამენტის ინსტიტუტს და არასწორად წარმოაჩენს მის როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში.