D E M O C R A C Y   I N D E X

პარლამენტი უნდა დაინტერესდეს ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობით
2020-08-26

ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევების პრობლემა წლებია პარლამენტის მხრიდან შესწავლის გარეშეა დარჩენილი. მიუხედავად არაერთი საკანონმდებლო ცვლილებისა, პარლამენტი არ სწავლობს მის მიერ მიღებული კანონების აღსრულების ხარვეზებს. მოვუწოდებთ პარლამენტს, დაინტერესდეს ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობით, შეისწავლოს პრობლემის მიზეზები და განახორციელოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის კონტროლი ამ საკითხზე.

23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედია, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული კრიტიკული მდგომარეობის კიდევ ერთი დადასტურებაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2020 წლის პირველ ნახევარში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 149 არის, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 481 იყო, ხოლო 2018 წელს კი 459. საქართველო ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვალების მაჩვენებლით.

პარლამენტს ყოველწლიურად ცვლილებები შეაქვს როგორც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში, ასევე „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სხვა საკანონმდებლო აქტებში, რაც გზებზე უსაფრთხოების დაცვას ისახავს მიზნად. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს, რომ წლიდან წლამდე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობა მზარდია.

ამ ფონზე, საქართველოს პარლამენტი არ იყენებს თავის საზედამხედველო ფუნქციას და არ ინტერესდება მის მიერ მიღებული კანონმდებლობის აღსრულების მდგომარეობით - არ შეისწავლის საკანონმდებლო ნორმებში არსებულ ან მათი აღსრულების ხარვეზებს; არ ითხოვს ანგარიშს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. ბოლო სესიების განმავლობაში, პარლამენტში აღნიშნულ საკითხზე არ ჩატარებულა თემატური მოკვლევა ან/და ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი; არ მომხდარა შესაბამისი თანამდებობის პირების დაბარება. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის საკითხი არ გამხდარა პარლამენტში მსჯელობის და დებატების საგანი.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი უფლებამოსილია შექმნას კომისია, სამუშაო ჯგუფი, აგრეთვე, ჩაატაროს კვლევა საგზაო უსაფრთხოების თემაზე საჯარო და კერძო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, დაიბაროს ანგარიშვალდებული მინისტრები და მოსთხოვოს ანგარიში მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ, გასცეს რეკომენდაციები და კონტროლი გაუწიოს რეკომენდაციების შესრულების პროცესს.

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის ივნისში  „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლითაც ქვეყანაში შემოიღეს „შავი წერტილების“ ცნება. შავი წერტილი არის საავტომობილო გზის 300-მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში 3 წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ა) გარდაცვალების  არანაკლებ  4  საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა; ან ბ) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და ადამიანის დაღუპვით დასრულებული ჯამში არანაკლებ 10 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. მათ აღმოსაფხვრელად შინაგან საქმეთა სამინისტროს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს კანონით დაევალათ შესაბამისი გეგმებისა და ნორმატიული აქტების მიღება. გამომდინარე აქედან, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია:

- დაიბაროს შინაგან საქმეთა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები და მოსთხოვოს ანგარიში „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონით განსაზღვრული შავი წერტილების აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

- შექმნას სამუშაო ჯგუფი, დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების ჩართულობით და შეისწავლოს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო ნორმების აღსრულების პრობლემები.