D E M O C R A C Y   I N D E X

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ინსპექტორის არჩევას ეხმაურება
2020-01-23

გვსურს გამოვეხმაუროთ დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტზე ზურაბ აზნაურაშვილის არჩევის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას.  ზურაბ აზნაურაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თამარ ონიანის ყოფილი მაზლი და მოსამართლეთა კლანთან დაახლოებული პირია.

საზოგადოებას შევახსენებთ, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სასამართლო სისტემის მართვის სადავეები ხელში ჩაიგდო მოსამართლეთა იმავე ჯგუფმა - კლანმა, რომლის მეშვეობით წინა ხელისუფლება აკონტროლებდა სასამართლოს. აღნიშნულ კლანს აქვს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა ქართული ოცნების მხრიდან. 2012 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა კლანისადმი ლოიალურად განწყობილი 14 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაამტკიცა, რითაც კლანმა კონტროლი დაამყარა ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოზე.

დამოუკიდებელი ინსპექტორი სასამართლო ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი თანამდებობის პირია, რომელიც აწარმოებს მოსამართლეთა მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების გამოძიებას. შესაბამისად, ამ მაღალ თანამდებობაზე კლანთან დაახლოებული პირის დანიშვნა არის იმავე პოლიტიკის გაგრძელება რაც კლანის მიერ სასამართლო სისტემის სრულ გაკონტროლებას ემსახურება.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მიიჩნევს, რომ სასამართლოში არსებული კრიზისული ვითრება ფუნდამენტურ ცვლილებებს საჭიროებს, რაც მხოლოდ არსებული მდგომარეობის სიღმისეული შესწავლის და სათანადო პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი.   

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სფეროში ხანგრძლივი გამოცდილების მქონე იურისტებისგან შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია მართლმსაჯულების სისტემაზე მუდმივი დაკვირვება და რეფორმების გზით სისტემის გაჯანსაღება.