D E M O C R A C Y   I N D E X

კანონპროექტების დაჩქარებული განხილვა საქართველოს პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ
2020-06-30

მას შემდეგ, რაც 2020 წლის 22 მაისს გაუქმდა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, საქართველოს პარლამენტში ინიცირებული თითქმის ყოველი მეორე კანონის პროექტი დაჩქარებული წესით განიხილება.

დაჩქარებული წესით კანონის პროექტის განხილვა დემოკრატიულ სახელმწიფოში, როგორც წესი, შეზღუდულ შესაძლებლობას წარმოადგენს და მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისთვის შემონახული მექანიზმია, რომლის გარეშეც მოსაწესრიგებელ სფეროს კონკრეტული დროის დაგვიანებამ შესაძლოა, კონკრეტული ზიანი მიაყენოს.

სხვა ყველა შემთხვევაში კანონპროექტები, რომლებიც თავისი კონსტიტუციური დანიშნულებიდან გამომდინარე, შეეხება ადამიანებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის და ურთიერთობების ძირითად მომწესრიგებელ საკითხებს, მიიღება კანონის მიღების ჩვეულებრივი რიტმით, რაც აუცილებლად გულისხმობს წარმოდგენილი კანონპროექტების არსებით და სიღრმისეულ განხილვას და ასევე, მასში სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობას, რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები, თუმცა, მათ პირდაპირ ან არაპირდაპირ ეხებათ წარმოდგენილი კანონპროექტი, ან კიდევ, გამოხატავენ ექსპერტულ მოსაზრებებს მასთან დაკავშირებით.

ძირითადი მიგნებები

დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვა 2020 წლის 22 მაისიდან დღემდე შემდეგი ძირითადი მახასიათებლებით გამოვლინდა:

- სულ დარეგისტრირდა 25 კანონპროექტი პარლამენტში; ამათგან, თითქმის ნახევარზე - 12 კანონპროექტზე დაჩქარებული წესით განხილვა იყო მოთხოვნილი.

- ინიციატორების 12 მოთხოვნიდან, კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ, მხოლოდ 4 შემთხვევაში იყო კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოცემული დაჩქარების კონკრეტული და გონივრული მიზეზი[1]. დარჩენილ 8 შემთხვევაში დაჩქარების საჭიროებად ძირითადად გამოყენებული იყო თავად კანონპროექტით მოსაწესრიგებელი საკითხის მნიშვნელობა და მისი მასშტაბები, რაც შეიძლება ნებისმიერი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მიესადაგოს.

- დაჩქარებული განხილვის მოთხოვნები, რომელიც წარდგენილია მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ, ყველა შემთხვევაში დააკმაყოფილა პარლამენტის ბიურომ.

- არცერთ შემთხვევაში ბიუროს არ წარმოუდგენია მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება, თუ რატომ დააკმაყოფილა დაჩქარებული განხილვის მოთხოვნა.

- 12 შემთხვევიდან ერთადერთ შემთხვევაში წარიმართა კონსულტაციები კანონპროექტის მომზადების ეტაპზე: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთანნავთობპროდუქტების აირების დაბეგვრის არსებული მოდელის სრულყოფასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში არსებული კონსულტაცია სამინისტროსთან ცალსახად დადებითი მიდგომის აღმნიშვნელია, თუმცა, აღნიშნული კანონპროექტის შემთხვევაშიც კი, კონსულტაციები არ წარიმართა იმ ძირითად სუბიექტებთან, რომლებზეც პირდაპირ იმოქმედებს კანონპროექტი. სხვა არცერთ შემთხვევაში, კონსულტაციები კანონპროექტის მომზადების ეტაპზე, რომელიც დაჩქარებული განხილვის ერთერთი ძირითადი კომპონენტია, არ გამართულა დაინტერესებულ პირებთან, ვისაც კანონპროექტში შემოთავაზებული მოწესრიგება ეხება პირდაპირ ან არაპირდაპირ.

- კანონპროექტები ყველა შემთხვევაში დაჩქარებული განხილვის ვადების დაცვით წარიმართება, არაუმეტეს ორი მოსმენის ჩანიშვნით ერთ დღეში და პლენარულ განხილვამდე, მას ყოველთვის ახლავს შესაბამისი წამყვანი კომიტეტის დასკვნები.

- დაჩქარებული განხილვა შეეხო ძირითადად ჯანდაცვის, განათლების და საგადასახადო სფეროში არსებულ საკითხებს. ერთი შეხედვით, ეს ის საითხებია, რომლებიც სწორედ პანდემიურ ვითარებაში იწვევს გადაუდებელი განხილვის აუცილებლობას, თუმცა, რეალურად, საკითხები არ ეხება პანდემიას, მოსაწესრიგებლად არის მნიშვნელოვანი, თუმცა, კონკრეტულ მოკლე დროში რატომ უნდა დაჩქარდეს ამ საკითხების განხილვა, შესაბამისი არსებითი განხილვისა და დებატების გარეშე არ ჩანს არც თავად განმარტებით ბარათებში, არც თავად ცვლილებათა შინაარსში.

 

 დეტალური ანგარიში იხილეთ ბმულზე

 

 

[1] თითეოული კანონპროექტის დეტალური შეფასება და მიმოხილვა იხილეთ წარმოდგენილ დანართში.