D E M O C R A C Y   I N D E X

სისტემატიური ბოიკოტი ასუსტებს პარლამენტის როლს და საფრთხეს უქმნის საარჩევნო რეფორმას
2020-06-22

საპარლამენტო ოპოზიციის დიდ ნაწილს, 2019 წლის შემოდგომის სესიიდან დღემდე საპარლამენტო საქმიანობის მიმართ გამოცხადებული აქვს ბოიკოტი. ხანგრძლივი დროით ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა ასუსტებს პარლამენტის როლს; ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

ბოიკოტი ნიშნავს, რომ პლენარულ სესიებზე არ ხდება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი კანონპროექტების კრიტიკული განხილვა, მთავრობის კონტროლი, დებატების გამართვა. მიუხედავად იმისა, რომ ბოიკოტის მიზეზი ლეგიტიმურია და არავინ უნდა დაექვემდებაროს პოლიტიკური ნიშნით დევნას, ბოიკოტის ხანგრძლივად გაგრძელება აზიანებს დემოკრატიულ პროცესს, ამასთან, მოცემულ ვითარებაში საპარლამენტო ბოიკოტის გაგრძელება საფრთხეს უქმნის საარჩევნო სისტემის რეფორმას.

საპარლამენტო ბოიკოტის ხანგრძლივი და ხშირი გამოყენება უარყოფითადაა შეფასებული Westminster Foundation For Democracy-ის მიერ 2019 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში , რომელშიც გაანალიზებულია საპარლამენტო ბოიკოტის გამოყენება ბალკანეთის ექვსი ქვეყნის მაგალითზე. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ბოიკოტი იწვევს პარლამენტის დეინსტიტუციონალიზაციას  -  პარლამენტის როლი მცირდება პოლიტიკურ დიალოგში; დელეგიტიმიზაციას - პარლამენტი ნაკლებად არის წარმოდგენილი, როგორც გადაწყვეტილების მიმღები ცენტრალური ორგანო და იზრდება დაჩქარებული წესით კანონების მიღება, ხოლო მცირდება კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქციები.

ბოიკოტის რეჟიმის არაეფექტიანობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, არსებული შერეული საარჩევნო სისტემის დამსახურებით, მყარად არის წარმოდგენილი პარლამენტში. შესაბამისად, გადაწყვეტილებები განიხილება და მიიღება მიუხედავად იმისა, ოპოზიციური პარტიები იქნებიან თუ არა ბოიკოტის რეჟიმში. ეს მხოლოდ ხელს უწყობს უმრავლესობის მიერ საკითხების დაჩქარებულად და კრიტიკული განსჯის გარეშე მიღებას.

2020 წლის განმავლობაში, ევროპული საქართველოს მიერ შექმნილმა ფრაქციებმა 9 სასესიო კვირის (მათ შორის რიგგარეშე პლენარული სხდომების) მიმართ გამოაცხადეს პოლიტიკური საფუძვლით ბოიკოტი,რაც მთლიანად საგაზაფხულო სესიას მოიცავს. გამონაკლისი იყო მხოლოდ 21 მარტის საგანგებო სხდომა, სადაც პარლამენტმა კენჭი უყარა პრეზიდენტის მიერ შემოღებული საგანგებო მდგომარეობისა და დეკრეტის საკითხს, აგრეთვე, 21 ივნისის რიგგარეშე სხდომა, რომელიც ეხებოდა საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ კი უარს ამბობს ბოიკოტის რეჟიმის შეჩერებაზე, რითაც საფრთხე ექმნება საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. ბოიკოტის რეჟიმში, 2020 წლის განმავლობაში, აგრეთვე, არის დეპუტატი რამაზ ნიკოლაიშვილი.

ამგვარი მიდგომის შედეგად, მხოლოდ გასული ერთი წლის განმავლობაში, ბოიკოტის რეჟიმში, საპარლამენტო ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მონაწილეობა არ მიიღო პარლამენტის მიერ შემდეგი საკითხების განხილვასა და კენჭისყრაში:

- პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენების მოსმენა;

- ფინანსთა, რეგიონული განვითარების, თავდაცვის მინისტრების მინისტრის საათის ფორმატში მოსმენა;

- მნიშვნელოვანი კანონპროექტების განხილვა და მიღება;

- პარლამენტის კომიტეტების 2019 წლის საქმიანობის ანგარიშების მოსმენა;

- მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნები;

- საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება;

- 8 სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირება.

ვინაიდან საპარლამენტო ოპოზიციის ჩართულობა საპარლამენტო საქმიანობაში მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებების კრიტიკული მსჯელობის შედეგად მისაღებად,  „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, შეაჩერონ საპარლამენტო ბოიკოტი, აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო პროცესებში და ხელი შეუწყონ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას. საპარლამენტო სუბიექტებმა პატივი უნდა სცენ პარლამენტს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტს. ოპოზიციამ  მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს თავისი ამომრჩევლისაგან მინიჭებული მანდატი და მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო საქმიანობაში.