D E M O C R A C Y   I N D E X

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის მოსაზრება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე
2020-09-18

გვსურს გამოვეხმაუროთ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საერთო სასამართლოების კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთებას და გასაჩივრების შესაძლებლობას.     

1. უპირველეს ყოვლისა მიიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი არ შეესაბამება საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და ვერ პასუხობს იმ მიზანს რისთვისაც იქნა ინიცირებული. ცნობილია, რომ გადაწყვეტილების დასაბუთება გულისხმობს მისი საფუძვლების გადმოცემას. დასაბუთებულმა გადაწყვეტილებამ კონკურსში მონაწილე კანდიდატებს და საზოგადოებას უნდა აუხსნას, თუ რატომ აკმაყოფილებს ან ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეობის კანდიდატი წარდგენილ მოთხოვნებს და რატომ მიენიჭა უპირატესობა ერთ კანდიდატს მეორესთან შედარებით. კანონპროექტით შემოთავაზებული მოდელი ამ მოთხოვნას ვერ პასუხობს და მხოლოდ პროცედურების აღწერით და კანდიდატის ზოგადი დახასიათებით შემოიფარგლება. შედეგად, ასეთი „დასაბუთება“ ფასადურ ხასიათს ატარებს და არ წარმოაჩენს გადაწყვეტილების მიღების რეალურ მიზეზებს. მეორეს მხრივ, თუნდაც რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ჰქონდეს გადაწყვეტილების სრულად დასაბუთების ვალდებულება, გაუგებარია როგორ უნდა დაასაბუთოს ფარული კენჭისყრით მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც უცნობია ვინ უჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას და რა მოტივით.  გამომდინარე იქიდან რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, არაეფექტურია სასამართლოში მისი გასაჩივრების მექანიზმიც.  

2. იმ შემთხვევაშიც კი თუ კანონპროექტში შევა ცვლილებები და ის და სრულად ასახავს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებს, ის მაინც ვერ მოახდენს ზეგავლენას  სასამართლოში არსებულ ვითარებაზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ  სასამართლო სისტემას მართავს კლანი, რომელიც  ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ჩამოყალიბდა როგორც მოსამართლეებზე ზეწოლის და პოლიტიკური დავალებების შესრულების მექანიზმი. კლანი აკონტროლებს სასამართლო სისტემაში არსებულ ყველა ადმინისტრაციულ რგოლს და სამივე ინსტანციის სასამართლოს. ასევე, ჰყავს თავისი წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში. სასამართლო სისტემაში მოხვედრა მხოლოდ კლანთან წინასწარი გარიგებით არის შესაძლებელი. ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილება მიიღება პირთა ვიწრო ჯგუფის მიერ, კულისებს მიღმა და შემდეგ ხდება ამ გადაწყვეტილების გაფორმება სამართლებრივი მექანიზმებით. კლანური მმართველობა ძირს უთხრის სამოსამართლო ღირებულებების სისტემას და გზას უკეტავს სასამართლოს გაჯანსაღების  ნებისმიერ პერსპექტივას.  

დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი მიიჩნევს რომ სასამართლოში კლანური მმართველობის დასრულება მხოლოდ სათანადო საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალისხმევით არის შესაძლებელი, კერძოდ, აუცილებელია პირველ რიგში კლანური მმართველობის პოლიტიკური აღიარება და შემდეგ ღრმა და ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელება სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მიზნით.  

 

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საზოგადოებასთან დიალოგის და ადვოკატირების გზით. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრები არიან:  კახა წიქარიშვილი;  მაია ბაქრაძე; ირაკლი კორძახია; ეკა ციმაკურიძე; უჩა ნანუაშვილი; ზაზა ხატიაშვილი;  ბესიკ ლოლაძე; თამარ გეგელია; თამარ ლალიაშვილი; ირაკლი გაბრიჩიძე ; ხათუნა გრიგალაშვილი; ლაშა არველაძე; ლევან თორთლაძე ;  ირმა კაკიაშვილი; სოსო ბარათაშვილი;  ბესიკ სისვაძე; ლია მუხაშავრია; ნათია ქუთათელაძე; ირაკლი შავაძე;  თეა ხამხაძე; თამაზ ჯალიაშვილი; დავით ჯანდიერი;