D E M O C R A C Y   I N D E X

პარლამენტი არ რეაგირებს სისხლის მართლმსაჯულებაში არსებულ ხარვეზებზე
2020-09-08

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით  საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ არასრულწლოვან ლ.ს-ითვის ჩვენების მიცემის იძულების გამო გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ამავე დროს, როგორც დაზარალებულის ოჯახს, ისე საზოგადოებას დარჩა საფუძვლიანი კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ არ დადგინდა ამ დრომდე სხვა სამართალდამცავების პასუხისმგებლობაც, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის დედა, გამომძიებლის გარდა, სხვა პირებსაც ასახელებდა, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ არასრულწოვნის იძულებით გამოკითხვასა და მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობაში.

როგორც ეს ფაქტი, ისე არაერთი სხვა, ავლენს საგამოძიებო ორგანოებში არსებულ წლების განმავლობაში დაგროვილ სისტემურ პრობლემებს, რომლებსაც პარლამენტი ყურადღების მიღმა ტოვებდა. ეს პრობლემებია:

- მოწმეთა და დაზარალებულთა დაუცველობა;

- არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის გატარებული არასაკმარისი ღონისძიებები;

- უნდობლობის გამო მოწმეთა და დაზარალებულთა გამოძიებასთან თანამშრომლობის პრობლემები;

- სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების  გამოვლენის პრობლემა სამართალდამცავ სისტემაში მამხილებლის დაცვის მექანიზმების არარსებობის გამო.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში „დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ“ არაერთი წინადადებით მიმართა პარლამენტს ამ პრობლემების აღმოფხვრის მოთხოვნით, კერძოდ: 

საკანონმდებლო წინადადება, რომლითაც ორგანიზაციამ მიმართა პარლამენტს, გულისხმობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის უფლებამოსილების მინიჭებას, მის ქვემდებარე საქმეებზე გამოიყენოს მოწმის დაცვის ღონისძიება. დღეს ინსპექტორს არ შეუძლია მოწმის დაცვის ღონისძიება გამოიყენოს შსს-სა და პროკურატურისგან დამოუკიდებლად.

- სამართალდამცავ ორგანოებში მამხილებლის ინსტიტუტის შესაქმნელად და კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად მოუწოდა პარლამენტს, შეემუშავებინა საკანონმდებლო მექანიზმები.

- სამართალდამცავთა მხრიდან არასრულწლოვანთა მიმართ არასათანდო მოპყრობის პრევენციისთვის საკანონმდებლო წინადადებით მიმართა პარლამენტს, არასრულწლოვნების ნებისმიერი კომუნიკაცია სამართალდამცავ ორგანოებთან წარმართულიყო აუდიო-ვიდეო ჩაწერის თანხლებით.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებით დაყენებული პრობლემების მოგვარების საჭიროება უარყო. გასათვალისწინებელია, რომ მსგავს საჭიროებაზე მიუთითებს როგორც სახალხო დამცველის, ისე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის ანგარიშები. 

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის პარლამენტის მიერ მოსმენის შემდეგ პარლამენტის დადგენილებაში ვერ მოხვდა არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიზნით სამართალდამცავთა მხრიდან მოქალაქეებთან კომუნიკაციის აუდიო-ვიდეო ჩაწერის თანხლებით წარმართვის რეკომენდაცია. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ რეკომენდაციას სახალხო დამცველი წინა წლების ანგარიშებშიც გასცემდა.

პარლამენტის უმოქმედობა და არასათანადო რეაგირება საგამოძიებო ორგანოებში არსებულ ზემო აღნიშნულ სისტემურ პრობლემებზე კიდევ უფრო აღრმავებს და ამწვავებს მათ, წაახალისებს ახალ დანაშაულებს და უპასუხოდ ტოვებს სისტემურ გამოწვევებს. 

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მიიჩნევს, რომ ამ გამოწვევებზე სათანადო საკანონმდებლო რეაგირებისა და პარლამენტის აქტიური ჩართულობის გარეშე, მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების ფრაგმენტული ინიციატივებით ვერ მოგვარდება პრობლემები. 

საგამოძიებო ორგანოების გაჯანსაღების მიზნით სასიცოცხლოდ აუცილებელია, შემდეგი მოწვევის პარლამენტი დაინტერესდეს და თავად აიღოს პასუხისმგებლობა, წარუძღვეს საგამოძიებო სტრუქტურების რეფორმირების პროცესს, რამაც უნდა მოიცვას:

- სამართალდამცავი პირების მოქალაქეებთან ნებისმიერი კომუნიკაციის წარმართვის ვალდებულების შემოღება აუდიო-ვიდეო ჩაწერის თანხლებით, სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის.

- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მოწმის დაცვის ღონისძიების დამოუკიდებლად განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება.

- სამართალდამცავ სისტემაში მამხილებლის ინსტიტუტის შექმნა, სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოსავლენად.

- სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისას, სამართალდამცავი ორგანოების ტექნიკური აღჭურვილობის პერმანენტული გაუმჯობესების მიზნით (მაგ: სამხრე კამერების შესაძენი თანხები და სხვა) შესაბამისი ხარჯების გათვალისწინება ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში.

- შსს მინისტრის, გენერალური პროკურორის, სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის პარლამენტში უფრო ხშირად მოწვევა იმ მიზნით, რომ პარლამენტმა მუდმივ რეჟიმში გაუწიოს ზედამხედველობა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას.